დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.11.2021
საქმის ნომერი
ბს-1280(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-1280(კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 04 აპრილს ი. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი. ბ-ის დაჯარიმების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტის) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №115 დადგენილებისა და ი. ბ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის მერის 2018 წლის 19 მარტის №02/85 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №115 დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 29 მარტის №02/85 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მერიის საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება მოქმედებს კანონმდებლობით გათვალსიწინებული ვადების შესაბამისად. ამდენად, იგი უფლებამოსილი არ იყო დალოდებოდა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ პროექტში ცვლილების განხორციელების თაობაზე ბრძანების გამოცემას. კასატორის მითითებით, ი. ბ-ის მიმართ ნებართვის გაცემის თაობაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება გაიცა 2019 წლის 14 მაისს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კი ქ. ბათუმის მერია ვალდებული იყო შემოწმების აქტის გამოცემიდან ორი თვის ვადაში მიეღო სათანადო გადაწყვეტილება. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ვადის დამატებით ორი თვით გაგრძელების შემთხვევაშიც, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მაინც გარდაუვალი იქნებოდა მითითებული დადგენილების გამოცემა. ამდენად, ის გარემოება, რომ მერია არ დაელოდა და არ გააგრძელა ადმინისტარციული წარმოების ვადა კიდევ 2 თვით, არ შეიძლება გახდეს დაჯარიმების თაობაზე დადგენილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ი. ბ-ი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისს „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ №მ/1292 ბრძანების (მშენებლობის სანებართვო მოწმობის ნომერი - №...) საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...ას ქ. №46-48-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე აწარმოებდა, აივნის რეკონსტრუქცია-მიშენებას. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 სექტემბერს გაიცა №245 მითითება, რომლითაც ი. ბ-ს მიეთითა სამშენებლო შეუსაბამობაზე, კერძოდ აივნის ფილის გაბარიტების დარღვევაზე და მიეცა წინადადება, გამოვლენილი დარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორებაზე, კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერებისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე.

2017 წლის 10 ნოემბერს ი. ბ-მა განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, შეთანხმებულ პროექტში ცვლილებების შეტანა, რომლითაც გამოსწორდებოდა №245 მითითების პირობები.

2017 წლის 27 ნოემბრის №25/18751 წერილით ი. ბ-ს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ ეცნობა, რომ 10 ნოემბრის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა სამი თვით, იმ საფუძვლით, რომ განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად განსახილველად გადაიგზავნა აჭარის ა/რ კულტურული მემკიდრეობის საბჭოში.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს, ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა 2017 წლის 22 ივნისის №მ/1292 მითითების პირობების შესრულება და დაადგინა, რომ მითითება არ იყო შესრულებული, რამდენადაც მშენებარე ობიექტი არ იყო პროექტთან შესაბამისობაში მოყვანილი. აღნიშნულის შედეგად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის 30 იანვარს მიიღო №115 დადგენილება, რომლითაც ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...ას ქ. №46-48-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე აივნის რეკონსტრუქცია-მიშენების გამო, ი. ბ-ი დაჯარიმდა 1 000 ლარით. ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №115 დადგენილება ი. ბ-მა გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 19 მარტის №02/85 სადავო ბრძანებით, ი. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის ტანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამასთან, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის გაგრძელება დასაშვებია გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში და გარკვეული ვადით. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ვალდებულება უპირობოდ გამოიყენოს ზემოხსენებული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილება და გაურკვეველი ვადით გააგრძელოს საქმის წარმოება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს იმ პირის ინტერესები, რომელმაც გარკვეული მოქმედება განახორციელა დარღვევის აღმოსაფხვრელად. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სადავო აქტები არ არის მიღებული საჯარო და კერძო ინტერების ურთიერთშეპირისპირების გათვალისწინებით, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი