საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 205-აპ 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა დაზარალებულ ბ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ო. კ-ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 მარტის გამამართლებელი განაჩენი და იმავე თარიღის განჩინებაზე, რომელიც გაეგზავნა ქალაქ ფოთის პროკურორს ბ. ს-სა და პ. ი-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
საკასაციო საჩივარი ითხოვს ზემოაღნიშნული განაჩენისა და განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით ო. კ-ს ბრალი ედებოდა იმაში, რომ 2002წ. 21 ოქტომბერს მასთან სახლში მისულ ბ. ს-ს დავისა და ჩხუბის დროს გულმკერდისა და მუცლის არეში დანის სამჯერ დარტყმით განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ფოთის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 20 მარტის განაჩენით მიიჩნია, რომ ო. კ. ბ. ს-ზე მძიმე დაზიანების მიყენების დროს იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და ამ მოტივით ის გაამართლა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულმა და პროკურორმა.
სააპელაციო სასამართლომ საჩივრები არ დააკმაყოფილა და ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად. ამასთან, განჩინებით მიმართა ქ. ფოთის პროკურორს დაზარალებულ ბ. ს-სა და მოწმე პ. ი-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული განაჩენისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად და საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ობიექტური გამოკვლევის გარეშე, სასამართლო სხდომებზე ვერ იქნა აღმოფხვრილი საქმეში არსებული წინააღმდეგობანი, რამაც განაპირობა უკანონო გამამართლებელი განაჩენისა და უსაფუძვლო განჩინების დადგენა.
გამართლებულ ო. კ-ს შესაგებელი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენისა და განჩინების უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ბ. ბ-მ და კასატორმა ბ. ს-მ ითხოვეს საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ბ. გ-მ.
გამართლებული ო. კ. პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორს, ადვოკატსა და პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის თაობაზე სსსკ-ს მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც საბრალდებო დასკვნა და სასამართლო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ეყრდნობა მათ ავტორთა ვარაუდებსა და მოსაზრებებს და არა _ ურთიერთშეჯერებულ უტყუარ მტკიცებულებებს. წინასწარი გამოძიების არასრულყოფილებისა და ბუნდოვანობის ნათელი დასტურია ქ. ფოთის პროკურატურის გამომძიებლის 2002წ. 7 დეკემბრისა და 2003წ. 10 იანვრის დადგენილებები “შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის” და “სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ”. ზემოაღნიშნულ დადგენილებებში გამომძიებელი მიუთითებს: “მართალია, ბ. ს-ს ო. კ-ამ დანით გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, მაგრამ ეს გამოწვეული იყო თვით დაზარალებულ ბ. ს-ს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. ბ. ს., რომელიც ფიზიკურად გაცილებით ძლიერი და ახალგაზრდაა მეორე ჯგუფის ინვალიდ ო. კ-სზე, შეიჭრა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, მიამწყვდია კედელთან და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხელს ურტყამდა გულმკერდის არეში და ახრჩობდა. მიუხედავად ა. პ-ს მცდელობისა, მანაც ვერ შეძლო ბ. ს. მოეშორებინა ო. კ-სათვის და ამ უკანასკნელმა ბ. ს-ს მოგერიების მიზნით, ვინაიდან არ ჰქონდა სხვა საშუალება, აიღო მაგიდაზე დადებული დანა და დაიწყო მისი ქნევა ბ. ს-ს მიმართულებით. სწორედ ამ დროს მიიღო ამ უკანასკნელმა დაზიანებები”. მეორე დადგენილებაში მითითებულია: “ბ. ს-მ ო. კ-ს დაუწყო გინება, დაემუქრა მოკვლით, დაუწყო ცემა და დახრჩობა. ო. კოსტავა ცდილობდა თავიდან მოეშორებინა ფიზიკურად მასზე ძლიერი და ახალგაზრდა ბ. ს., რაც ვერ შეძლო. ასევე ეს ვერ მოახერხა ო. კ-ს ყვირილზე დასახმარებლად მოსულმა ა. პ-მ. ო. კ. იმყოფებოდა რა მაგიდასთან ახლოს და ბ. ს. კვლავ განაგრძობდა მის ცემას, მან აიღო მაგიდაზე არსებული დანა და თავდაცვის მიზნით, ბ. ს-ს მოსაგერიებლად, დაიწყო მისი ქნევა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება გულმკერდისა და მუცლის არეში”.
