კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 25.09.2003
საქმის ნომერი
2კ-210დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 210-დად 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა გარდაბნის რაიონის პროკურორის თანაშემწე ნ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა გარდაბნის რაიონის პროკურორის თანაშემწის 2002წ. 14 ოქტომბრის დადგენილება მ. ყურბან ოღლისა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა გენერალურ პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 22 სექტემბერს, გარდაბნის შს რაიგანყოფილების დიდი ლილოს ქვეგანყოფილებაში, სსსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მ. და კ. ც-ების მიმართ

ჩატარებული გამოძიებით პროკურატურამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2002წ. 21 სექტემბერს, დაბინდებისას, გარდაბნის რაიონის სამგორის მევენახეობის მეურნეობის მიმდებარე ტარიტორიაზე მამა-შვილი მ. და კ. ც-ები სანადირო თოფით შეიარაღებულნი თავს დაესხნენ ავტომანქანით გზად მიმავალ მ. ყ. ო-ს და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით სცადეს მისი კუთვნილი ქონების, ავტომანქანის, წართმევა. დანაშაულის ჩადენის დროს კ. ც-მ ავტომანქანის სალონში მოახდინა სანადირო თოფიდან გასროლა, ხოლო მ. ც-მ ქვით ჩაამტვრია ავტომანქანის წინა მარცხენა მინა და მსუბუქი დაზიანება მიაყენა მ. ყ. ო-ს. მიუხედავად ამისა, ვიდრე სროლით დაზიანებული მანქანა გაჩერდებოდა ეს უკანასკნელი მათ გაექცათ. დაახლოებით 20 მეტრის გარბენის შემდეგ, მან საშველად დაუძახა მინდორში მყოფ თავის ახლობლებს. თავდამხსელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ და შევიდნენ იქვე მახლობლად მდგარ ერთ-ერთ სახლში, რაც ნათლად დაინახა მ. ყ. ო-მ. ამ უკანასკნელმა მომხდარი ფაქტის შესახებ მობილური ტელეფონით შეატყობინა ახლობლებს, რომლებიც სასწრაფოდ მივიდნენ მითითებულ ადგილზე და ყველანი ერთად შევიდნენ იმ სახლში, რომელშიც თავდამსხმელები ეგულებოდათ. სახლში შესვლისთანავე მ. ყ. ო-მ შეიცნო თავდამსხმელები და ხელის დარტყმით მათ მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. სხვა პირებმა ოთახში იპოვეს ერთლულიანი სანადირო თოფი და მასრები.

მ. ყ. ო-ს თანმხლებმა პირებმა მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციის მუშაკებს გადასცეს როგორც მამა-შვილი ც-ები, აგრეთვე _ სანადირო თოფიც.

მ. და კ. ც-ები პროკურატურამ ყაჩაღობის ბრალდებით მისცა პასუხისგებაში და მოსამართლის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა პატიმრობა. ამასთან, იმის გამო, რომ პოლიციაში მიყვანისას მათ სხეულზე აღმოაჩნდათ დაზიანებები, პროკურატურამ ამ მიმართულებით ჩაატარა შემოწმება და მიიჩნია, რომ მ. ყ. ო-ს და მის თანმხლებ პირებს ხელისუფლების ორგანოში დამნაშავეთა წარსადგენად არ გადაუცილებიათ დამნაშავის შეპყრობის აუცილებელი ზომისათვის, არ დაურღვევიათ სხვისი საკუთრების ხელშეუხებლობა და არ ჩაუტარებიათ უკანონო ჩხრეკა, რის გამოც მათ მიმართ 2002წ. 14 ოქტომბერს გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება. აღნიშნული დადგენილება გარდაბნის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა მ. და კ. ც-ების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. უ-მ და მოქალაქე თ. ა-მ, რომლის სააგარაკე ბინაშიც დააკავეს მამა-შვილი ც-ები. საჩივარი განსახილველად დაექვემდებარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომლის 2003წ. 23 ივნისის დადგენილებით გაუქმდა გარდაბნის რაიონის პროკურორის თანაშემწის 2002წ. 14 ოქტომბრის დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა იმავე რაიონის პროკურორს.

გარდაბნის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ნ. მ-ს, საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 17 ივლისს გააუქმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 ივნისის დადგენილება და ადვოკატ ს. უ-სა და თ. ა-ს საჩივარი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 20 აგვისტოს კვლავ გააუქმა გარდაბნის რაიონული პროკურატურის 2002წ. 14 ოქტომბრის დადგენილება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალები გადასცა გენერალურ პროკურატურას.

კერძო საკასაციო საჩივრით გარდაბნის პროკურორის თანაშემწე ნ. მ. ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს დადგენილების გაუქმებასა და გარდაბნის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ი. ბ-ს 2002წ. 14 ოქტომბრის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

საჩივარში მითითებულია, რომ გარდაბნის რაიონის პროკურატურაში მ. და კ. ც-ების სხეულის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა ჩატარებულ იქნა სსსკ-ს მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. პროკურორის თანაშემწის თ. ბ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დასაბუთებული და კანონიერია.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. მ-მ მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ადვოკატმა ს. უ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატა ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოკვლევის დროს სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მ. და კ. ც-ების სხეულის დაზიანების, ნ. ა-ს ბინაში მ. ყ.-ო-ს და მასთან თანმხლები პირების შეჭრის ფაქტები, ასევე თ. ა-ს ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები _ მისი ბინიდან ნივთების და ფასეულობათა გატაცების შესახებ. მოკვლევის დროს უნდა შესრულდეს სასამართლოს სხვა მითითებებიც, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს დადგენილება დასაბუთებულია და კანონიერია. ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმების და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც გაუქმდა გარდაბნის რაიონის პროკურორის თანაშემწის ი. ბ-ს 2002წ. 14 ოქტომბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.