საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.12.2003
საქმის ნომერი
2კ-145კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 145-კოლ 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენასი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი

განიხილა გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორ კ. ც-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 9 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხ. ი. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 2003წ. 9 ოქტომბერს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით ხ. ი-ს ბრალი დაედო იმაში, რომ მან 2002წ. 3 აგვისტოს საქართველოს მოქალაქეებთან _ რ. მ-თან და გ. კ-თან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან _ რ. ვ-ვთან, ხ. ხ-თან, ჰ. ა-თან და ა. შ-თან ერთად, ,,ჩერიგოს” უღელტეხილზე, ,,გირევის” სასაზღვრო საგუშაგოს მონაკვეთზე, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მას დაკავებისას აღმოაჩნდა ,,AKჩ-74” ტიპის ¹... ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ,,F-1” ტიპის ხელყუმბარა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, ატარებდა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადმოიტანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე.

ხ. ი-ს აღნიშნული ქმედება წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 344-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

სასამართლო გამოძიებით სასამართლო კოლეგიამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსასჯელმა ხ. ი-მა უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მისი ქმედება შეიცავდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებას _ უკიდურეს აუცილებლობას, ანუ ისეთ გარემოებას, როცა პირის გადარჩენა შეიძლებოდა მხოლოდ იმგვარი მოქმედებების ჩადენით, რომელიც, გარკვეულ გარემოებათა გათვალისწინების გარეშე, არის დანაშაულებრივი, მაგრამ ამ ქმედებით დაზიანებული სიკეთე გადარჩენილ სიკეთეზე _ ადამიანის სიცოცხლეზე _ ნაკლებმნიშვნელოვანი იყო.

სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ განსასჯელ ხ. ი-ს მხრიდან უკიდურესი აუცილებლობის აქტის განხორციელება მართლზომიერი იყო, ვინაიდან საფრთხე, რომელიც იყო ნამდვილი (რეალური), ემუქრებოდა კანონით დაცული პიროვნების, კონკრეტულ შემთხვევაში, თვით ხ. ი-ს სიცოცხლეს. ხ. ი-ს მიერ უკიდურესი აუცილებლობის აქტის განხორციელებისას რეალური საფრთხე სახეზე იყო, რაც უდავოდ დადასტურებულია: განსასჯელის, მასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დაკავებულ სხვა პირთა და მესაზღვრეთა ჩვენებებით; მათი განმარტებით, რომ 2002წ. 3 ოქტომბერს და წინა დღეებშიც რუსეთის ფედერალური ჯარების მიერ ინტენსიურად იბომბებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რუსეთის ფედერაციის ტერიტორია; ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციით, რომელთა თანახმადაც ხ. ი-სა და მასთან ერთად დაკავებულ სხვა პირებს მიღებული ჰქონდათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები ცეცხლნასროლი ჭრილობების სახით. მოცემულ ვითარებაში სხვა საშუალებებით საფრთხის აცილება შეუძლებელი იყო, Uთუმცა საფრთხის აცილების სხვადასხვა საშუალების არსებობის შემთხვევაშიც პირს ეკუთვნის არჩევანის უფლება და მნიშვნელობა არა აქვს, საფრთხე ბრალეული თუ არაბრალეული წყაროდან მოდიოდა.

ამრიგად, სასამართლო კოლეგიის დასკვნით მოცემულ შემთხვევაში ხ. ი-ს ქმედების უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ჩადენილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას _ რუსეთის ფედერალური ჯარები ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს მართლზომიერად აწარმოებდნენ თუ არა.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ განსასჯელ ხ. ი-ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რომლის თაობაზე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორმა კ. ც-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს მითითებული განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ ხ. ი-ს მიერ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის დროს რუსეთის ფედერაციის საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა და, მაშასადამე, ხ. ი. უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

პალატაში განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2003წ. 9 ოქტომბერს განსასჯელ ხ. ი-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, აგრეთვე, სისხლის სამართლის საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.

დაინტერესებული პირის, გამართლებული ხ. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჩ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

გამართლებული ხ. ი. მხარს უჭერს თავისი ადვოკატის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რასაც უდავოდ ადასტურებს სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა. ის გარემოება, რომ ხ. ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ნამდვილად იმყოფებოდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, დგინდება მოწმეთა ჩვენებებით, იმ გარემოებით, რომ ხ. ი. დაჭრილი ჩაბარდა საქართველოს მესაზღვრეებს. დადასტურებულია ასევე ისიც, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის იმ ნაწილში, საიდანაც ხ. ი-მა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ნამდვილად მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, თანაც იმ პერიოდში, როდესაც ხ. ი-მა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა. ყოველივე ამის გასაბათილებლად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები, ვერ დადასტურდა ის მოსაზრება, რომ ხ. ი. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იდევნებოდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისათვის, რის გამოც სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საბრალდებო დასკვნით მისთვის შერაცხულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებაში ხ. ი. უნდა გამართლდეს, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

პალატას ასევე კანონიერად მიაჩნია სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ხ. ი-ს გამართლება საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების, აგრეთვე, 236-ე მუხლის პირველი-მე-2 ნაწილების საფუძველზე წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედო აღნიშნულ ბრალდებას, სრულიად საფუძვლიანად სასამართლოს მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

აღნიშნულ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ხ. ი-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღავნელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ კ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 2003წ. 9 ოქტომბერს ხ. ი-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.