საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 28.10.2003
საქმის ნომერი
2კ-97კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 97-კოლ 28 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ბ. ლ-სა და მისი ადვოკატის ი. გ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 5 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 5 ივნისის განაჩენით ბ. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 120-ე და 187-ე მუხლის პირველი ნაწილებით _ თავისუფლების აღკვეთა 1-1 წლით, 108-ე მუხლით _ 12 წლით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 21 ნოემბრიდან.

განაჩენით ბ. ლ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

2001წ. 11 ნოემბერს ბაღდათის რაიონის სოფ.დიმში, მ. ლ-ს ოჯახში, ქალიშვილის _ რ. ლ-ს ქორწილის მეორე დღისადმი მიძღვნილ სუფრაზე მთვრალმა ა. ლ-მა თავის ბიძაშვილს, მ. ლ-ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ უკანასკნელს გამოესარჩლა ძმა, ასევე მთვრალი, ბ. ლ.. აღნიშნულის ნიადაგზე შელაპარაკდნენ რა ბ. და ა. ლ-ები, შეეცადნენ ერთმანეთისათვის მიეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა, რისი საშუალებაც არ მისცეს ოჯახის წევრებმა და მიწვეულმა სტუმრებმა. აღნიშნულის შემდეგ ა. ლ., მისი მეუღლე მ. ლ. ქალიშვილი მ. ლ., სიძე ზ. პ. და სიძის ძმა ზ. პ. წავიდნენ ა. ლ-ს სახლში, ხოლო ბ. ლ. მივიდა ქუჩაში მდგარ ნ. გ-ს კუთვნილ ავტომანქანასთან და მძღოლს სთხოვა სახლში წაყვანა. მიიღო რა უარი, განაწყენებულმა ბ. ლ-მა რამდენჯერმე მუშტის დარტყმით განზრახ დააზიანა ნ. გ-ს ავტომანქანის 50 ლარად ღირებული წინა საქარე მინა, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

აღნიშნულის შემდეგ ბ. ლ., მეზობლების ეზოების გავლით, სახლში მივიდა, ხოლო სასოფლო გზით სახლში მიმავალ მ. ლ-ს, ზ. პ-სა და ა. ლ-ს შორის ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან კვლავ დაიწყო კამათი, რაც ურთიერთშეურაცხყოფასა და მუქარაში გადაიზარდა. ხმაურზე შემთხვევის ადგილზე თავდაპირველად მივიდნენ ი.ე, დ. და მ. ლ-ები და ამ უკანასკნელის ცოლის ძმა გ. მ., შემდეგში კი _ ორი დანით შეიარაღებული ბ. ლ.. ი. და მ. ლ-ებმა და გ. მ-მა ცემა დაუწყეს ჭიშკართან მდგარ ზ. პ-ს. შემდეგში ჩხუბში ჩაერთო ა. ლ.. ჩხუბის დროს ბ. ლ-მა ა. ლ-ს ზურგის არეში დანის ორჯერ ჩარტყმით მიაყენა სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ჩხუბში ჩაერია ასევე ზ. პ., რა დროსაც მას სახეში ხელი გაარტყა ი. ლ-მა. ზ. პ-ს საპასუხო დარტყმის შედეგად ი. ლ. წაიქცა. ამის დანახვაზე ბ. ლ-მა შურისძიების მიზნით განიზრახა ზ. პ-ს მოკვლა და დანა მოკვლის მიზნით ჩაარტყა გულმკერდის მარცხენა ნახევრის წინა ზედაპირში, რითაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ბ. ლ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და მკვლელობის ეპიზოდში საქმის წარმოებით შეწყვეტას. საჩივარში მითითებულია, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული მტკიცებულებები ბ. ლ-ს ბრალდების დასადასტურებლად. ამიტომ ამ ეპიზოდში სასამართლოს უნდა დაედგინა გამამართლებელი განაჩენი.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა შ. კ-მ მოითხოვეს საჩივრის დაკმაყოფილება. მსჯავრდებულმა ბ. ლ-მა აღნიშნა, რომ მას დანა არ დაურტყამს ზ. პ-სათვის. თუმცა არ უარყო, რომ შემთხვევის მომენტში ჰქონდა დანა და იქნევდა.

სახელმწიფო ბრალმდებლის მხარდამჭერმა პროკურორმა ბ. გ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. განაჩენი ბ. ლ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ბ. ლ-ს განცხადებას, რომ თითქოს ზ. პ-ს მკვლელობა არ ჩაუდენია და უკანონოდ არის დასჯილი. წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის _ ა. ლ-ს, ზ. პ-ს, ნ. ლ-ს ჩვენებებით უდავოდ არის დადასტურებული მსჯავრდებულ ბ. ლ-ს მიერ ზ. პ-ს მკვლელობის ჩადენის ფაქტი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ. პ-ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, რაც გამოიწვია გულმკერდში შემავალმა ნაკვეთ-ნაჩხვლეტმა ჭრილობამ.

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბ. ლ-ს მართლსაწინააღდმეგო ქმედებას. ამასთან, გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის პიროვნება, დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, პასუხისმგებლობების შემსუბუქებული გარემოებები _ მსჯავრდებულის ნებაყოფლობითი გამოცხადება საგამოძიებაო ორგანოში, დანაშაულის ჩადენა შემთხვევით მომხდარ გარემოებათა გამო, სასჯელი განუსაზღვრა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო. განაჩენი ბ. ლ-ს მიმართ დასაბუთებული და კანონიერია. ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 5 ივნისის განაჩენი ბ. ლ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.