კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 197-დად 18 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა ადვოკატ ა. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის გამომძიებელ დ. ხ-ს 2002წ. 30 ნოემბრის დადგენილების გაუქმებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 25 ნოემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნ. ბ-ს მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებით. წინასწარი გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2000წ. 24 ნოემბერს გ. რ-სთან სტუმრად მივიდნენ თანაკლასელები: პ. ბ., გ. ნ. და გ. კ.. საღამოს, როდესაც ისინი სახლში ბრუნდებოდნენ, შელაპარაკება მოუხდათ გ. რ-ს მეზობლებთან: ტ. მ-თან, ზ. ნ-სა და ბ. ნ-სთან. სიტუაცია არ გართულებულა, რადგან ისინი გააშველეს. 25 ნოემბერს წერონისის ქუჩის გასასვლელთან ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ნ. ბ-სა და პ. ბ-ს შორის მოხდა ჩხუბი. გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩხუბის დროს ნ. ბ-მა გადაიწია ტყავის ქურთუკი, ამოიღო პისტოლეტი და მიმართა პ. ბ-საკენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა პისტოლეტიანი ხელი დაუჭირა და შეეცადა იარაღის წართმევას. ამ დროს მოხდა პისტოლეტიდან უნებლიე გასროლა, ტყვია მოხვდა ნ. ბ-ს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებამ მიიჩნია, რომ პ. ბ-ს ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო _ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ამიტომ 2002წ. 30 ნოემბერს გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა დ. ხ-მა გამოიტანა დადგენილება პ. ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის დადგენილებით დაზარალებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კობაიძის კერძო საკასაციო საჩივარი გამომძიებელ დ. ხ-ს 2002წ. 30 ნოემბრის დადგენილების გაუქმებისა და წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი ა. კ. და დაზარალებული მ. ბ. ითხოვენ პროკურატურისა და სასამართლო დადგენილებების გაუქმებას და ნ. ბ-ს მკვლელობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას. ისინი საეჭვოდ მიიჩნევენ წინასწარი გამოძიების მიერ დადგენილ ვითარებაში ნ. ბ-ს მკვლელობას და აცხადებენ, რომ შემთხვევის მომენტში გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და პ. ბ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. მათი აზრით, წინასწარი გამოძიება საქმეზე ჩატარებულია სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, გარკვეული არ არის, თუU რა ვითარებაში მიიღო გარდაცვლილმა ხელის მტევანზე გამჭოლი ჭრილობა; მოწმე ბ. ნ-ს ჩვენება ყალბია და ა. შ.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. კ-მ და დაზარალებულმა მ. ბ-მა მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ნ. ს-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის და გამომძიებელ დ. ხ-ს 2002წ. 30 ნოემბრის დადგენილებები მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მათი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გლდანი-ნაძალადევისFრაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისისა და ამავე რაიონული პროკურატურის გამომძიებელ დ. ხ-ს 2002წ. 30 ნოემბრის დადგენილებები უნდა გაუქმდეს და წინასწარი გამოძიება პ. ბ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განახლდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა ეთანხმება დაზარალებულ მ. ბ-სა და მისი ადვოკატის _ ა. კ-ს მოსაზრებებს, რომ წინასწარი გამოძიება ნ. ბ-ს მკვლელობასთან დაკავშირებით ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოკვლეულა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. პალატა თვლის, რომ დამატებით უნდა დაიკითხოს მოწმე ბ. ნ. და გაირკვეს, თუ რამდენად სწორია მის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება; საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი დაპირისპირება პ. ბ-თან და მკვლელობის ფაქტის შემსწრე სხვა მოწმეებთან; გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, თუ რა ვითარებაში მიიღო გარდაცვლილმა ნ. ბ-მა ხელის მტევანზე გამჭოლი ჭრილობა; დამატებით უნდა დაიკითხოს დაზარალებული მ. ბ-ც, რომელიც საეჭვოდ მიიჩნევს ნ. ბ-ს მკვლელობის გარემოებებს და კატეგორიულად აცხადებს, რომ მის შვილს მკვლელობის მომენტში ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ამ და სხვა საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიღებულ იქნეს ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისისა და ამავე რაიონის პროკურატურის გამომძიებელ დ. ხ-ს 2002წ. 30 ნოემბრის დადგენილებები გაუქმდეს. პ. ბ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე წინასწარი გამოძიების განახლებისათვის დაუბრუნდეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.