საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 217-დად 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურორის უფროსი თანაშემწის _ დ. ჭ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც ს. ტ. ვადამდე პირობით განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
საჩივარი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების ხელახლა განსახილველად სხვა მოსამართლისათვის გადაცემას.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის განაჩენით ს. ტ-ს, სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე-მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. შეფარდებული სასჯელის სამი-მეოთხედი მოიხადა 2003წ. 18 ივლისს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსანის ¹7 დაწესებულების დირექტორმა 2003წ. 29 ივლისს წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა სასჯელის მოხდისაგან ს. ტ-ს ვადამდე პირობით გათავისუფლება. სასამართლომ წარდგინება დააკმაყოფილა და ს. ტ. სასჯელის მთლიანი ვადის ამოწურვამდე 8 თვითა და 18 დღით ადრე პირობით გაათავისუფლა.
პროკურორის საჩივარი სასამართლოს დადგენილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმას, რომ “ს. ტ. სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული არ ყოფილა, რის გამოც მისი ვადამდე გათავისუფლება არასწორი და უსაფუძვლოა.”
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი სრულიად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას. აქცენტის გამახვილება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ს. ტ. არ იყო წახალისებული, არ მიუთითებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობაზე. მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებითა და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ირკვევა, რომ ს. ტ-ს მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამ-მეოთხედზე მეტი, სასჯელის მოხდის პერიოდში ხასიათდებოდა დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის 50 წელს გადაცილებული პიროვნება, ჰყავს ოჯახი და ქ. თბილისში გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი. ყოველივე ეს სასამართლოს აძლევდა საფუძველს მიეჩნია, რომ ს. ტ-ს გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამის საწინააღმდეგო რაიმე მოსაზრება პროკურორის საჩივარში მითითებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის დადგენილება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ ს. ტ-ს ვადამდე გათავისუფლების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.