საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.10.2003
საქმის ნომერი
2კ-193აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 193-აპ 9 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,გ. ბორჩხაძე

განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ნ-ს წარმომადგენელ ს. უ-სა და მსჯავრდებულ თ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ს-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განაჩენზე, რომლითაც გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აპრილის განაჩენი თ. ლ-ს მიმართ უცვლელად იქნა დატოვებული.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აპრილის განაჩენით თ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 128-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. სსკ-ს 63-64-ე მუხლების საფუძველზე თ. ლ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განაჩენით დატოვებულ იქნა უცვლელად.

განაჩენით თ. ლ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 25 აპრილს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, თ. ლ/ მართავდა ავტომანქანა ,,გაზ 21213”-ს და მოძრაობდა დაახლოებით 40-50 კმ/სთ სიჩქარით. ქ. გორში, სტალინის პროსპექტის გადამკვეთ ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე გასვლისას, მოხვევის მომენტში ა/მანქანის ძრავას მექანიზმი გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც, ა/მანქანა გადავიდა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს და ტროტუარზე შეეჯახა ქვეითად მოსიარულეებს _ ც. მ-სა და ი. ბ-ს. დაჯახების შედეგად ც. მ. ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ი. ბ. გარდაიცვალა გორის რაიონულ საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში.

აღნიშნული საგზაო შემთხვევის შემდეგ თ. ლ-მა მაშინვე დატოვა შემთხვევის ადგილი, დახმარების გარეშე მიატოვა დაზარალებული ი. ბ., რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მაშინ, როდესაც თ. ლ-ს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო კიდეც მისი დახმარება.

წინასწარ გამოძიებაში შსს საგამოძიებო დეპარტამენტის გორის განყოფილების უფროსის მოადგილის 2002წ. 30 მაისის დადგენილებით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესების დარღვევისათვის საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში საქმე თ. ლ-ს მიმართ შეწყდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო.

თავის საკასაციო და დაზუსტებულ საკასაციო საჩივრებში დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ნ-ს წარმომადგენელი, ადვოკატი ს. უ. ითხოვს რა განაჩენის გაუქმებას, მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: თ. ლ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი მეტისმეტად მსუბუქია მსჯავრდებულის მოქმედების ხასიათისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით. ამასთანავე, წინასწარ გამოძიებაში დაირღვა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ნ-ს კანონით გარანტირებული უფლებები: მას არ განმარტებია ავტოსაგზაო შემთხვევის ნაწილში სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ვადები და წესი, არც მითითებული დადგენილების ასლი ჩაბარებია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამის გამო, ზ. ნ-მა ვერ შეძლო მითითებული დადგენილების გასაჩივრება სასამართლოში.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული თ. ლ. მიიჩნევს, რომ სასამართლომ მას უკანონოდ და დაუსაბუთებლად დასდო მსჯავრი განსაცდელში მიტოვებისათვის, რადგან აწ გარდაცვლილი ი. ბ. არ დარჩენილა დახმარების გარეშე, ეს უკანასკნელი მისმა (ლ-ს) ახლობლებმა (ისინი ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენისთანავე ავტომანქანით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე) გადაიყვანეს იქვე, 100 მეტრის დაშორებით მდებარე საავადმყოფოში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თ. ლ. ითხოვს მის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა თ. ლ-მა, მისმა ადვოკატმა ს. ს-მა, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ნ-მა და მისმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა ს. უ-მ ითხოვეს თავიანთი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება.

პროკურორი ა. ს. მიიჩნევს, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და შუამდგომლობს მის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, გამოიკვლია რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული თ. ლ. თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ აწ გარდაცვლილი ი. ბ. განსაცდელში არ მიუტოვებია. ავტოავარიის მოხდენისთანავე შემთხვევის ადგილზე ავტომანქანით მივიდა მისი ახლობელი ა. ჭინჭარაშვილი, რომელმაც, თანმხლებ პირებთან ერთად, ი. ბ. გადაიყვანა იქვე, 100 მეტრის დაშორებით მდებარე საავადმყოფოში, ეს კი იმას ადასტურებს, რომ ი. ბრეგვაძე არ დარჩენილა დახმარების გარეშე.

არ გაიზიარა რა მსჯავრდებულ თ. ლ.ს ზემოთ მითითებული ჩვენებები, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი სწორად დაასაბუთა იმით, რომ თ. ლ-ს ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო კიდეც მისი დახმარება. საქართველოს სსკ-ს 128-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე კი, თ. ლ-ს პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ დაზარალებულს აღმოუჩინეს დახმარება, რადგან, აღნიშნული მუხლი მოითხოვს, რომ დახმარება დაზარალებულს აღმოუჩინოს სწორედ მისთვის ზიანის მიმყენებელმა პიროვნებამ. ამ მუხლით პასუხისმგებლობისათვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ სად იქნა მიტოვებული პიროვნება _ დასახლებულ პუნქტში, თუ _ უკაცრიელ ადგილას.

პალატა ეთანხმება ამ დასაბუთებას და არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივებს თ. ლ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

პალატა ვერ გაიზიარებს ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ნ-ს წარმომადგენლის, ადვოკატ ს. უ-ს საკასაციო საჩივრის მოტივებს მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით განაჩენის გაუქმების თაობაზე, რადგან მიიჩნევს, რომ სასამართლომ კანონზე დაყრდნობით საკმაოდ დაასაბუთა ლ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, მით უფრო, რომ საქართველოს სსკ-ს 128-ე მუხლის სანქცია, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, სხვა უფრო მსუბუქ სასჯელებსაც ითვალისწინებს.

ამასთანავე, პალატა ეთანხმება ადვოკატ ს. უ-ს საკასაციო საჩივრის მოტივებს იმ ნაწილში, რომელიც ეხება წინასწარ გამოძიებაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ნ-ს კანონით გარანტირებული უფლებების დარღვევას, სახელდობრ:

საქმეშია საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-8 ნაწილში თ. ლი-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ შსს საგამოძიებო დეპარტამენტის გორის განყოფილების უფროსის მოადგილის 2002წ. 30 მაისის დადგენილება. საქმიდან არ ჩანს და არც დადგენილებაშია მითითებული, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ნ-ს განემარტა თუ არა სსსკ-ს 242-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი და ვადები.

საქმეში არც იმის დამადასტურებელი მასალაა, რომ ზ. ნ-ს ჩაბარდა დადგენილების ასლი, სასამართლო სხდომაზე განმარტებით კი ირკვევა, რომ ამ უფლებების შესახებ მან არაფერი იცოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ნ-ს უნდა ჩაბარდეს ავტოავარიის ნაწილში თ. ლ-ს მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გამომძიებლის 2002წ. 30 მაისის დადგენილების ასლი და განემარტოს თავისი უფლება სსსკ-ს 242-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში ამ დადგენილების გასაჩივრების წესისა და ვადის შესახებ მისი კანონიერების შემოწმების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განაჩენი თ. ლ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.