საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 18.11.2003
საქმის ნომერი
2კ-267აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.11.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 267-აპ 18 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განაჩენი ლ. მ-ს მიმართ დატოვებულ იქნა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განაჩენით ლ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით დ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

დ. მ-ს განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 სექტემბრის განაჩენით დატოვებულ იქნა უცვლელად.

განაჩენით ლ. მ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

ლ. მ-მა, 2002წ. დეკემბრის თვეში, რკინის ძალაყინის გამოყენებით გატეხა წავკისში მდებარე ი. მ-ს სააგარაკე სახლის რკინის გისოსი, ჩაამტვრია ფანჯარა და შეაღწია სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცა სხვადასხვა ნივთები. მანვე ავტოფარეხიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად გაიტაცა ი. მ-ს კუთვნილი მოტოციკლი ღირებული 700 ლარად. მოტოციკლი ლ. მ-მა გააჩერა სოფ. წავკისში მამის _ ე. მ-ს ბინაში. დანარჩენი ნივთები კი შეინახა სახლში, ქ. თბილისში.

სულ ლ. -მა ი. მ-ს მიაყენა 1780 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ლ. მ-მა 2002წ. დეკემბრის თვეში განმეორებით ჩაიდინა ქურდობა. კერძოდ, ძალაყინის გამოყენებით გატეხა რკინის გისოსი და ამ გზით შეაღწია წავკისში მდებარე ნ. კ-ს სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცა 1725 ლარად ღირებული სხვადასხვა ნივთები.

მოპქრული ნივთების ნაწილი ლ. მ-მა ძმის, ამავე საქმეზე მსჯავრდებულ დ. მ-ს დახმარებით გაყიდა ქ. თბილისში, ნავთლუღის ბაზის ტერიტორიაზე 600 ლარად. ამ თანხიდან 400 ლარი მან მისცა ძმას, ხოლო 200 ლარი დაიტოვა თვითონ.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ლ. მ. აღნიშნავს, რომ დანაშაული ჩაიდინა უკიდურესი გაჭირვების გამო, მის კმაყოფაზეა დედა, რომელიც ცხოვრობს ქირით და დამხმარე არავინ ჰყავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემცირებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორი ა. ს. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და შუამდგომლობს ლ. მ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს _ განაჩენში ლ. მ-ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრის ნაწილში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით უდავოდაა დადასტურებული ლ. მ-ს მიერ განმეორებით, სადგომში შეღწევით, ქურდობის ჩადენის ფაქტი, რასაც არც თავად მსჯავრდებული უარყოფს, რაც შეეხება სასჯელს, პალატა ითვალისწინებს იმას, რომ ლ. მ. აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ქურდობა ჩაიდინა უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მის კმაყოფაზეა მოხუცი დედა, რომელიც ცხოვრობს ქირით, და თვლის, რომ მსჯავრდებულ ლ. მ-ს სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1 წლით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 სექტემბრის განაჩენი ლ. მ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ლ. მ-ს შეფარდებული სასჯელი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად დარჩეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.