საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 298-დად 2 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ პ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას პ. დ-ს მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნისა და სასჯელის გადავადების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
მსჯავრდებულ პ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევის მიზნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნისა და შეფარდებული სასჯელის გადავადების შესახებ.
პ. დ-ს 1999წ. 18 იანვრის განაჩენით სსკ-ს 105-ე და სხვა მუხლებით ჩადენილი დანაშაულისთვის მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. ¹1... განკარგულებით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით. სასჯელს იხდის ავჭალის შრომა-გასწორების კოლონიაში.
მსჯავრდებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნისა და შეფარდებული სასჯელის აღსრულების გადავადების შესახებ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა. ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და მასალების ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე, მაშინ, როდესაც არსებობდა ამის საკმაო საფუძველი.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ა-მა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა ო. რ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმეში არსებული მასალები, აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ პ. დ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არის აღსრულებული და ამჟამად სსსკ-ს 607-ე მუხლის გამოყენების საფუძველი არ მოიპოვება. ამდენად, სასამართლომ სავსებით კანონიერად უთხრა უარი მსჯავრდებულის დამცველს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და თვლის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ _ განჩინებით (დადგენილებით), თუ მსჯავრდებული დაავადდა ფსიქიკურად ან დაავადებულია სხვა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, _ მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე.
ამდენად, აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, კანონით განაჩენის გადავადება დასაშვებია, თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულებამდე დაავადდა. მოცემულ შემთხვევაში კი მსჯავრდებულ პ. დ-ს მიმართ განაჩენი დიდი ხანია აღსრულებულია და, ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 608-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას (სასჯელისგან განთავისუფლება ავადმყოფობის გამო), მსჯავრდებულის შუამდგომლობითა და საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, გამოიტანოს დადგენილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან განთავისუფლების შესახებ. ეს საკითხი ამჟამად სასამართლოს განსჯის საგანი არ ყოფილა.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ მიიღო სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 607-ე, 623-ე, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ ლ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის დადგენილება პ. დ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.