საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 18.09.2003
საქმის ნომერი
2კ-207აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 207-აპ 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 2 მაისის განაჩენში, კერძოდ: გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 128-ე მუხლით. ერთობლივად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2002წ. 24 აგვისტოდან იმავეწ. 5 სექტემბრამდე პატიმრობაში გატარებული დრო.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:

გ. კ. 2002წ. 8 მარტს, საღამოს საათებში (20 საათიდან 20 საათსა და 30 წუთამდე დროის ინტერვალში), მთვრალი, გადაჭარბებული (120 კმ-მდე საათში) სიჩქარით მართავდა მოქალაქე გ. ყ-ს პირადი საკუთრების “ვაზ-21099” მარკის “სსს-113” სახელმწიფო ნომრის მსუბუქ ავტომანქანას, რა დროსაც ქ. ქუთაისში, ლადო ასათიანის გამზირზე, ჭავჭავაძის გამზირიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრავმა, უხეშად დარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 20.9 (მძღოლს ეკრძალება ავტომანქანის მართვა მთვრალ მდგომარეობაში), 29.1-ე (მძღოლი ვალდებულია გარემო პირობების შესატყვისად შეარჩიოს ისეთი სიჩქარე, რომ მოძრაობისათვის დამაბრკოლებელი გარემოების, საფრთხის შექმნის შემთხვევაში მიიღოს საჭირო ზომები, რათა შესძლოს სიჩქარის შემცირება სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე) და 30.2-ე (მძღოლს ეკრძალება თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის მარჯვენა მხრიდან გადასწრება) მუხლების მოთხოვნები და მთვრალ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას გაუსწრო მარჯვენა მხრიდან, რა დროსაც შეეჯახა ქვეითად მოძრავ მოქალაქე თ. დ-ს, რომელმაც დაჯახების შედეგად _ თავის ტვინის მძიმე დაჟეჟილობის, მარჯვენა ლავიწის ძვლის, მენჯის, ხელისა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობის სახით _ მიიღოO ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამასთან, მსჯავრდებულმა გ. კ-მა, მისივე ბრალეული მოქმედების შედეგად სოცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებული თ. დ-ს არ გაუწია აშკარად გადაუდებელი დახმარება, რაც მას შეეძლო თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შეუქმნელად და არც სხვას შეატყობინა ასეთი საჭიროების შესახებ. არ გააჩერა ავტომანქანა, მიატოვა დაშავებული შემთხევის ადგილზე და შეეცადა მიმალულიყო, მაგრამ დაკავებულ იქნა საგზაო-საპატრულო პოლიციის ოპერატიული სამსახურის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გ. კ. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ შეფარდებული სასჯელი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეეცვალოს პირობით, სათანადო საგამოცდო ვადის დაწესებით. მიუთითებს, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებული გ. კ. არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო საქმის განხილვის თარიღი.

პროკურორმა ბ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულ გ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული. პროკურორმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გ. კ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის ერთობლივი მასალებით და თვით გ. კ-ს აღიარებითი ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული მსჯავრდებულ გ. კ-ს მიერ ჩადენილ ქმედებას. სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებული გ. კ. ავტომანქანას მართავდა ალკოჰოლური სიმთვრალის პირობებში, განავითარა გადაჭარბებული სიჩქარე, უხეშად დაარღვია გზებზე მოძრაობის წესების მოთხოვნები, მოახდინა არასწორი გასწრება და შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო მძიმე დაზიანება. ამასთან, შეჯახების შემდეგ არ აღმოუჩინა დაზარალებულს არავითარი დახმარება და შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც დაკავებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ.

ასეთ ვითარებაში მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად მკაცრ სასჯელად. საქმეში არ მოიპოვება არავითარი საფუძველი მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ სსკ-ს 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის განაჩენი გ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.