საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 208-აპ 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის განაჩენზე, რომლითაც წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის განაჩენი თ. გ-ს მიმართ სასჯელისა და კვალიფიკაციის ნაწილში დატოვებულ იქნა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის განაჩენით თ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით აწ გარდაცვლილ გ. ც-ს და თ. გ-ს სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულ მ. მ-ს სასარგებლოდ _ 660 ლარის, რ. ტ-ს სასარგებლოდ _ 1242 ლარის, მ. ფ-ს სასარგებლოდ _ 547 ლარის და ნ. ღ-ს სასარგებლოდ _ 1500 ლარის გადახდა.
განაჩენით თ. გ-ს მსჯავრი დაედო შემდეგში: მან პირთა ჯგუფთან ერთად, არაერთგზის ჩაიდინა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რითაც დაზარალებულებს: მ-ს, ტ-ს, ღ-სა და ფ-ს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თ. გ-მ პირთა ჯგუფთან _ აწ გარდაცვლილ გ. ც-სა და სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, დაზარალებულის მოძრავი ნივთის (პირუტყვის) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2002წ. 19 თებერვალს, ღამის საათებში, შეაღწია წყალტუბოს რაიონის სოფ. მაღლაკის ტერიტორიაზე დაზარალებულების: მ. მ-ს, რ. ტ-ს, ნ. ღ-ს, მ. ფ-ის საქონლის სადგომებში, სადაც ფარულად დაეუფლა მათ კუთვნილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, სულ 4000 ლარად ღირებულ ოთხ სულ ძროხას და 2 სულ ხარს, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის განაჩენით შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ დაზარალებულ მ. მ-ს კუთვნილი პირუტყვის ერთი სული ხარის ღირებულება განისაზღვრა 1000 ლარით, ხოლო ასანაზღაურებლად დაკისრებული სამოქალაქო სარჩელი _ 450 ლარით, დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თავის საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული თ. გ. უთითებს, რომ განაჩენი მის მიმართ არაკანონიერია, მას დანაშაული არ ჩაუდენია, იგი დარწმუნებული იყო, რომ პირუტყვი შესყიდული იყო მოსახლეობისაგან კანონიერი გზით, რამდენადაც მას აჩვენეს შესყიდვის ქვითარი, პოლიციაში მიყვანისას მას სცემდნენ და ისე მოაწერინეს ხელი ცარიელ ფურცლებზე, გამოძიებაც და სასამართლოც უსაფუძვლოდ არ იზიარებენ მის ჩვენებებს, მით უფრო, რომ არავითარი დანაშაულებრივი ქმედება არა აქვს ჩადენილი, ყველა სტადიაზე ცდილობდნენ, შეემცირებინათ მასთან ერთად მსჯავრდებულ ქაროსანიძის როლი მომხდარ დანაშაულში, სასამართლო პროცესები ჩატარდა უხეში პროცესუალური დარღვევებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული თ. გ. ითხოვს წყალტუბოს რაიონული და ქუთაისის საოლქო სააპელაციო სასამართლოების განაჩენების გაუქმებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატი თ. ა. მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს.
პროკურორი ა. ს. ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, თვლის, რომ განაჩენი თ. გ-ს მიმართ სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა თ. გ-ს ჩვენებები, რომელიც არათანმიმდევრულად აღწერს მომხდარ ფაქტს საქმის წარმოების სხვადასხვა სტადიაზე, სახელდობრ: ეჭვმიტანილად დაკითხვისას მან განმარტა, რომ დასთანხდა, მოპარული საქონლის გარეკვასა და დაკვლაში მოხმარებოდა თავის ახლობელსა და მოგვარეს _ თ. გ-ს და მისთვის უცნობ გ. ც-ს. მსჯავრდებულ გ. ც-სთან დაპირისპირებისას დაადასტურა, რომ მონაწილეობდა პირუტყვის ქურდობაში. შემთხვევის ადგილზე გაყვანისას მან აჩვენა, თუ კონკრეტულად საიდან, როგორ და რა ვითარებაში მოიპარა პირუტყვი სხვებთან თანამონაწილეობით.
ბრალდებულად დაკითხვისას თ. გ-მ განმარტა, რომ პირადად არ შეუღწევია საქონლის სადგომებში, იგი იდგა გარეთ, ამასთანავე, ბრალდების დანარჩენ ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მან მიუთითა, რომ არ იცის, რა გზით იყო მოპოვებული პირუტყვი. მან ნახა საბუთები და ამის შემდეგ მხოლოდ პირუტყვის გარეკვაში დაეხმარა გ. ც-ს და მის მოგვარე თა. გ-ს.
გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის განსხვავება თ. გ-მ ახსნა მასზე პოლიციის მუშაკების მხრივ ფიზიკური ძალადობით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალები გამოიკვლია ობიქტურად და სწორი იურიდიული შეფასება მისცა. განაჩენში ყველა მისი ჩვენება სათანადოდაა გაანალიზებული. აქედან გამომდინარე, თ. გ-ს მსჯავრდებას სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად და კანონიერად დაუდო საფუძვლად შემდეგი გარემოებები:
წინასწარ გამოძიებაში მიცემული თ. გ-ს ყველა ჩვენება, დადასტურებულია მისი ხელმოწერით (16-ჯერ), იგი გაყვანილია შემთხვევის ადგილზე და მრავალი პირის თანდასწრებით, რაც გამორიცხავდა მასზე ზეწოლასა და ფიზიკურ ზემოქმედებას, აქვს მიცემული ჩვენებები მისი თანამონაწილეობით პირუტყვის მოპარვის დეტალებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ყველა ჩვენებაში, თ. გ. ადასტურებს, რომ ქურდობაში მონაწილეობდა, თუმცა თვითონ განმარტავდა, რომ სადგომში უშუალოდ არ შესულა. ამ მიმართებით სავსებით სწორია განაჩენის პოზიცია, რომ ქურდობის თანაამსრულებლობა სახეზეა მაშინაც, როცა პირი გარედან ეწევა მეთვალყურეობას.
საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ თანმიმდევრულად, კანონის მოთხოვნათა დაცვით, არგუმენტირებულად გააბათილა თ. გ-ის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან დაღწევის მიზნით წამოყენებული ვერსიები და მის ქმედებას მისცა სწორი კვალიფიკაცია.
თ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის (მისი გამართლების) მოთხოვნით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა ეთანხმება განაჩენს, რომ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევას, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა თ. გ-ს ბრალეულობის გადაწყვეტაში, ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი გაზიარებული არ უნდა იქნეს, განაჩენი კი მის მიმართ, როგორც კანონიერი, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 12 ივნისის განაჩენი თ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.