დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-425(2კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 წლის ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 13 ივნისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №Q... გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტისა (იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან საფარზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა) და სს „...ის“ 2017 წლის 15 ივნისის №10/0117166835-01 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების (ვირტუალური უარი) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „...ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №Q... გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან საფარზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება, სს „...ის“ 2017 წლის 15 ივნისის №10/0117166835-01 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესზე” და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №Q... გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის საფუძველზე, სს ,,...ს”, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა მიეცა იმ პირობით, რომ საზოგადოება, ქ. თბილისში, ...ის გამზირი, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ, მიუხედავად თხრილის ზომისა, უზრუნველყოფდა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობას ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნებოდა არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღდგენითი სამუშაო უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით. პალატის მითითებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები გაწერილი იყო ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის” მე-4 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის (სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედაქციით) ,,კ“ ქვეპუნქტი ადგენდა შემდეგს: ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. გამონაკლისი ზემოაღნიშნული პირობიდან განსაზღვრული იყო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც ადგენდა, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებლისათვის დაეწესებინა სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გლდანის რაიონი, ...ის გზატკეცილი, შპს „...-ს“ 20 №312 ხარჯთაღრიცხვის აქტის თანახმად, ქ. თბილისი, ...ის გამზირი, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ, ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება (თხრილის ფარგლებში) შეადგენდა 3167,82 ლარს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით, ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 10102,84 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ გასაწევი ხარჯის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც უკავშირედებოდა აღდგენითი სამუშაოების განხორციელების პროცესს, არსებითად ზრდიდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საგამონაკლისო ნორმის გამოყენების პირობებში დაესაბუთებინა ამ ნორმის გამოყენების საჭიროება და მისი გარდაუვალობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება თანხმობის შესახებ აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს რაიმე შეზღუდვა ან/და პირობა. ერთ-ერთ ასეთ პირობად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილება განსაზღვრავს განმცხადებლისთვის თხრილის ფარგლებში ტროტუარის აღდგენისა და ახალი 3 სმ-იანი ასფალტი საფარის მოწყობის დავალებას. აღნიშნულ პროცესში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
კასატორმა მიუთითა სს „...ის“ 2017 წლის 18 აპრილის №... პროექტზე, რომლის განმარტებითი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ იგეგმება ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილსა და ...ის გადაკვეთაზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ელექტრო მომარაგება, კერძოდ, საკაბელო ქსელის მოწყობა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა. მითითებული საკაბელო ქსელის მოწყობის მიზნით, საპროექტო მონაკვეთზე, ქ. თბილისში, ...ის გამზირისა და ...ის I შესახვევის გასწვრივ, გათვალისწინებულია გათხრითი სამუშაოების ჩატარება. კასატორის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი საპროექტო მონაკვეთის ამსახველი ფოტომასალის მიხედვით, საპროექტო მონაკვეთზე უმეტესწილად არსებობს ტროტუარი ასფალტის საფარით, ხოლო გრუნტის საფარით საპროექტო მონაკვეთის მხოლოდ გარკვეული ნაწილი არის დაფარული. ასევე დადგენილია, რომ ქუჩის სავალი ნაწილის გასწვრივ მდებარე იმ მონაკვეთზე, სადაც არსებობს ასფალტის საფარი, მითითებული საფარი კარგ მდგომარეობაშია. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ქონების მართვის სააგენტომ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელა საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხაზოვანი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შედეგად კი, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი 2017 წლის 24 მარტის №Q... გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტით, არსებული ასფალტის საფარის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია საპროექტო მონაკვეთში არსებულ ასფალტის საფარიან ტროტუარზე საფარის არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენა. ხსენებული პუნქტის თანახმად, საფარის აღდგენა უნდა მოხდეს უკვე არსებული ასფალტის საფარის მოხსნით. რაც შეეხება სავალი ნაწილის გასწვრივ მდებარე ზოლის გრუნტით დაფარულ მონაკვეთებს, სადავო გადაწყვეტილების №2 დანართის მე-12 პუნქტის საფუძველზე ქონების მართვის სააგენტომ გათხრის წარმოების შედეგად დაზიანებული საფარის აღდგენის განსხვავებული პირობები დაადგინა. კერძოდ, გრუნტის საფარიანი (და გამწვანების) ზოლი სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა მოყვანილიყო პირვანდელ მდგომარეობაში. