დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1024(2კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ლ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ლ-ამ 16.06.2005წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 05.05.2005წ. №25 ბრძანებისა და 16.05.2005წ. №154 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.06.2005წ. განჩინებით ი. ლ-ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2006წ. განჩინებით ი. ლ-ას სარჩელი მოპასუხე თბილისის მერიის მიმართ 16.05.2005წ. №154 განკარგულების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.06.2006წ. განჩინებით ი. ლ-ას სარჩელი ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2006წ. განჩინება 03.04.2017წ. კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. ლ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2017წ. განჩინებით ი. ლ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2006წ. განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
მოსარჩელემ 01.05.2018წ. განცხადებით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანების და 16.05.2005წ. №154 განკარგულების ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე მისი აღდგენა, ასევე სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო განაცდურის სახით მიუღებელი ხელფასის სახით 2005 წლის მაისიდან 2018 წლის მაისის თვემდე 251 560 ლარის, მიუღებელი პრემიის სახით - 118 560 ლარის და მიუღებელი დანამატების სახით - 90 500 ლარის, სულ 460 620 ლარის მის სასარგებლოდ ქ. თბილისის მერიისათვის დაკისრება.
საქალაქო სასამართლოში 07.06.2018წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა ქ. თბილისის მერის 16.05.2005წ. №154 განკარგულების ბათილად ცნობა, ი. ლ-ას ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.06.2018წ. გადაწყვეტილებით ი. ლ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 16.05.2005წ. №154 განკარგულება ი. ლ-ას ნაწილში და მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, ი. ლ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ლ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ლ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2003 წლის 14 მაისიდან ი. ლ-ა მუშაობდა ...ის განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს კი 2004 წლის 22 სექტემბრიდან გადაყვანილი იქნა ამავე სამსახურის ...ის თანამდებობაზე. ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ,,ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების შექმნის შესახებ“ ქ. თბილისის მერის 24.03.1999წ. №15 ბრძანების თანდართული ქ. თბილისის მთავრობის კომპეტენციებს მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვის საქალაქო სამსახურების ნუსხით გათვალისწინებული ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური. ქ. თბილისის მერის 16.05.2005წ. №154 განკარგულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის, სამსახურის ...ე ი. ლ-ა, 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №40 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, სადაც იდენტური ფუნქციებით იქნა გათვალისწინებული აღნიშნული სამსახური და გამოცხადდა ლიკვიდირებული სამსახურის სამართალმემკვიდრედ. სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.2 მუხლზე, რომელიც ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევდა მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა, ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებდა ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას, აღნიშნული პირობა საჯარო მოხელეთათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ-ერთი სახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარებოდა დაცვას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაწესებულების ლიკვიდაცია და დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია სხვადასხვა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, კერძოდ, ლიკვიდაცია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველია, ხოლო რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. ქ. თბილისის მერიის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია არის მხოლოდ ფორმალური ხასიათის და მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამსახურის რეორგანიზაცია სავარაუდოდ შტატების შემცირებით და არა მისი ლიკვიდაცია, რაც ითვალისწინებდა სამსახურის ფუნქციონირების სრულ შეწყვეტას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფაქტი ი. ლ-ას მიმართ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოსამსახურის თანამდებობიდან დათხოვნის პროცესში სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, იმავდროულად, ის ვალდებულია მოახდინოს ამგვარი აქტის როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი დასაბუთება და დისკრეცია არ გამოიყენოს კანონიერებისა და თანაზომიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა სადავო აქტის გამოცემას, ამასთან, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მიიწვია სადაო აქტის ადრესატი საჯარო მოსამსახურე და არ მისცა მას საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. ვინაიდან სადაო აქტი გამოცემული იყო ფორმარული და მატარიალური კანონმდებლობის დანაწესების სრული უგულვებელყოფით, მართებულია გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა ასკ-ის 32.4. მუხლის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავს მოცემულ სტადიაზე მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების საფუძვლიანობის განხილვა-გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას და აღნიშნულზე უნდა იმსჯელოს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი აქტის გამოცემისას, შესაბამისად, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილების თაობაზე ი. ლ-ას სააპელაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ლ-ას მიერ.
კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერის 16.05.2005წ. №154 განკარგულებით ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო საქალაქო სამსახურის თანამშრომლები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო აქტის დროს მოქმედი რედაქცია). მითითებული ნორმის თანახმად მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. ბრძანებით განხორციელდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია, რაც მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოები გასცდნენ დავის ფარგლებს და იმსჯელეს ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანების კანონიერებაზეც. ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №40 ბრძანებით დამტკიცებული ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის №2 დანართის თანახმად, სამსახურის მუშაკთა ოდენობა შემცირებულია 8 საშტატო ერთეულით, მათ შორის ...ის შტატი ნაცვლად 3-ისა განისაზღვრა 2-ით, შესაბამისად სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც, შტატების შემცირებით დაწესებულების რეორგანიზაციისას დასაქმებული უფლებამოსილია გაათავისუფლოს დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ სარჩელი ხანდაზმულია. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ის 2005 წლის 3 მაისიდან აღარ მუშაობდა ქ. თბილისის მერიაში, ხოლო სარჩელი აღძრა 16.06.2005წ., ასევე გასულია ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადა.
