დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-476(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ 16.2) - ო. გ-ა; ე. ნ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 14 დეკემბერს ვ. ქ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3270 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით, გ. ქ-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციის შესახებ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 26 აგვისტოს ჩანაწერის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 26 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაებნენ ო. გ-ა და ე. ნ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1.1. ვ. ქ-ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდი, 3270 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ. ქ-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციის შესახებ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 26 აგვისტოს ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შენობა-ნაგებობის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3270 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის ო. გ-ას სახელზე №... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ...) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; ვ. ქ-ის სარჩელი ამ აქტის სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ვ. ქ-ის სარჩელი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ე. ნ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ვ. ქ-ის სარჩელი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 26 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ვ. ქ-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. (გ.) ქ-ის (კ-ის) სახელზე ტექბიუროს არქივის 1966-1985 წლების სააღრიცხვო მონაცემებით ირიცხებოდა გორში, ...ი №1, ოთახი 33-34, 37,60 კვ.მ. ფართით.
გ. ქ-ის სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოდან, მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიის საფუძველზე, საჯარო რეესტრში (მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით №... საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3270 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
გ. ქ-ის სისტემური რეგისტრაციით განსაზღვრულ ნაკვეთში არ შედიოდა მისი საკუთრების ჩრდილოეთით მდებარე შენობა-ნაგებობა.
გ. (გ.) ქ-ი გარდაიცვალა 2005 წელს. მისი სამკვიდრო მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრე ო. გ-ამ.
ო. გ-ას განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე გ. ქ-ის სახელზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 3270 კვ.მ. მიწა და №1 საცხოვრებელი შენობა საკადასტრო კოდით №..., 2016 წლის 12 აგვისტოს დაზუსტებული მონაცემებით აღირიცხა ო. გ-ას სახელზე; ნაკვეთის წინა ნომრად მიეთითა საკადასტრო კოდი №... (გ. ქ-ზე სისტემური რეგისტრაციით რიცხული მიწის ნაკვეთი).
რეგისტრაციის ეტაპზე ო. გ-ას მიერ წარდგენილი იქნა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებისგან განსხვავებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. დაზუსტებულ რეგისტრაციაში ნაწილობრივ მოქცეული იყო გ. ქ-ის სახელზე არსებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით დაფიქსირებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ნაწილი რჩებოდა დაზუსტებული რეგისტრაციის გარეთ; ამავდროულად, დაზუსტებული რეგისტრაციის ნაწილი სცდებოდა გ. ქ-ის სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს. ო. გ-ას მიერ დაზუსტებული მონაცემებში მოექცა გ. ქ-ის სისტემური რეგისტრაციის ჩრდილოეთით მდებარე შენობა-ნაგებობა.
რეგისტრირებულ კონფიგურაციას და პარამეტრებს საფუძვლად დაედო ო. გ-ას მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი 2016 წლის 25 ივლისის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იქნა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის მიერ.
მითითებული უძრავი ქონება, 2018 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 8 ოქტომბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა ე. ნ-ის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ქ-ის სახელზე ტექბიუროს არქივის სააღრიცხვო მონაცემებით ირიცხებოდა გორში, ...ის ქ. № 10-ში მდებარე უძრავი ქონება.
...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო ს. ქ-ი (გარდაცვლილი - 1992 წელს). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 20 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, აგებული 1972 წელს; მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდებოდა; ...ის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებისა და 1996-1988 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნების საარქივო ჩანაწერებში ს. ქ-ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო დამატებით შესულ 1989 წლის ...ის საკრებულოს საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნში დაფიქსირებული იყო ს. ქ-ი და მის სახელზე ირიცხებოდა: 58 X 134 = 7772 (0,78 ჰა); საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნი ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელი იყო.
ს. ქ-ი გარდაიცვალა 1992 წლის 18 დეკემბერს. მისი სამკვიდრო მიიღო მეორე რიგის მემკვიდრე ვ. ქ-მა.
ვ. ქ-მა 2018 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5783 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა ზედდება მოხდა ე. ნ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე; ამავე დროს, საჯარო რეესტრის მოსაზრებით, ვერ დადგინდა ს. ქ-ის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი სადავო მიწაზე, რადგან საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნი ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელი იყო.
ვ. ქ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მის საკუთრებაში ექცეოდა ე. ნ-ის საკუთრების ნაწილი, შენობა-ნაგებობა, გ. ქ-ის სისტემური რეგისტრაციის ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთით სცდებოდა ორივე რეგისტრირებულ მონაცემს.
საქმეზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 10 დეკემბერსა და 2019 წლის 11 თებერვალს მომზადებული იქნა ერთსა და იმავე ობიექტზე 2 გასხვავებული მონაცემების შემცველი ორთოფოტო: 2018 წლის 10 დეკემბერს მომზადებულ ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობა მოქცეული იყო გ. ქ-ის სისტემური რეგისტრაციის საზღვრებში, ხოლო 2019 წლის 14 თებერვლის №... მომართვაზე თანდართულ, 2019 წლის 11 თებერვალს მომზადებულ ორთოფოტზე - ამ საზღვრების გარეთ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის №... მომართვის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული რეგისტრირებული მონაცემების (სააღრიცხვო ბარათი და მასზე თანდართული საკადასტრო რუკა) მიხედვით, №... საკადასტრო კოდით სისტემური წესით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებში არ მდებარეობდა მითითებული შენობა-ნაგებობა; №... საკადასტრო კოდით სისტემური წესით რეგისტრირებულ მონაცემებს შეესაბამებოდა და ზუსტად ასახავდა 2019 წლის 14 თებერვალს №... მომართვაზე თანდართული სიტუაციური ნახაზი. ამასთან, სააგენტოში დაცული სისტემური აღწერის დაუზუსტებელი გრაფიკული მონაცემები რიგ ტერიტორიებზე არ შეესაბამებოდა და ხშირ შემთხვევაში აცდენილი იყო სისტემური წესით რეგისტრირებული და საჯარო რეესტრში დაცულ სააღრიცხვო ბარათებზე ასახული საკადასტრო მონაცემებისა და ასევე ფაქტობრივად არსებული მდგომარეობისაგან.
