საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 186-აპ 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,დ. სულაქველიძე
განიხილა დაზარალებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინებაზე, რომლითაც უარი ეთქვა სააპელაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 თებერვლის განაჩენით ვ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ და დაენიშნა: სსკ-ს 120-ე მუხლით _ ჯარიმა 150 დღიური ანაზღაურებით, დღიური მინიმალური ანაზღაურების 2 ლარის შესაბამისად, 300 ლარის ოდენობით და სსკ-ს 151-ე მუხლით _ ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურებით, დღიური მინიმალური ანაზღაურების 2 ლარის შესაბამისად, 200 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, სსკ-ს 59-ე მუხლის შესაბამისად, ვ. ე-ს დაენიშნა ჯარიმა 200 დღიური ანაზღაურებით, ჯარიმის დღიური მინიმალური ანაზღაურების 2 ლარის შესაბამისად, 400 ლარის ოდენობით.
2002წ. 6 ივლისს დაზარალებულმა დ.კულახსზიანმა განცხადებით მიმართ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის დადგენილებით დ.კ-ს უარი ეთქვა განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.
აღნიშნულ დადგენილებაზე დაზარალებულმა დ.კ-მა 2002წ. 29 ივლისს (კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით) კერძო საკასაციო საჩივარი შეიტანა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, რის საფუძველზეც საქმე გაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ნოემბრის განჩინებით დ.კულახსზიანის კერძო სააპელაციო საჩივარი, მისი შეტანის ვადის კანონიერების გარკვევის მიზნით, საქმესთან ერთად დაუბრუნდა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 მარტის დადგენილებით დ.კ-ს კერძო სააპელაციო საჩივარი ჩაითვალა ვადის დაცვით შეტანილად და საქმე განსახილველად გაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინებით დ.კ-ს კერძო სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის დადგენილება დარჩა უცვლელად.
დაზარალებული დ.კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალტის 2003წ. 16 მაისის განჩინების გაუქმებას და მისი კერძო სააპელაციო საჩივრის განხილვას იმ მოტივით, რომ მას სააპელაციო გასაჩივრების ვადა არ გაუშვია.
პროკურორი ა.ს. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს საოლქო სასამართლოს 2003წ. 16 მაისის განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ვ.ელიზბარიანის მიმართ განაჩენი გამოიტანა 2002წ. 11 თებერვალს. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდნენ როგორც მსჯავრდებული ვ.ელიზბარიანი, ასევე დაზარალებული დ.კ., რომლებასაც განემარტათ განაჩენის გასაჩივრების წესი და ვადა. დ.კ-ს განაჩენი კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია და არც გასაჩივრების ვადის აღდგენის მოთხოვნის შესახებ განცხადებაში აღნიშნული ვადის გაშვების საპატიო მიზეზი არ მიუთითებია.
რაც შეეხება დაზარალებულ დ.კ-ს მიერ 2002წ. 21 თებერვალს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში შეტანილ განცხადებას, აღნიშნული ეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სააპელაციო საჩივრად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა კერძო სააპელაციო საჩივრის მოტივები და დ.კ-ს სწორად უთხრა უარი სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინება, რომლითაც დ.კ-ს უარი ეთქვა სააპელაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინება, რომლითაც დ. კ-ს უარი ეთქვა სააპელაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.