საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.12.2001
საქმის ნომერი
2კ-65კოლ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.12.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 65-კოლ 26 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,ნ. გვენეტაძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. პ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ.ჯ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 1 აგვისტოს განაჩეზე, რომლითაც გ. პ-შვილს საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის სსკ), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “გ” და “ლ” პუნქტებით მთლიანობაში, საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით გ. პ-შვილი მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:

1991 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ. პ-შვილი იმყოფებოდა თბილისში, ცენტრალური ტელევიზიის შენობის მახლობლად გამართულ მიტინგზე, რა დროსაც გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან 700 რუსულ მანეთად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა უცხოური წარმოების ცეცხლსასროლი იარაღი _ “ბერეტას” სისტემის პისტოლეტი თავისივე ვაზნებით. მანვე, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინა ასაფეთქებელი მოწყობილობა _ ხელყუმბარა, რასაც პერიოდულად ატარებდა და ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში.

1991 წლის 28 ოქტომბერს გ. პ-შვილი მივიდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “კინოს სახლთან” გამართულ მიტინგზე, სადაც ნახა თავისი მეგობარი, აწ გარდაცვლილი ნ. გ-იანი, რომელთანაც იმჟამად ინახავდა პისტოლეტსა და ხელყუმბარას. ისინი შეთანხმდნენ, რომ მიტინგის დამთავრების შემდეგ გ-იანი გადასცემდა პ-შვილს მიბარებულ იარაღს. მიტინგის დამთავრების შემდეგ პ-შვილი და გ-იანი ამ უკანასკნელის კუთვნილი “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანით მივიდნენ თბილისში, ... კორპუსთან, სადაც ცხოვრობდა გ-იანის სიდედრი. ორივე ჩავიდა ბინის სარდაფში, სადაც გ-იანმა პ-შვილს გადასცა მიბარებული პისტოლეტი და ხელყუმბარა. ამის შემდეგ გ-იანი ავიდა სახლში, ხოლო პ-შვილი მივიდა ავტომანქანასთან, რა დროსაც მას შეხვდნენ გ-იანის სიმამრი ა. გ-ია, ზ. ს-ძე და მ. დ-შვილი. ოთხივე ჩაჯდა გ-იანის ავტომანქანაში და დაელოდნენ მის ჩამოსვლას. ამ დროს ავტომანქანასთან მივიდნენ თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მე-3 ქვეგანყოფილების მუშაკები: კ. პ-შვილი და ს. თ-ძე, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხაზით. პ-შვილმა და თ-ძემ წინადადება მისცეს ავტომანქანაში მსხდომთ, გადმოსულიყვნენ და ეჩვენებინათ პირადობის დამადასტურებული დოკუმენტები. გ-ია და დ-შვილი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გაიქცნენ, ხოლო პ-შვილი და ს-ძე პოლიციის ხსენებულმა მუშაკებმა დააკავეს. პ-შვილმა დაკავებულები დასხა თავის “ვაზ-2107” მარკის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, თ-ძე კი დაჯდა გ-იანის კუთვნილ “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანის საჭესთან და ორივე ავტომანქანით წავიდდნენ პოლიციის ქვეგანყოფილებისაკენ. გუდამაყრის ქუჩაზე გავლისას პ-შვილმა პოლიციელებისაგან თავის დაღწევის მიზნით განიზრახა პ-შვილის მოკვლა, ამოიღო “ბერეტას” სისტემის პისტოლეტი და ერთჯერადი გასროლით კისრის არეში მძიმედ დაჭრა საჭესთან მჯდომი პ-შვილი. დაჭრილმა პ-შვილმა ვეღარ შეძლო ავტომანქანის მართვა და შეეჯახა ხეს. შეჯახების შედეგად გ. პ-შვილსაც დაუზიანდა სახის არე, რის გამოც ისიც ავტომანქანით გადაყვანილ იქნა მე-8 საავადმყოფოში, მაგრამ საავადმყოფოს ეზოში იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან, ამოიღო ხელყუმბარა, დაემუქრა იქ მყოფთ აფეთქებით და გაიქცა. დაჭრილი პ-შვილი მიყვანილ იქნა თბილისის მე-8 კლინიკურ საავადმოყოში, სადაც ჩაუტარდა მკურნალობა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 1991 წლის 19 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

გ. პ-შვილის განზრახი მოქმედებით დაზიანდა პ-შვილის ავტომანქანა და მისი აღდგენის შედეგად პ-შვილის ოჯახმა მიიღო მნიშვნელოვანი ზიანი – 1000 ლარის ზარალი.

გ. პ-შვილის დაკავება მოხერხდა მხოლოდ 2000 წლის 26 აპრილს, რის შემდეგაც 27 აპრილს მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ,,რ.გ.დ.” 5 ტიპის ხელყუმბარა, რომელიც მას მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი და ინახავდა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ გ. პ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ბ.ჯიქია ითხოვს განაჩენის შეცვლას გ. პ-შვილის მიმართ მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, გ. პ-შვილს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 157-ე (1960 წლის სსკ) და 236-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. მისი ქმედება, რაც დაკვალიფიცირებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “გ” და “ლ” პუნქტებით, გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 108-ე მუხლზე (1960 წლის სსკ). იგი მსჯავრდებულ იქნეს აღნიშნული მუხლით და მის მიმართ გამოყენებულ იქნეს 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილება ამნისტიის შესახებ.

კასატორის განმარტებით, გ. პ-შვილს, კ. პ-შვილის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ასეთი განზრახვის შემთხვევაში, გ. პ-შვილი პოლიციის თანამშრომელს ავტომანქანაში არ ჩაუჯდებოდა და იქვე გამოიყენებდა იარაღს. კასატორის მითითებით, გ. პ-შვილმა იარაღი ამოიღო და უჩვენა კ. პ-შვილს იმის დასადასტურებლად, რომ იგი არ იყო ყაჩაღი და მას რაიმე მართლსაწინააღმდეგო განზრახვა არ ჰქონია. კასატორის განმარტებით, სწორედ ამ დროს კ. პ-შვილმა ავტომანქანით მკვეთრად მოუხვია და დაამუხრუჭა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ გ. პ-შვილმა თავის შესაკავებლად იარაღიანი ხელი ჩასჭიდა მძღოლის სავარძლის ზურგს, რა დროსაც მოხდა გასროლა.

კასატორის განმარტებით, გ. პ-შვილს კ. პ-შვილის მკვლელობისა და მისი ავტომანქანის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია.

კასატორის განმარტებით, გ. პ-შვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარებულ იქნა საპროცესო ნორმების მოთხოვნათა არსებითი დარღვევით.

პროკურორმა გ. მიქაძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერად მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, კასატორს, მსჯავრდებულ გ. პ-შვილის ინტერესების დამცველ ადვოკატ ბ. ჯ-ს, პროკურორ გ.მ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ გ. პ-შვილს კ. პ-შვილის მკვლელობის განზრავა არ ჰქონია. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 1991 წლის 28 ოქტომბერს გ. პ-შვილი ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “კინოს სახლთან” გამართულ მიტინგზე შეხვდა თავის მეგობარს, აწ გარდაცვლილ ნ. გ-იანს, რომლის საცხოვრებელ ბინაშიც ინახავდა პისტოლეტსა და ხელყუმბარას. მიტინგზე გ. პ-შვილი და ნ. გ-იანი შეთანხმდნენ, რომ მიტინგის დამთავრების შემდეგ ნ. გ-იანი გ. პ-შვილს მისცემდა მიბარებულ იარაღს. მიტინგის დამთავრების შემდეგ პ-შვილი და გ-იანი ამ უკანასკნელის კუთვნილი “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანით მივიდნენ თბილისში, ... კორპუსთან, სადაც ცხოვრობდა გ-იანის სიდედრი. ორივენი ჩავიდნენ ბინის სარდაფში, სადაც გ-იანმა პ-შვილს გადასცა მიბარებული პისტოლეტი და ხელყუმბარა. ამის შემდეგ გ-იანი ავიდა სახლში, ხოლო პ-შვილი მივიდა ავტომანქანასთან, სადაც მას შეხვდნენ გ-იანის სიმამრი ა. გ-ია, ზ. ს-ძე და მ. დ-შვილი. ოთხივენი ჩასხდნენ გ-იანის ავტომანქანაში და ელოდებოდნენ ამ უკანასკნელს. ამ დროს ავტომანქანასთან მივიდნენ თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მე-3 ქვეგანყოფილების მუშაკები: კ. პ-შვილი და ს. თ-ძე, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხაზით. კ. პ-შვილმა და თ-ძემ წინადადება მისცეს ავტომანქანაში მსხდომთ, გადმოსულიყვნენ და ეჩვენებინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გ-ია და დ-შვილი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გაიქცნენ, ხოლო გ. პ-შვილი და ს-ძე ხსენებულმა პოლიციის მუშაკებმა დააკავეს. კ. პ-შვილმა დაკავებულები დასხა თავისი, “ვაზ-2107” მარკის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, თ-ძე კი დაჯდა გ-იანის კუთვნილ “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანის საჭესთან. ორივე ავტომანქანით წავიდნენ პოლიციის ქვეგანყოფილებისაკენ.