...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ კ. თ-ის მიერ 2019 წლის 13 მარტს ხელმოწერით დადასტურებული იქნა სოფელ ...ში მცხოვრებ კ. ქ-ის, ლ. ნ-ისა და ნ. ნ-ის მიერ შედგენილი აქტი მასზედ, რომ ს. ქ-ი 1992 წლამდე (გარდაცვალებამდე) ცხოვრობდა და ფლობდა სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ ბინასა და ნაკვეთს; ბინა ააშენა ს. ქ-მა ბიძაშვილის - გ. ქ-ის ნაკვეთში. ს. ქ-ის გარდაცვალების შემდეგ გ. ქ-ი დაბრუნდა სოფელში და შესახლდა ს. ქ-ის აშენებულ ბინაში (არავის კუთვნილ ნაკვეთში). აქტის ხელმოწერით დამოწმება კ. თ-მა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ კ. თ-ისა და სადავო მიწის მომიჯნავედ მცხოვრებ თ. ნ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ სადავო ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი) აშენებულია ს. ქ-ის მიერ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არ დგინდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, ხოლო შენობა-ნაგებობის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო, ვინაიდან, ო. გ-ას (მესამე პირი) მამკვიდრებლის ქონებაში არ შედიოდა საკუთრებად რეგისტრირებული, შენობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის შეფასებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე გამორიცხავდა გ. ქ-ის და დაადასტურებდა ს. ქ-ის საკუთრების უფლებას. თუმცა, როგორც კასატორი უთითებს, საქმეში არის საარქივო ჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე ს. ქ-ის საკუთრების უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით (2005 წლის 28 დეკემბერი; №2635-რს)) პირველი მუხლის თანახმად, მიწის რეგისტრაცია არის – მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია. ამავე მუხლით, რეგისტრაცია განიმარტებოდა როგორც - სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ხოლო სააღრიცხვო ბარათი არის - სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების ობიექტის გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც).
მითითებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი №... მიწის ნაკვეთზე გაცემული სააღრიცხვო ბარათის თანახმად, გ. ქ-ს საკუთრებაში ჰქონდა სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი - 3270 კვ.მ. (საფუძველი - მიწის საგადასახადო სია №235).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 3270 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გ. ქ-ის საკუთრების უფლებას ასევე ადასტურებდა საქართველოს ეროვნული არქივის გორის ადგილობრივი არქივის 2015 წლის 6 ოქტომბრის №94 ცნობა. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 6 მარტის №21-02-1/24390 ცნობის თანახმად, სოფ. ...ის 2003 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სია საარქივო სამმართველოში არ ინახებოდა, ხოლო 2007 წლის წლის ...ის საკრებულოს სიიდან ამონარიდის თანახმად, გ. ქ-ს უფიქსირდებოდა 0.327 ჰა სასოფლო სამურნეო მიწის ნაკვეთი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას და მიიჩნევს, რომ გ. (გ.) ქ-ის საკუთრების დამადასტურებელი სააღრიცხვო ბარათი (№...; 26/8/2003) და მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია შესრულებული იყო სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, სადავო ქონების ო. გ-ას სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ო. გ-ამ, როგორც გ. (გ.) ქ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება. დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აგვისტოს ო. გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია მოითხოვა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ო. გ-ას მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე სარეგისტრაციოდ მოექცა სამკვიდრო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე შენობა-ნაგებობაც. შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის ნაწილში სადავო აქტი გაბათილებულია და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა), ამდენად, საკასაციო სასამართლოში შეფასების საგანს ო. გ-ას სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის დარჩენილი ნაწილის ბათილად ცნობა წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. (გ.) ქ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის კანონიერად მიჩნევისა და შენობა-ნაგებობის ნაწილში სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში არ იკვეთება - ო. გ-ას სახელზე განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციის სრულად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ე. ნ-ის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციებთან მიმართებაში განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც უსაფუძვლოა, ვინაიდან, ძალაშია რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება.
კასატორის ვ. ქ-ის სასარგებლოდ, 5783 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო ს. ქ-ი (გარდაცვლილი - 1992 წელს; მემკვიდრე - ვ. ქ-ი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 20 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, აგებული 1972 წელს; მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდებოდა; ...ის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებისა და 1996-1988 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნების საარქივო ჩანაწერებში ს. ქ-ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო დამატებით შესულ 1989 წლის ...ის საკრებულოს საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნში დაფიქსირებული იყო ს. ქ-ი და მის სახელზე ირიცხებოდა: 58 X 134 = 7772 (0,78 ჰა); საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნი ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელი იყო. ამდენად, კასატორი ვერ მიუთითებს, მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ ისეთ უტყუარ მტკიცებულებებზე, რომელიც სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მისი პოზიციის გაზიარების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი/მ მ. ჩ-ეს საკასაციო საჩივარზე 16.10.2020წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. ი/მ მ. ჩ-ეს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.10.2020 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი