საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 02.10.2003
საქმის ნომერი
2კ-200აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 200-აპ 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 მარტის განაჩენში და მას (ი. ა-ს) სასჯელის სახით მოსახდელად განესაზღვრა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენით ი. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეასწორა იმ მიმართებით, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამორიცხა ძირითად სასჯელზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთის დამატება იმ მოტივით, რომ პირველი სასჯელის მთლიანად მოხდისაგან ის გათავისუფლებული იყო პრეზიდენტის შეწყალებით.

სააპელაციო სასამართლოს იმავე განაჩენით სამი წლით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულია აგრეთვე ი. ს., რომელიც განაჩენს არ ასაჩივრებს.

მსჯავრდებულ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი ითხოვს მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას უდანაშაულობის მოტივით.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი. ა-მ შეცვალა საკასაციო მოთხოვნა, მთლიანად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით ი. სანიკიანსა და ი. ა-ს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულებრივი ქმედებისათვის:

2001წ. 19 მარტს ქ. ქუთაისში მცხოვრებმა ი. ს-მა განიზრახა, გაექურდა რომელიმე ბინა. ამ მიზნით სახლიდან წამოიღო ე.წ. “ატმეჩკები”, ქანჩგასაღები და გამოვიდა მშენებლის ქუჩაზე. დათვალიერების შემდეგ გასაქურდად შეარჩია ... მდებარე ¹85 სახლის მეოთხე სადარბაზოს მეშვიდე სართულზე არსებული იმ დროს მისთვის უცნობი მოქალაქის _ ც. ი-ს ბინა იმ ვარაუდით, რომ, ვინაიდან შუქი არ ენთო, ბინაში არავინ იქნებოდა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იქვე, ახლოს, ქუჩაში, მას შეხვდა მისი ნაცნობი ი. ა., რომელსაც გაუმხილა განზრახვა და დაითანხმა, მასაცEმიეღო მონაწილეობა ზემოხსენებული ბინის გაქურდვაში. შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით 24 საათზე, ორივენი მივიდნენ ც. ი-ს ბინის კარებთან, სადაც ი. ს-მა ქანჩგასაღებით გააღო კარი, რა დროსაც ჩაირთო კარებზე დამონტაჟებული ხმოვანი სიგნალიზაცია. სიგნალიზაციის ჩართვით შეშინებულებმა შეწყვიტეს განზრახვის აღსრულება, სასწრაფოდ ავიდნენ სახლის სახურავზე და სიბნელეში დაიმალნენ, მაგრამ ისინი დაკავებულ იქნენ შემთხვევის ადგილზე სიგნალიზაციის ხმაზე მისული პოლიციის მუშაკების მიერ.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-მ მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის თხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მსჯავრდებულსა და პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის თხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი. ა-მ მთლიანად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ამასთან, პირობა დადო, რომ მომავალში არ ჩაიდენს არავითარ მართლსაწინააღმდეგო ქმდებას. მისმა სიტყვებმა პალატის წევრებს შეუქმნა იმის ღრმა რწმენა, რომ ის გულწრფელად გმობს დანაშაულებრივი გზისკენ მიდრეკილებას და მისი გამოსწორებისათვის აუცილებელი არ არის თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, პალატა ითვალისწინებს ი. ა-ს ოჯახის შეუბღალავ ავტორიტეტსა და მძიმე სოციალურ მდგომარეობას, აგრეთვე იმას, რომ დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ინიციატორი და აქტიური შემსრულებელი ი. ა. არ იყო, შეწყდა მცდელობის სტადიაზე და მას რაიმე ზიანი არ მოჰყოლია. პალატა შესაძლებლად მიიჩნევს, მიუხედავად ადრინდელი ნასამართლობისა, ი. ა-ს მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენებას.

პალატა ასევე სარევიზიო წესით ახდენს რა ი. ს-ს მიმართ დადგენილი განაჩენის კანონიერების შესწავლას, მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარებისა და მონანიების, მეტად მძიმე ოჯახური მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული შეწყდა მცდელობის სტადიაზე, შესაძლებლად მიიჩნევს, შეფარდებული სასჯელი მას შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის განაჩენში ი. ა-სა და ი. ს-ს მიმართ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ი. ა-ს მიმართ დადგენილი სასჯელი _ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ს 63-ე მუხლის საფუძვლზე ჩაითვალოს პირობით და სსკ-ს 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს ხუთი წელი. მსჯავრდებულ ი. ა-ს ყოფაქცევაზე კონტროლი დააწესოს პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ი. ა-ს მიმართ არჩეული აღმკვეთი ღონიძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა _ გაუქმდეს.

ი. ს-ს მიმართ დანიშნული სასჯელი _ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლის საფუძველზე შემცირდეს ერთი წლითა და სამი თვით და მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და 9 თვით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.