კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 11.11.2003
საქმის ნომერი
2კ-33-I-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.11.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 33I 11 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა იმერეთის საოლქო პროკურორის უფროსი თანაშემწე მ.კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 აგვისტოს განჩინებაზე დ. მესხის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის განაჩენით დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის (1960წ. კოდექსი) მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით. მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და დაუწესდა გამოსაცდელი ვადა იმავე ხანგრძლივობით.

2003წ. 27 მარტს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა მ.ხ-მ წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა დ. მ-ს მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულება და პირობითი მსჯავრის გაუქმება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის დადგენილებითYარ დაკმაყოფილდა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის _ მ.ხ-ს წარდგინება დ. მ-ს მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული დადგენილება ქუთაისის საოლქო პროკურორმა თ.ჭ-მ გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 6 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა იმერეთის საოლქო პროკურორის კერძო სააპელაციო საჩივარი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის დადგენილება დ. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

იმერეთის საოლქო პროკურორის უფროსი თანაშემწე მ.კ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის დადგენილებისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 აგვისტოს განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარდგინებაში მოყვანილ და ორივე სასამართლო ინსტანციაში მისი განხილვის შედეგად დადგენილ უტყუარ ფაქტს იმის შესახებ, რომ პირობით მსჯავრდებული დ.მ., სასამართლო აღმასრულებლის მხრიდან არაერთი ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, არასაპატიო მიზეზით, ხანგრძლივად, 2002წ. 21 ნოემბრიდან 2003წ. 27 მარტამდე (ანუ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვამდე) არ გამოცხადებულა რეგისტრაციისათვის იმერეთის სააღსრულებო ბიუროში.

პროკურორი ე.ქ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ.მ-ხს პირობითი მსჯავრი შეეფარდა 15 წლის ასაკში ჩადენილი დანაშაულისათვის; პირობითი მსჯავრის პერიოდში დაამთავრა სკოლა; ჩაება შრომით საქმიანობაში, კერძოდ, “სერვისცენტრში” აითვისა მობილური ტექნიკის შემკეთებლის სპეციალობა; შექმნა ოჯახი და კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაული არ ჩაუდენია; საცხოვრებელი ადგილიდან ხასიათდება დადებითად.

სააღსრულებო ბიუროს პრობაციის სამსახურის სპეციალისტმა შ.კ-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას განმარტა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსჯავრდებული დ.მ. სარეგისტრაციოდ არ გამოცხადდა, მაგრამ ძირითადად იგი დანიშნულ დროს ყოველთვის ცხადდებოდა რეგისტრაციის გასავლელად; საეჭვო საქმიანობასა და კრიმინალებთან კავშირში იგი შემჩნეული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია დ.მესხის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმება და მის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდელი ნაწილის აღსრულება. პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 აგვისტოს განჩინება დ. მესხის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 აგვისტოს განჩინება დ. მპს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.