დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.10.2001
საქმის ნომერი
2კ-132დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.10.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 132-დად 2 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. კობახიძე

განიხილა თ. და მ. მ-ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა.კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაონული სასამართლოს 2001 წლის 6 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორ ბ ო-ს 2001 წლის 16 ივლისის დადგენილებაში საქმის შეწყვეტის შესახებ შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ სისხლის სამართლის საქმე ბ. კ-ს მიმართ წარმოებით შეწყდა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

ამავე დადგენილებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. მ-ის საჩივარი გენერალური პროკურატურის ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 11 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გარდაბნის რაიონული პროკურორის თანაშემწე ბ. კ-ს მიმართ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

მ/წლის 24 აპრილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენით თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “ე” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა განსასჯელის მეუღლემ მ. მ-მა განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიების დროს მან თავისი დის თანდასწრებით, ექსპერტიზის ჩასატარებლად 200 აშშ დოლარი გადასცა გარდაბნის რაიონის პროკურორის თანაშემწე ბ. კ-ს, რომელიც საქმეზე აწარმოებდა წინასწარ გამოძიებას. ამ განცხადებასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილ იქნა განჩინება, რომლითაც გენერალურ პროკურორს ეთხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტა.

საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაკითხული იქნენ მოწმეები, ეჭვმიტანილად ცნობილ იქნა და ეჭვმიტანილად დაიკითხა ბ. კ, რომელიც ასევე გადაყენებულია თანამდებობიდან. მოწმეებსა და ეჭვმიტანილს შორის ჩატარდა დაპირისპირება, შემოწმდა წამოჭრილი ვერსიები, რის შემდეგაც ბ. კ-ს მიმართ 2001 წლის 16 ივლისს საქმე წარმოებით შეწყდა, ვინაიდან არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

პროკურატურის მიერ მიღებული აღნიშნული დადგენილება უკანონოდ მიიჩნია მ. მ-მა და გაასაჩივრა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, სადაც საჩივარი განხილულ იქნა 2001 წლის 6 სექტემბერს, მაგრამ მისი მოთხოვნა დადგენილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით თ. და მ. მ-ების ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა.კ ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია ზერელედ და არასრულყოფილად, არ გამოკვლეულა ყველა გარემოება, რასაც მნიშვნელობა ჰქონდა ბ. კ-ს ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისათვის.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა.კმ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მ მმა აღნიშნა, რომ მან ბ. კ-ს გადასცა 200 აშშ დოლარი “მთავარი ექსპერტიზის” ჩასატარებლად, რასაც ამჟამადაც ადასტურებს.

პროკურორმა ე. ქმ კანონიერად მიიჩნია სასამართლოს დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ საქმეზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია, რომელმაც დეტალურად შეამოწმა მ. მ-ის განცხადებაში მითითებული გარემოებები და სავსებით კანონიერად ჩათვალა, რომ ბ. კ-ს მხრიდან არ ჰქონია 200 აშშ დოლარის აღების ფაქტს. პროკურორმა დაკითხა ყველა ის პირი, რომელთაც რაიმე შემხებლობა ჰქონდათ მ. მ-ის განცხადებასთან. უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი გამოძიებისას საქმეზე არ ჩატარებულა ე.წ. “მთავარი ექსპერტიზა” და არც თვით მ. მ-ს მოუთხოვია ასეთი ექსპერტიზის შედეგად თუ რა უნდა ყოფილიყო დადგენილი.

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია საქმის მასალები და მიიღო სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების საფუძველი საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც ადვოკატ ა. კ-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 560-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 სექტემბრის დადგენილება ბ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

ადვოკატ ა. კ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.