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო და კერძო ინტერესები თანაბრად არის მხედველობაში მიღებული, ვინაიდან საპროექტო მონაკვეთზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის დავალების თაობაზე ქონების მართვის სააგენტოს დანაწესი გამომდინარეობს საჯარო ინტერესის დაცვის მიზნიდან, კერძოდ, იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ სადავო გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრულ საპროექტო მონაკვეთზე არსებული ასფალტის საფარი არის კარგ მდგომარეობაში. აღნიშნულის გამო, მიზანშეუწონელია გათხრითი სამუშაოების წარმოების ფარგლებში მისი დაზიანების შემდგომ ხსენებული ასფალტის საფარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, 2017 წლის 24 მარტის №Q... გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის მიღებისას, ქონების მართვის სააგენტოს მიერ მისთვის კანონის საფუძველზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება მართლზომიერად იქნა განხორციელებული, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო აღნიშნავს, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებით სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები. სს „...მა“ 2017 წლის 21 მარტს №Q... ელექტრონული განცხადებით მომართა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გაცემა. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია. სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...ის“ განცხადება და მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, ...ის გამზ. ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. კასატორის მითითებით, 2017 წლის 24 მარტის №Q... გადაწვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტრესები, კერძოდ: 1. ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას; 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საიდანაც ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რომლის რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტის ორგანოები, შესაბამისად, მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები დაიხარჯოს რაციონალურად და არ გახდეს საჭიროება ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის ხელოვნურად დაზიანების შედეგად ხელმეორედ მოწყობა და თანხები მოხმარდეს ქალაქში არსებულ უკვე დაზიანებული/განადგურებული ასპალტის საფარის კეთილმოწყობას. 3. მოქალაქეებს შეექმნათ გადაადგილების ნორმალური პირობები, არ მივიღოთ ქალაქში ხელოვნურად დაზიანებული ტროტუარები, სადაც შესაძლებელია მოქალაქეებმა (მათ შორის ბავშვებმა) მიიღონ ჯანმრთელობის დაზიანებები. მეორეს მხრივ, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით მეტი ფინანსური დანახარჯები ტროტუარის იმ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოში ყოველდღიურად შედის სს „...ის“ და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების უამრავი განცხადება, რომლითაც ითხოვენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას და პირობად მოთხოვნილია ასფალტის საფარის აღდგენა მხოლოდ თხრილის ფარგლებში. სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებას. ხოლო, ახალმოწყობილი და დაუზიანებელი ტერიტორიის შემთხვევაში კი სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ მოითხოვა სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და მოცულობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სს ,,...მა“ №Q... ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზირი, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №Q... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,...ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისი, ...ის გამზირი, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ქ. თბილისი, ...ის გამზირი, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე თანხმობა შესაძლოა გაცემულიყო შემდი შეზღუდვით/პირობით - „ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით“. ამასთან, ამევე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სს „...ისათვის“ ხაზობრივ ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის პირობის (მიუხედავად თხრილის ზომისა, უზრუნველყოფილ იქნეს ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობა) კანონიერების დადგენა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მართალია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებდა განსხვავებული შეზღუდვის/პირობის დადგენის უფლებამოსილებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამგვარი უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა გამოეყენებინა. ამდენად, გასაზიარებელია მოსაზრება, რომ მოპასუხეებს სათანადოდ უნდა დაესაბუთებინათ მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად კასატორის განმარტებით, რიგ შემთხვევაში სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას. ამდენად, მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული ორგანოს თითოეული გადაწყვეტილება შეიცავდეს იმგვარ არგუმენტაციას, რომელიც დაასაბუთებს განსხვავებული პირობის დაწესების მართლზომიერებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 12.08.20წ. №02204 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს 12.08.20წ. №02204 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის - 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი