საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 151-კოლ 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორ ჯ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენზე მ. ა-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენით მ. ა-ს სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 3 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
მ. ა-ს მსჯავრი დაედო ქრთამის აღებაში, რომელიც განაჩენის მიხედვით ჩაიდინა შემდეგ გარემოებაში:
მ. ა. 2002წ. 15 აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის იმერეთის ბიუროში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2003წ. მაისში მ. ა-მ ბიუროს უფროს ვ. ს-საგან მიიღო დავალება _ აღრიცხვაზე აეყვანა ქუთაისში არსებული სილამაზის სალონები და შეემოწმებინა, გააჩნდათ თუ არა მათ შესაბამისი სერტიფიკატი. დავალების შესრულების დროს მ. ა-მ აღმოაჩინა, რომ რუსთაველის გამზირზე განთავსებულ სილამაზის სალონ “ბანოვანს” არ გააჩნდა შესაბამისი სერტიფიკატი და იქ მომუშავე ინდმეწარმე მ. ო-ს განუმარტა, რომ სერტიფიკატის არქონა იწვევდა ადმინისტრაციული სახდელის დადებას 150 ლარის ოდენობით. როდესაც შეიტყო, რომ სალონის საორგანიზაციო საკითხებს წყვეტდა მ. ო-ს პარტნიორი _ ა. მ., მ. ა-მ განიზრახა მისგან ფულის სახით აეღო ქრთამი და სანაცვლოდ არ შეედგინა სამართალდარღვევის ოქმი. 2003წ. 30 მაისს მ. ა-მ ა. მ-ს მოსთხოვა 150 ლარი. თავის მხრივ, ა. მ-მა დახმარებისათვის განცხადებით მიმართა იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად 2003წ. 1 ივნისს მოხდა მ. ა-სა და ა. მ-ს საუბრის ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, რა დროსაც ამ უკანასკნელს მ. ა-მ კვლავ მოსთხოვა 150 ლარი, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ 70 ლარზე. 2003წ. 2 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ქუთაისში, ..., ა. მ-მა მ. ა-ს ქრთამის სახით გადასცა 70 ლარი, რა დროსაც ეს უკანასკნელი მხილებულ იქნა დანაშაულში.
საკასაციო საჩივრით პროკურორი ჯ. ს. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლოში დაბრუნებას. პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მ. ა-ს შეუფარდა მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი. იგი თვლის, რომ სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას უნდა გაეთვალისწინებინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათი.
მსჯავრდებული მ. ა. საკასაციო საჩივრის შესაგებლით არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პალატის სხდომაზე მ. ა-მ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება. მან მოინანია დანაშაული, ითხოვა პატიება და აღნიშნა, რომ დაუშვა მძიმე შეცდომა; სასამართლოს სთხოვა, გაითვალისწინოს მისი ოჯახური მდგომარეობა, რომ კმაყოფაზე ჰყავს მშობლები, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო განაჩენის გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსსკ-ს 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმდების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ. ა. წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში მის მიმართ დანიშნული სასჯელის _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთის _ შეცვლა პირობითი მსჯავრით _ 3 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეტისმეტად მსუბუქად და აშკარად უსამართლოდ. პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენი მ. ა-ს მიმართ დასაბუთებულია; ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენი მ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.