საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 03.12.2003
საქმის ნომერი
2კ-311აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 311-აპ 3 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ივლისის განაჩენი ზ. დ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ივლისის განაჩენით ზ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ს 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ს მე-60 მუხლის საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წელი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ ზვ. დ., რომელსაც საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ”Eქვეპუნქტებით, სსკ-ს 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიესაჯა თავისუფლებლის აღკვეთა 4 წლით; თანახმად 63-ე-64-ე მუხლებისა, მისჯილი სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 წელი.

ზვ. დ. განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით ზ. დ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით.

ზ. დ-ეს მჯავრი დაედო შემდეგ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის:

2000წ. 13 ნოემბერს ზ. დ. ჭიათურის სასამართლომ გაასამართლა საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და შეფარდებული სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით სამი წლის ვადით. არ დადგა რა გამოსწორების გზაზე, ზ. დ-მ კვლავ განმეორებით ჩაიდინა დანაშაული. კერძოდ, 2003წ. 27 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ძმასთან, ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ზვ. დ-სთან წინასწარი შეთანხმებით, კარის მინის ამოღების მეშვეობით შეაღწია ქ. ქუთაისში, ... მცხოვრებ ა. ჭ-ს სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცა 1439 ლარის ღირებულების სხვადასხვა საოჯახო ნივთი, რითაც დაზარალებულ ა. ჭ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

ზ. და ზვ. დ-ებმა რეალიზაცია გაუკეთეს მათ მიერ მოპარული ნივთების ნაწილს, 390 ლარად ღირებული ნივთების დანარჩენი ნაწილი კი წინასწარი გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა და დაუბრუნდა დაზარალებულ ა. ჭ-ს. ზ. და ზვ. დ-ებს ა. ჭ-სათვის ასანაზღაურებელი აქვთ 1049 ლარი.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ზ. დ. ითხოვს მისთვის შეფარდებული სასჯელის შემცირებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულს; მის კმაყოფაზე არიან ხანში შესული მშობლები; დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო; თავად არის ტუბერკულოზით დაავადებული.

პროკურორი ბ. გ. ითხოვს ზ. დ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი ზ. დ-ს მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ზ. დ-ს მიმართ შერაცხული ბრალდება მთლიანადაა დადასტურებული და მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. თავად მსჯავრდებულიც სადავოდ არ ხდის მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტს.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ ზ. დ-ს მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა როგორც მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმე და პიროვნების მახასიათებლები, ასევე _ მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ის, რომ წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევმა ზ. დ-მ გამოსაცდელი ვადის გასვლამდე ჩაიდინა დანაშაული, დაზარალებულისთვის ზიანი არ აუნაზღაურებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. დ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს უსამართლოდ, როგორც მეტისმეტად მკაცრი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის განაჩენი ზ. დ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.