საქმის მასალებით ასევე უტყუარად არის დადგენილი, რომ გზაში გ. პ-შვილმა ამოიღო “ბერეტას” სისტემის პისტოლეტი, საიდანაც მოხდა ერთჯერადი გასროლა საჭესთან მჯდომი კ. პ-შვილის მიმართულებით. ტყვია კ. პ-შვილს მოხვდა უკნიდან, კისრის არეში, რის შედეგად მას დაუზიანდა ვენური წნულის სისხლის მილები, საყლაპავი და ზურგის ტვინი. იგი ამ დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

საქმის მასალებით ასევე უტყუარად არის დადგენილი, რომ კ. პ-შვილს ესროლა გ. პ-შვილმა. იარაღიდან სროლის ფაქტს არ უარყოფს თვით მსჯავრდებულიც, მაგრამ იგი უარყოფს კ. პ-შვილის მოკვლის განზრახვას და უთითებს, რომ ავტომანქანაში კ. პ-შვილთან შეკამათების შემდეგ, იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ყაჩაღები არ იყვნენ, ამოიღო “ბერეტას” სისტემის პისტოლეტი, რაზეც გაბრაზებულმა კ. პ-შვილმა ხელი აუქნია, დაიწყო ავტომანქანის მოტრიალება, რა დროსაც უნებურად მოხდა გასროლა. სასამართლო კოლეგიამ სწორად არ გაიზიარა მსჯავრდებულ გ. პ-შვილის ეს ჩვენება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებენ გ. პ-შვილის განზრახვას კ. პ-შვილის მკვლელობის თაობაზე.

გ. პ-შვილი შემთხვევის დღეს პოლიციის თანამშრომელმა კ. პ-შვილმა ჩაისვა ავტომანქანაში და მიყავდა პოლიციის განყოფილებაში. გ. პ-შვილს, რომელსაც თან ჰქონდა სათანადო ნებართვის გარეშე “ბერეტას” სისტემის პისტოლეტი და ხელყუმბარა, შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას ჩატარდებოდა სათანადო მოქმედებები და მისგან ამოღებული იქნებოდა ხელყუმბარა და “ბერეტას” სისტემის პისტოლეტი.

აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, ამოიღო “ბერეტას” სისტემის პისტოლეტი და ესროლა საჭესთან მჯდომ პოლიციის თანამშრომელ კ. პ-შვილს; მოწმე ზ. ს-ძის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ იგი გ. პ-შვილთან ერთად დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩასვეს თავიანთ კუთვნილ ავტომანქანაში, რომლის საჭესთანაც დაჯდა კ. პ-შვილი. პოლიციის თანამშრომლებს ისინი მიჰყავდათ პოლიციაში. გზაში მათსა და კ. პ-შვილს შორის მიმდინარეობდა საუბარი მათი დაკავების თაობაზე, რა დროსაც სალონის მარცხენა მხარეს მჯდომმა გ. პ-შვილმა მოულოდნელად ესროლა საჭესთან მჯდომ კ. პ-შვილს.

