საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 143-აპ 13 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 ივნისის განაჩენით თ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განაჩენი თ. ლ-ძის მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით თ. ლ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, ანუ ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, არაერთგზის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება. კერძოდ, თ. ლ-ძემ მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, 2000 წლის 31 ოქტომბერს და 28 ნოემბერს კერძო ტაქსების მძღოლებს – კ. ღ-ძესა და ა. ო-შვილს გასტაცა 320 ლარად და 229 ლარად ღირებული “პანასონიკისა” და “ერიქსონის” ფირმის მობილური ტელეფონები. მანვე ნაპოვნ, ი. ნ-ძის სახელზე გამოწერილ ტელევიზიის კორპორაცია “სტუდიო აუდიტორის” ¹008 საშვში ჩააკრა თავისი ფოტოსურათი, გაუკეთა მას ლამინირება და იყენებდა როგორც პირად საბუთს.
მსჯავრდებული თ. ლ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის ზომის შემცირებას სანქციის მინიმუმამდე იმ მოტივით, რომ დაავადებულია სამნაირი ავადმყოფობით – ეპილეფსიით, სისხლძარღვების შევიწროებით, თირკმელში კენჭით, ასევე საჭიროებს თიაქრის სასწრაფო ოპერაციას. ამასთან, საჩივარში მიუთითებს, რომ ჰქონდა მძიმე ბავშვობა, გაიზარდა ობლობაში, ამჟამად კი საპყრობილეში დაძაბული ურთიერთობა აქვს დამნაშავეთა სამყაროსთან.
პროკურორი ე.. არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდაა დადასტურებული თ. ლ-ძის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რასაც თავად მსჯავრდებულიც აღიარებს და ინანიებს. რაც შეეხება თ. ლ-ძისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას, აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებულია, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრის დროს პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 ივნისის განაჩენით თ. ლ-ძე მსჯავრდებულია სსკ-ის 17,93-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ახალ დანაშაულთან ერთობლიობაში ქმნის საშიშ რეციდივს; ასეთ შემთხვევაში კი სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის 2/3-ზე ნაკლები, ანუ მოცემულ შემთხვევაში _ 4 წელზე ნაკლები.
სააპელაციო პალატის განჩინებაში არასწორადაა მითითებული საშიში რეციდივის თაობაზე, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ თ. ლ-ძის მიერ სსკ-ის 17,93-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია 1998 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 1999 წლის იანვარში, ე.ი. ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედებამდე. 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი კი საშიში რეციდივის ცნებას არ ითვალისწინებდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ახალი სისხლის სამართლის კოდექსი მსჯავრდებულის პასუხისმგებლობას ამძიმებს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად კი, ასეთ შემთხვევაში კანონს უკუძალა არა აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს მითითება თ. ლ-ძის მიმართ საშიში რეციდივის თაობაზე და, შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და პიროვნების გათვალისწინებით, თ. ლ-ძეს სასჯელის ზომა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით უნდა შეუმცირდეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ თ. ლ-ძეს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით შეეფარდოს 2 წლით თავისფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 300 ლარის ოდენობით დარჩეს იგივე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ თ. ლ-ძეს განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.