კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 23.09.2003
საქმის ნომერი
2კ-188დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 188-დად 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,დ. სულაქველიძე

განიხილა მ.ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ.თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც სამტრედიის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის 2003წ. 13 ივნისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ უცვლელად იქნა დატოვებული.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 14 თებერვალს სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ.მოსკოვის ფირმა "კრონას" გენერალური დირექტორის მ. ხ.-ვ-ს მიერ ტელეკომპანია "გურიას" გენერალური დირექტორის მ. ს-სათვის გადაცემული 10000000 მანეთის ხარჯვის კანონიერებაზე. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ 1991 წელს ტელეკომპანია "გურია" წარმოადგენდა ტელეკომპანია "იბერვიზიის" ფილიალს, რომლის დირექტორად დანიშნული იყო მ. ს.. მან 1991წ. 2 დეკემბერს რეგისტრაციაში გაატარა დამოუკიდებელი ტელეკომპანია "გურია". მ. ს-ეს სურდა რა დაუფლებოდა 10 მილიონ მანეთს, ნდობის ბოროტად გამოყენებითა და მოტყუებით, როგორც იურიდიულმა პირმა და "გურიის" ხელმძღვანელმა, გააფორმა კონტრაქტი ქ.მოსკოვის ფირმა "კრონას" ხელმძღვანელ მ.ვ-სთან. რუსული მხარისათვის იმ დროს არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ მ.ს., როგორც იურიდიული პირი, არ იყო უფლებამოსილი, დაედო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთობლივი კომერციული საქმიანობისათვის მ.ვ-ს უნდა გადაეცა მ.ს-სათვის ათი მილიონი მანეთი. "გურია" კი ვალდებული იყო მიღებული თანხა გამოეყენებინა მიზნობრივი დანიშნულებით, ხოლო სხვა მიზნით სახსრების გამოყენებისათვის აუცილებელი იყო "კრონას" ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა. მ.ს. ვალდებული იყო ერთობლივი საქმიანობიდან მიღებული მოგების 50%, ყოველკვარტალურად გადაერიცხა "კრონასათვის". ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წლით. მ. ვ-ს განმარტებით, მ.ს-მ იგი თავიდანვე მოატყუა, დაიმსახურა მისი ნდობა და დაეუფლა ათ მილიონ მანეთს. გამოძიებამ მოიპოვა 1991 წელს "კრონას" გენერალურ დირექტორ მ.ვ-ს მიერ მ.ს-სათვის გადაცემული ათი მილიონი მანეთის ხარჯვის სხვადასხვა საბუღალტრო დოკუმენტაცია და ჩატარებული საბუღალტრო ესქპერტიზით აღნიშნული დადასტურდა.

2003წ. 9 მაისს მ. ს.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ს 153-ე მუხლის II ნაწილით (1960წ. სს კოდექსი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. წარდგენილ ბრალდებაში მან თავი ცნო დამნაშავედ და ითხოვა 1992წ. 27 თებერვლის ამნისტიის აქტის გამოყენება და გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია მ.ს-ს მიერ 1991წ. 10 ოქტომბერს სსკ-ს 153-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – თაღლითობის ჩადენა, ე.ი. მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით ფირმა "კრონას" გენ.დირექტორ მ.ვ-ს მიერ გადაცემული ათი მილიონი მანეთის დაუფლება და ხელშეკრულების პირობების დარღვევა. 2003წ. 12 ივნისს, მ.ვასილევას სარჩელის უზრუნველსაყოფად, მ.ს-ს ქონებას დაედო ყადაღა.

გამოძიების მიერ, სსსკ-ს 28-ე მუხლის I ნაწილის "თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. ს-ს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, 1992წ. 27 თებერვლის ამნისტიის აქტის საფუძველზე.

კასატორი – მ.ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი, ვ.თ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისისა და სამტრედიის რაიონის პროკურატურის 2003წ. 13 ივნისის დადგენილებების გაუქმებას და მ. ს-ს მიმართ საქმეზე გამოძიების განსაახლებლად საქართველოს პროკურატურისათვის დაბრუნებას.

მ.ვ-ს რწმუნებული ნ.ა. ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 10 ივლისის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ვ.თ-მ ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. მ. ს-მ მხარი დაუჭირა ადვოკატის მოთხოვნას.

მ.ვ-ს რწმუნებულმა ნ.ა-მ შეცვალა პოზიცია და ითხოვა რაიონული სასამართლოს 10 ივლისის დადგენილების გაუქმება და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება, რასაც დაეთანხმა მ.ვ.ა.

პროკურორი ვ.შ. ითხოვს რაიონული სასამართლოს 10 ივლისის დადგენილების გაუქმებას და მ.ს-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამტრედიის რაიონული პროკურატურის 2003წ. 13 ივნისის დადგენილებით მ. ს-ს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ქ.მოსკოვის ფირმა "კრონას" გენერალური დირექტორის მ. ვ-ს კუთვნილი ათი მილიონი მანეთის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, შეწყდა მ.ს-ს მოთხოვნით, 1992წ. 27 თებერვლის ამნისტიის აქტის საფუძველზე.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მ. ს. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული 2003წ. 9 მაისს, სსკ-ს 153-ე (1960წ. კოდექსი) მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული თაღლითობის ჩადენისათვის და დაიკითხა ბრალდებულის სახით. ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმიდან, რომელიც არასრულყოფილადაა ნაწარმოები, გაურკვეველია, ბრალდების რა ნაწილში ცნო მან თავი დამნაშავედ. დაკითხვის ოქმში მან მიუთითა, რომ ფირმა "კრონასთან" ურთიერთობის შესახებ თანხის ხარჯვის ნაწილში თავის პოზიციას, რომელიც წინა ჩვენებებში ჩამოაყალიბა, დღესაც ადასტურებს. თუმცა, იმავე დღეს განცხადებით მიმართა გამოძიების ორგანოს, სადაც მიუთითა, რომ თავს მთლიანად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალებაში და ითხოვს ამნისტიის აქტის გამოყენებას.

მოკვლევისა და წინასწარი გამოძიებისას, კერძოდ, 2002წ. 27 თებერვალს მიცემულ ახსნა-განმარტებაში, 2003წ. 24 მარტს მოწმის სახით დაკითხვის ოქმში, მ.ვასილევასა და მ.ს-ს დაპირისპირების ოქმში მ.ს-მ უარყო თაღლითობით თანხის – ათი მილიონი რუსული მანეთის მიღების ფაქტი.

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოს დადგენილების მოტივაციას იმის შესახებ, რომ მ.ს-მ აღიარა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რადგან გამოძიების მიერ მას განემარტა წარდგენილი ბრალდების შინაარსი, რაც მან ხელმოწერით დაადასტურა. ამნისტიის აქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ თანხმობა პირს არ უკარგავს უფლებას, მოითხოვოს საქმეზე გამოძიების გაგრძელება მისი დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხის გადასაწყვეტად, ვიდრე არ გასულა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მ.ს-ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა 1992წ. 27 თებერვლის ამნისტიის აქტის საფუძველზე, რომელიც მ.ს-ს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, უნდა გაუქმდეს და განახლდეს გამოძიება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 242-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილება სამტრედიის რაიონის პროკურატურის 2003წ. 13 ივნისის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების ძალაში დატოვების შესახებ და სისხლის სამართლის საქმე გამოძიების განსაახლებლად დაუბრუნდეს გენერალურ პროკურატურას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.