ზ. ს-ძის ჩვენების სარწმუნოობა დადგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, კ. პ-შვილის სიკვდილის უშუალო მიზეზია კისრის მიდამოს ცეცხლნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობის შედეგად განვითარებული ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა. კისრის მიდამოში ღრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა ვენური წნულის სისხლის მილების, საყლაპავის და ზურგის ტვინის დაზიანებით მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ჭრილობის არხი მიმართულია უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ზემოდან ქვემოთ. ტყვიის არხი მთავრდება ღრმად, გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, საიდანაც საავადმყოფოში ამოღებულ იქნა ტყვია.

სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღი, 9 მმ ყალიბის “ბერეტას” კონსტრუქციის პისტოლეტი, ვარგისია სროლისათვის. გამოსაკვლევად წარდგენილი ტყვია და მასრა განეკუთვნება 9 მმ. ყალიბის “მაკაროვის” კონსტრუქციის პისტოლეტის ვაზნის მასრას და ტყვიას და გასროლილია წარდგენილი 9 მმ. ყალიბის “ბერეტას” კონსტრუქციის პისტოლეტიდან.

წარდგენილი იარაღი გადაკეთებულია დამზადების შემდეგ, რის შედეგადაც შესაძლებელია მისგან “მაკაროვის” კონსტრუქციის პისტოლეტის ვაზნით ერთჯერადი გასროლა. ამავე დასკვნის თანახმად, კ. პ-შვილის სხეულიდან ამოღებული ვაზნა გასროლილია წარდგენილი “ბერეტას” სისტემის პისტოლეტიდან.

სასამართლო-ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, კ. პ-შვილის პიჯაკზე, პულოვერსა და პერანგზე აღინიშნება თითო დაზიანება, რომლებიც მიყენებულია რაიმე მეტალო-სპილენძის შემცველი ჭურვის ერთჯერადი გასროლის შედეგად. თავისი ლოკალიზაციით დაზიანებები შეესაბამება ერთმანეთს და ჭრილობას დაზარალებულის სხეულზე, კისრის უკანა ზედაპირზე. სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან.

მსჯავრდებულ გ. პ-შვილის მიერ კ. პ-შვილის მკვლელობის განზრახვა დადგენილია მის მიერ განხორციელებული მოქმედებით. გ. პ-შვილისათვის, რომელმაც ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი ავტომანქანაში, ცნობილი იყო, რომ ეს იარაღი წარმოადგენდა საფრთხის წყაროს. გ. პ-შვილმა ესროლა რა კ. პ-შვილს ავტომანქანაში უკნიდან, ახლო მანძილიდან, სიცოცხლისათვის სახიფათო ორგანოებში, კერძოდ, კისრის არეში, სადაც განლაგებულია ისეთი სასიცოცხლო ორგანოები, როგორიცაა ვენური წნული, ზურგის ტვინი, შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მძიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი.

ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ. პ-შვილმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინა კ. პ-შვილის განზრახ მკვლელობა.

პალატას მიაჩნია, რომ გ. პ-შვილის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილება “ამნისტიის შესახებ”, ვინაიდან 1992 წლის 22 თებერვლის ამნისტიის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელისაგან არ თავისუფლდებიან პირები, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ამნისტიის მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილი უნახევრდებათ მსჯავრდებულებს, რომლებიც არ თავისუფლდებიან სასჯელისაგან. მართალია, ეს მუხლი უთითებს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილი უნახევრდებათ მსჯავრდებულებს, რომლებიც არ თავისუფლდებიან სასჯელისაგან, მაგრამ ამ მუხლში მითითებულია, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილი უნახევრდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამნისტიის გამოცემის დროს ან მისი მოქმედების განმავლობაში არიან მსჯავრდებულნი. გ. პ-შვილი არც ამნისტიის გამოცემამდე და არც მისი გამოცემისა და მოქმედების ვადაში მსჯავრდებული არ ყოფილა.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გ. პ-შვილის მიმართ დადგენილი განაჩენი კანონიერია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 1 აგვისტოს განაჩენი გ. პ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელი.