დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ბს-357(2კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 19 ივნისს კ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 მაისის #166 ბრძანებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის #002783 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, 2017 წლის 9 აგვისტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის მიერ კ. გ-ის მიმართ შედგენილ იქნა მითითება, რომლის მიხედვითაც, კ. გ-მა ნებართვის გარეშე განახორციელა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, შესასვლელ კართან მოაწყო ბაქანი, პანდუსი, ვიტრაჟი, ლითონის კარი, რეკლამები, სანათები და საჩრდილობები, ასევე ფართში მოაწყო ტიხრები, შელესა და შეღება კედლები, მოაპირკეთა იატაკის ფილა, გააუქმა კარის ღიობი და დაამატა საფეხურები. აღნიშნული საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ან სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად მას განესაზღვრა 20 დღე. 2017 წლის 16 აგვისტოს კ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, ...ის ქ. #27/...ის ქ. #15-ში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების მოთხოვნით, რაც 2017 წლის 22 აგვისტოს #3489144 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. 2017 წლის 8 სექტემბერს ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც, დადგინდა მოთხოვნების ნაწილობრივ შეუსრულებლობა. კერძოდ, დემონტირებულ იქნა ბაქანი, პანდუსი, რეკლამები, სანათები და საჩრდილობები. 2017 წლის 10 ოქტომბერს მერიაში მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაიმართა საქმის განხილვა, სადაც მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ და განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები, რაც მის მიერ იყო განხორციელებული დემონტირებულია, ხოლო დანარჩენი განხორციელებულია მამის მიერ.
2017 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ითხოვა განმარტება, შესაძლებელი იყო თუ არა მითითებულ მისამართზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება. პასუხში მითითებულ იქნა, რომ ვინაიდან მოცემულ მისამართზე განთავსებულ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ გააჩნდა, მას უფლება ჰონდა განეხორციელებინა მცირე სარემონტო სამუშაოები. 2017 წლის 7 ნოემბერს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა #002783 დადგენილება, რომლის თანახმად, მოსარჩელე დაჯარიმდა 4000 ლარით. მასვე დაევალა შესასვლელში მოწყობილი ვიტრაჟისა და ლითონის კარის, ფართში მოწყობილი ტიხრების, დამატებითი საფეხურების, შელესილ-შეღებილი კედლებისა და გაუქმებული კარის ღიობის დემონტაჟი. სარჩელის თანახმად, მიუხედავად ჯარიმის თანხის გადახდისა, 2017 წლის 24 ნოემბერს კ. გ-მა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული #00278 დადგენილება გაასაჩივრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც არ დააკმაყოფილა საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი კ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 მაისის #166 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის #002783 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამშენებლო სამართალდარღვევა დენად სამართალდარღვევას წარმოადგენს (იგი იწყება ქმედებით და გამოვლენამდე უწყვეტად ხორციელდება). ამასთან, დენადი სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, სახდელის დადების ვადა უნდა აითვალოს დარღვევის გამოვლენის დღიდან. შესაბამისად, პალატის მითითებით, განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა იმ გარემოებების შეფასება, რომლებიც მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას გამოვლინდა და შესაძლებელს ხდიდა აღნიშნული წარმოების დასრულებას სადავო აქტებში მითითებული შედეგისაგან განსხვავებულად. ამასთან, თუ უტყარად ვერ დგინდება, კონკრეტულად როდის განხორციელდა სადავო სამშენებლო სამუშაოები, ასეთ შემთხვევაში ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სამართალდამრღვევის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ფუნებით, დენადია, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, თუკი მხედველობაში იქნებოდა მიღებული, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო მოსარჩელის გარდაცვლილი მამის მიერ, მოსარჩელე, როგორც მესაკუთრე ვალდებული იყო სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებაზე.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, სასამართლომ გამოსაკვლევ გარემოებად მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იმის დადგენა, თუ როდის და ვის მიერ იქნა განხორციელებული დაჯარიმების საფუძვლად გამხდარი სამშენებლო სამუშაოები. მოსარჩელე თავადაც ადასტურებდა გარდაცვლილი მამის მიერ მოცემულ სამუშაოთა განხორციელებას, თუმცა სამშენებლო სამუშაოთა განხორციელების ფაქტის კანონიერების დამადასტურებელ მტკიცებულებას ვერ უთითებდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარის ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება უტყუარად არ მიუთითებდა მოცემული ფაქტის უტყუარობაზე. კასატორის განმარტებით, საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს თუნდაც დადასტურებულად მიეჩნია სამშენებლო სამუშაოების კ. გ-ის გარდაცვლილი მამის მიერ განხორციელების ფაქტი, გარდაცვლილი ადამიანის მიმართ შეუძლებელია საქმის წარმოების დაწყება და შესაბამისად, მის მიმართ დადგენილება ვერ გამოიცემა. მოსარჩელის მითითების მიუხედავად, ვერ მოხდებოდა სამართალდამრღვევი პირის დადგენა, შესაბამისად, მშენებლობის მწარმოებელი პირი დაუდგენლად უნდა მიჩნეულიყო, რაც იძლეოდა მიწის ნაკვეთი მესაკუთრეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
კ. გ-ის მიმართ შედგენილი 2017 წლის 9 აგვისტოს #002783 მითითებით დგინდება, რომ კ. გ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ. #27-ში ...ის მხრიდან (ს/კ ...) თაღის (არკის) ტერიტორიაზე განხორციელებულია უნებართვო სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, მოწყობილია კომერციული ფართი. შესასვლელ კართან მოწყობილია ბაქანი, პანდუსი, ვიტრაჟი, ლითონის კარი, რეკლამები, სანათები და საჩრდილობელი. კომერციულ ფართში მოწყობილია ტიხრები, შელესილ-შეღებილია კედლები, მოპირკეთებულია იატაკის ფილა, გაუქმებულია კარის ღიობი და დამატებულია საფეხურები. დარღვევის გამოსწორების მიზნით, კ. გ-ს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
შემოწმების აქტის თანახმად, კ. გ-ის მიერ სრულად არ შესრულდა მითითებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, დემონტირებულია ბაქანი, პანდუსი, რეკლამები, სანათები და საჩრდილობლები. დანარჩენი დარღვევები არ გამოსწორებულა.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის #002783 სადავო დადგენილებით კ. გ-ი დაჯარიმდა 4 000 ლარით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის (მოწყობილია კომერციული ფართი, შესასვლელ კართან მოწყობილია ვიტრაჟი და ლითონის კარი, კომერციულ ფართში მოწყობილია ტიხრები, შელესილ-შეღებილია კედლები, მოპირკეთებულია იატაკის ფილა, გაუქმებულია კარის ღიობი და დამატებულია საფეხურები). კ. გ-ს დაევალა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჯარიმის გადახდა.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.2 მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. ამავე ნორმის შენიშვნის შესაბამისად: 2. გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა 2017 წლის 10 ოქტომბრის #002783 ოქმი, რომლის თანახმად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მის მიერ იყო განხორციელებული, დემონტირებულია. მოსარჩელემ ასევე განაცხადა, რომ ობიექტი მიიღო მემკვიდრეობით მამისგან და ყველა სამშენებლო სამუშაო, რაც დარჩენილია, მოწყობილია მამის სიცოცხლეში. ასევე მიუთითა, რომ დემონტირებულია ბაქანი, პანდუსი, რეკლამები, სანათები, საჩრდილობელი, დარჩენილია მხოლოდ ვიტრაჟი, რომელიც ძველია, მოწყობილია 2007 წლამდე, ამასთან, განაცხადა, რომ ის არ იყო მოწყობილი მის მიერ. რაც შეეხება ფართში მოწყობილ კედლებს და განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს აღნიშნა, რომ მისი ობიექტი არ არის ძეგლი, ძეგლია მხოლოდ შენობის ნაწილი და შესაბამისად, ნებართვას არ საჭიროებს რემონტი და ტიხრების გადაადგილება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 მაისის #166 სადავო ბრძანებაში მითითებულ შემდეგ გარემოებაზე - „განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დგინდება, თუ კონკრეტულად როდის განხორციელდა სადავო სამშენებლო სამუშაოები“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ შეუფასებია, როდის და ვის მიერ იქნა განხორციელებული სამშენებლო საქმიანობა და რა სამართლებრივ რეგულაციაში ხვდებოდა ის. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კვლევის საგანი არ ყოფილა, განხორციელებული სამუშაოები საჭიროებდა თუ არა საერთოდ მშენებლობის ნებართვას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა