საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 18.09.2003
საქმის ნომერი
2კ-188აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 188-აპ 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი

განიხილა თბილისის პროკურატურის პროკურორ თ.შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის განაჩენზე ზ. კ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მარტის განაჩენით ზ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით ჯ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 375-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ს 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის განაჩენით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მარტის განაჩენი ზ. კ-ს მიმართ შეიცვალა სასჯელის ნაწილში და სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ზ.კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ხოლო ჯ.ჭეჟიამ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა, წინასწარ შეუპირებლად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2002წ. 2 მარტს, დაახლოებით 11 საათზე, ზ. კ-მა აივნიდან უკანონოდ შეაღწია მოქალაქე ბ. წ-ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ... ქ.თბილისში, საიდანაც ფარულად გაიტაცა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ფერადი ტელევიზორი “გრუნდინგ ელეგანტი” სტ-70, ღირებული 1.500 ლარად; ბროლის საარყე სერვიზი ერთი დოქითა და ექვსი ჭიქით, ღირებული 50 ლარად; ორი ცალი ნათლობის ოქროს ჯვარი თავისივე ოქროს ძეწკვებით, ღირებული 100 ლარად; ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით, ღირებული 860 ლარად და ფული _ 52 ლარი, რითაც დაზარალებულ ბ.წ-ს სულ მიაყენა 2.562 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ზ.კ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის მეგობარ ჯ. ჭ-ს, რომლის დახმარებითაც სცადა დაქირავებული ტაქსით ნაქურდალი ნივთების გადამალვა, მაგრამ ისინი იმავე დღეს დააკავეს ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, რა დროსაც ამოიღეს 1.852 ლარის ღირებულების ნივთები.

თბილისის პროკურატურის პროკურორი თ.შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ.კ-ს მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის იმ მოტივით, რომ ზ.კ-სთვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაიონული სასამართლოს მიერ მას შეფარდებული ჰქონდა წარდგენილი ბრალდებისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი და მის მიმართ სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის კიდევ შემსუბუქება უსაფუძვლოა; იგი არის 26 წლის ჩამოყალიბებული პიროვნება და შეგნებული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე.

პროკურორი ა.ს. მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ზ.კ-სთვის დანიშნული სასჯელის ზომა შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ.კ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით; დაზარალებულს მიყენებული ზიანი ნაწილობრივ აუნაზღაურდა და იგი მსჯავრდებულის მკაცრად დასჯას არ ითხოვს; ზ.კ. გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია; მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად; მისი ოჯახი იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში; მამა თერთმეტი წლისას გარდაეცვალა, ხოლო დედა ქვეყნიდან გასულია და მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არა აქვს; ჰყავს უმცროსი ძმა, რომელიც მის კმაყოფაზე იმყოფება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ზ.კ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენების შესახებ და მიაჩნია, რომ, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს სასჯელის ზომად სწორად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის განაჩენი ზ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.