ამრიგად, დადგენილებათა შინაარსი და მათი სარეზოლუციო ნაწილები აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგოა. გამოძიებას ობიექტურად არ გამოუკვლევია, შემთხვევის მომენტში ო. კ. მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, თუ მან გადააცილა ასეთი მოგერიების ფარგლებს. ახსნილი არ არის, რატომ დაკვალიფიცირდა მისი ქმედება სსკ-ს 117-ე მუხლით, გამოკვლეული და დადგენილი არ არის, ო. კ-ს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს მართლაც ემუქრებოდა თუ არა რეალური საფრთხე და სახელდობრ, რა. როდის მიაყენა ბ. ს-მ ფიზიკური შეურცხყოფა მას _ მოწმე ა. პ-ს შემოსვლამდე თუ შემდეგ. ო. კ-ს მართლაც თუ გააჩნდა რაიმე დაზიანება, რატომ არ იქნა ის სათანადო სპეციალისტის მიერ შემოწმებული, რა სიდიდისაა ოთახი, რომელშიაც შემთხვევა მოხდა, სად იდგა მაგიდა და ბ. ს-საგან “კედელზე მიჯაჭვულმა კოსტავამ” როგორ მოახერხა მაგიდიდან დანის აღება (მით უმეტეს, რომ ეს არავის შეუნიშნავს), შეიძლებოდა თუ არა კედელზე მიკრული ო. კ-ს მიერ დანის ქნევით (როგორც ამას თვითონ აღწერს) სარალიძეს იმ ადილებში და ის დაზიანებები მიეღო, როგორიც მას აღმოაჩნდა, შემთხვევის მომენტში ხომ არ იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რომელიმე ან ორივე, რა მიზეზით არის ო. კ. მეორე ჯგუფის ინვალიდი. საყურადღებოა, რომ გამოძიებამ საერთოდ არ დაკითხა მომხდარი ფაქტის თავიდან ბოლომდე მნახველი ერთადერთი მოწმე პ. ი. და არ მოახდინა მისი დაპირისპირება მხარეებთან, არ შეაფასა მისი როლი კონფლიქტის წარმოშობაში. გამოძიებამ არ აღმოფხვრა წინააღმდეგობანი ბრალდებულ ო. კ-ს და მოწმე ა. პ-ს ჩვენებებს შორის. ბრალდებულად დაკითხვის დროს ო. კ-მ აჩვენა: “როდესაც ჩემი დაძახების გამო მეზობელი ა. პ. ჩვენთან შემოვიდა, ბ-მ დააგდო ბადე და ხელი დამარტყა გულმკერდის არეში. მე წავიქეცი იატაკზე, წამოვვარდი და მაგიდაზე დადებულ დანას წავავლე ხელი. მაშინ, როდესაც იგი მოიწევდა ჩემსკენ, თავდაცვის მიზნით მე მას დავარტყი დანა რამდენჯერმე”. დაახლოებით ასეთივე ჩვენება მისცა გამოძიებას პირველი დაკითხვის დროს მოწმე ა. პ-მ, მაგრამ მეორე გამომძიებელთან დაკითხვის დროს აჩვენა, რომ ბ. ს-მ სცემა ო. კ-ს, მიამწყვდია კედელთან, არ აძლევდა იქიდან გამოსვლის საშუალებას და არ უშვებდა ხელს. სასამართლოში კი მოწმე პ-მ განმარტა, რომ ბ. ს. ახრჩობდა ო. კ-ს.
ასეთ ვითარებაში, როცა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი სრულყოფილად გამოკვლეული და დადგენილი არ იყო, სასამართლოს არ უნდა მიეღო არსებითი გადაწყვეტილება განსასჯელის გამართლებისა თუ დასჯის თაობაზე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ზემოაღნიშნულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და სწორი იურიდიული შეფასების შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულ ბ. სარალიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის განაჩენი ო. კ-ს მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს ქ. ფოთის პროკურატურას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.