კასატორმა ი. ლ-ამ აღნიშნა, რომ ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, ვინაიდან სასამართლომ გამოკვლეულად მიიჩნია მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული გადაწყვეტილებით სამართლიანი შედეგი არ დადგება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის დაკისრების შესახებ, რადგან განაცდურის დაკისრება მხოლოდ მოხელის სამსახურში აღდგენისას ხდება. სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ლ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უსაფუძვლოა კასატორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. ბრძანებით განხორციელდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია, რაც მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა, ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება შტატების შემცირებით რეორგანიზაციის განხორციელების შემთხვევაშიც თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძვლის არსებობაზე. საქმის მასალებში დაცული „ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანების თანახმად ლიკვიდირებულად ჩაითვალა „ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების შექმნის შესახებ“ ქ. თბილისის მერის 24.03.1999წ. №15 ბრძანების თანდართული ქ. თბილისის მთავრობის კომპეტენციებს მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვის საქალაქო სამსახურების ნუსხით გათვალისწინებული ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური. „ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 16.05.2005წ. №154 განკარგულებით ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის სამსახურის ...ე ი. ლ-ა 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ამ ბრძანების საფუძვლად მიეთითა ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია არ განხორციელებულა. ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №40 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, რომელიც გამოცხადდა ლიკვიდირებული სამსახურის უფლებამონაცვლედ. მიუხედავად იმისა, რომ „ქ. თბილისის მერიის ეკონიმიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური, ხოლო ქ. თბილისის მერის 16.05.2005წ. №154 განკარგულების საფუძვლად მიეთითა სწორედ ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანება, ფაქტობრივად, განხორციელდა ქ. თბილისის მერის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის არა ლიკვიდაცია, არამედ მისი რეორგანიზაცია, ანუ არ არსებობდა ლიკვიდაციისათვის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნები - სამსახურის ფუნქციონირების სრული შეწყვეტა, სალიკვიდაციო საქმიანობის განხორციელება და ქონების გადაცემა (სუსგ 10.04.2008წ. საქმე №ბს-1100-1052(2კ-07)). სადავო აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოხელე შეიძლება გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ განხორციელდა არა სამსახურის ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, შესაბამისად, სახეზე არ იყო მითითებული საფუძვლით მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. რაც შეეხება რეორგანიზაციას შტატების შემცირებით, იმ დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96.2 მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შესაძლოა განთავისუფლებულიყო სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ამასთანავე ამავე კანონის 97.2 მუხლის შესაბამისად, მოხელე არ თავისუფლდებოდა სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მითითებული ნორმა დაუშვებლად მიიჩნევდა მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმა იყო დაენიშნათ სხვა თანამდებობაზე, ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებდა ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას.
უსაფუძვლოა კასატორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლოს გასცდა დავის ფარგლებს და იმსჯელა „ქ. თბილისის მერიის ეკონიმიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანების კანონიერებაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.04.2008წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-1100-1052(2კ-07)), რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2007წ. განჩინება 05.05.2005წ. №25 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიამ თავისი ნება გამოხატა ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №40 ბრძანებაში, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიური პოლიტიკის საქალაქო სამსახური და აღნიშნული სამსახური გამოცხადდა ზუსტად იმავე სახელწოდების მქონე ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანებით ლიკვიდირებული სამსახურის სამართალმემკვიდრედ. კონკრეტულ შემთხვევაში ფუნქციური უფლებამონაცვლეობა ნიშნავს სწორედ დასახელებული სამსახურის რეორგანიზებას. მართალია, ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანების სახელწოდება მიუთითებს ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციაზე, მაგრამ ამავე ბრძანებით განხორციელდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია. საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მერის 05.05.2005წ. №25 ბრძანებით ფაქტობრივად, თავისი ფუნქციონალური არსითა და მატერიალური შინაარსით, მოხდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია, მთლიანად აცლის საფუძველს მოსაზრებას ქ. თბილისის მერის მიერ 05.05.2005წ. №25 ბრძანების უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემის შესახებ და ამ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მის სასარჩელო მოთხოვნას. ამდენად, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები დავის ფარგლებს გასცდნენ არ უნდა იქნეს გაზიარებული.
დასაბუთებას მოკლებულია კასატორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზაკ-ის 58.1 მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრების უფლება მოიცავს პრეზიუმირებას იმისა, რომ პირისათვის ცნობილია აქტის შინაარსი, გასაჩივრება გულისხმობს აქტის გამოცემის მოტივების ცოდნას. გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. პირს უნდა ჰქონდეს ფაქტზე რეაგირების ეფექტური, ქმედითი და არა ილუზორული მექანიზმი (სუსგ 06.10.2016წ. №ბს 770-762(კ-15)), შესაბამისად, აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა არ დაიშვება. კასატორი არ მიუთითებს სადავო აქტის მოსარჩელის მიერ ოფიციალურად გაცნობის თარიღზე, გარდა ამისა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა 16.05.2005წ., ხოლო სარჩელი ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ი. ლ-ამ აღძრა 16.06.2005წ., ამდენად, კასატორი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ არის დასაბუთებული და გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს საქმეზე გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ განხორციელდა არა სამსახურის ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია. სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას შეფასებას საჭიროებს რეორგანიზაციის სახე. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შტატების შემცირებით რეორგანიზაციის შემთხვევაში, რეორგანიზაცია უკავშირდებოდა მოხელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების აუცილებლობას (სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.2 მუხ.), ხოლო მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ი. ლ-ასათვის სხვა თანამდებობა იმჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.2 მუხლის შესაბამისად არ შეუთავაზებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად განხორციელდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია, ქ. თბილისის მერის 16.05.2005წ. №154 განკარგულების მიხედვით, მოსარჩელეზე გავრცელდა დაწესებულების ლიკვიდაციის სამართლებრივი რეჟიმი. ყოველივე აღნიშნული ხსენებული განკარგულების არა ასკ-ის 32.1 მუხლით, არამედ ასკ-ის 32.4 მუხლის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, კასატორის ი. ლ-ას მოსაზრება ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო, ასევე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავს მოცემულ სტადიაზე მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების საფუძვლიანობის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ლ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ლ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
მ. ვაჩაძე