საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 18.09.2003
საქმის ნომერი
2კ-202დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 202-დად 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ რ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მისი ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის განაჩენით რ. ბ. მსჯავრდებულია სსკ-ს 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისჯილი აქვს ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. შეფარდებული სასჯელის ნახევარი მოიხადა 2003წ. 1 ივლისს. 4 ივლისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა სასჯელის მოხდისაგან რ. ბ-ს პირობით ვადამდე გათავისუფლება. რაიონულმა სასამართლომ წარდგინება არ დააკმაყოფილა.

კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა წარდგინება.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა სასამართლოს დადგენილების კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: “მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა”. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ვერ მივიდა იმ რწმენამდე, რომ მსჯავრდებული რ. ბ. გამოსწორებულია და საჭირო აღარ არის სასჯელის შემდგომი მოხდა. ამის თაობაზე ვერც კერძო საკასაციო საჩივარი მიუთითებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბოლო დანაშაულის ჩადენამდე რ. ბ. ორჯერ იქნა მსჯავრდებული ძარცვისა და ქურდობისათვის, მაგრამ პირველი გასამართლების დროს სასჯელის მოხდა გადაევადა, ხოლო მეორე შემთხვევაში სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების შედეგად. მიუხედავად ამისა, მან კვლავ ჩაიდინა ქურდობა. ასეთ ვითარებაში სასჯელის მოხდის ის მოკლე ვადა, რომელიც რ. ბ-მა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა, აშკარად არასაკმარისია გამოსწორებულად მისი მიჩნევისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილება რ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.