საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 18.12.2003
საქმის ნომერი
2კ-316აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 316-აპ 18 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 ივლისის განაჩენი მ. დ-ს მიმართ შეიცვალა სასჯელის ნაწილში მის საუარესოდ.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 ივლისის განაჩენით მ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო პროკურორის თანაშემწემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 13 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში იმ მიმართებით, რომ მ. დ-ს შეფარდებული სასჯელი _ 10 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალა 3 წლით თავისუფლების აღკვეთით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მ. დ. სასჯელს იხდის 2003წ. 23 აპრილიდან.

მ. დ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სახელდობრ:

2003წ. 18 აპრილს, 14 საათსა და 30 წუთზე, მთვრალმა მ. დ-ემ გამოძიებით დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით შეაღწია ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹29 საბავშვო ბაღის შენობაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გარდერობიდან გაიტაცა 60 ლარად ღირებული ბავშვის ტყავის ქურთუკი, რითაც მნიშვნელოვანი ზაინი მიაყენა დაზარალებულს.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული მ. დ. ითხოვს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, შეფარდებული სასჯელის შემცირებას.

პროკურორი ე. ქ. ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი მ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული და მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს რა მსჯავრდებულ მ. დ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ იგი სამართალში პირველადაა, წარსული შებღალული არა აქვს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, ითვალისწინებს იმასაც, რომ 60 ლარად ღირებული მოპარული ბავშვის ქურთუკი დაუბრუნდა დაზარალებულს და მას ზარალი არა აქვს, შესაძლებლად მიიჩნევს სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებას და მსჯავრდებულ მ. დ-ს მიმართ სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთის _ დანიშვნას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: მ. დ-ს სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.