განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 08.01.2001
საქმის ნომერი
2კ-140აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.01.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 140-აპ 8 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ბ. ც-ია ამჟამად ქ.ქუთაისის ¹2საპყრობილის პატიმარი,- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით და შეეფარდა ერთი წლით და ექვსი თვით თ/აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ც-ია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 17 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ბ. ც-ია ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:

ბ. ც-იამ 2000 წლის 20 სექტემბერს, ქ. ზუგდიდში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან აქციზური მარკის გარეშე ბითუმად შეიძინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელი – 23 000 ლარის ღირებულების 23 ათასი ცალი კოლოფი უცხოური წარმოების სიგარეტი “ვაისროი”, რაც ქ. ზუგდიდიდან გადაზიდა ქ. ფოთში და ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც 2000 წლის 24 სექტემბერს ქ. ქობულეთში გადაზიდვის მიზნით ჩატვირთა სატვირთო ავტომანქანაში. ტრანსპორტირებისას სიგარეტით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა დაკავებულ იქნა ქ. ფოთის ტერიტორიაზე. გურიის ქუჩაზე პოლიციის სამსახურის მალთაყვის საგუშაგოს მიერ ამოღებულ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 23 ათასი კოლოფი 23 ათასი ლარის ღირებულების უცხოური წარმოების სიგარეტი “ვაისროი” აქციზური მარკის გარეშე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 27 ივლისის განაჩენით სასამართლო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის, ასევე სპეციალისტის, ქ.ფოთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორის მ. ბ-ას, სასამართლო-სასაქონლო ექსპერტ ი. ბ-ს ჩვენებების ერთობლივი შეფასების შედეგად გააკეთა დასკვნა იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმით უნდა მომხდარიყო უაქციზო სიგარეტ “ვაისროის” ღირებულების და შესაბამისად – საქონლის მთლიანი ღირებულების განსაზღვრა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ. ც-იას მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არსებობს ორი ალტერნატიული კრიტერიუმი: პირველი – მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულების განსაზღვრა (საბაზრო ფასი) და მეორე – ამ ღირებულების განსაზვრა საქონლის თვითღირებულებით (საბაჟო ფასით).

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქონლის ოდენობა და შესაბამისად – კვალიფიკაცია დადგენილ უნდა იქნეს დანაშაულის უშუალო ობიექტის – ქვეყნის საფინანსო ინტერესების საკანონმდებლო კონსტრუქციის, მისი შინაარსის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება (მართლწინააღმდეგობა) გამოიხატება იმაში, რომ აქციზურ მარკადაურთავი და საბაზრო ფასწარმოქმნის სხვა ელემენტების გვერდავლილი საქონელი, თავისი დაბალი ფასით, უწევს კონკურენციას და ბაზრიდან აძევებს ფასწარმოქმნის ელემენტებით ლეგალურ-რეალურ-საბაზრო ღირებულების მქონე იმავე ნომენკლატურისა და ასორტიმენტის საქონელს, რითაც ზიანს აყენებს ქვეყნის საფინანსო (საბიუჯეტო) ინტერესებს. სხვა რამ საზოგადოებრივ საშიშროებას (მართლწინააღმდეგობას) მოცემული დანაშაული, ჩვეულებრივ, არ შეიცავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უაქციზო საქონელი დანაშაულის უშუალო ობიექტს ზიანს აყენებს არალეგალურობით შეძენილი კონკურენტუნარიანობით, რომლის განუყოფელი ელემენტიც, საბაზროსთან შედარებით, მისი (და არა, ზოგადად, მოცემული ნომენკლატურისა და ასორტიმენტის საბაზრო) ფასი და მოცულობაა.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უაქციზო საქონლის ღირებულება და მოცულობა განისაზღვრებოდა საცალო საბაზრო პრინციპით, ამით მოხდებოდა დანაშაულის ორი სხვადასხვა უშუალო ობიექტის – ერთი მხრივ, ქვეყნის საფინანსო ინტერესების და, მეორეს მხრივ, საკუთრების გაიგივება და აღრევა, რაც მათი საკანონმდებლო კონსტრუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაუშვებელია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლი მოცემული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი საქონლის ღირებულებად (ოდენობად) ითვალისწინებს საკუთრივ ამ საქონლის ფაქტობრივ ფასს და არა ამ საქონლის არალეგალურობით შეძენილი კონკურენტუნარიანობით (დაბალი ფასებით) ბაზრიდან გაძევებულ, საბაზრო ფასწარმოქმნის ლეგალური ელემენტების მქონე, იგივე ასორტიმენტისა და ნომენკლატურის საქონლის ღირებულებას.

ამ განმარტების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი – ოდენობა _ განსაზღვრა უცხოური უაქციზო საქონლის, უაქციზო სიგარეტ “ვაისროის” საბაჟო ღირებულებით, რაც, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, წარმოადგენს 9200 ლარს და, შესაბამისად, ბ. ც-იას მოქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებული იყო სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით (მაკვალიფიცირებელი ნიშანი – განსაკუთრებით დიდი ოდენობა), გადააკვალიფიცირა ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე (მაკვალიფიცირებელი ნიშანი – დიდი ოდენობა). სააპელაციო პალატამ ბ. ც-ია დამნაშავედ ცნო სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით და შეუფარდა ერთი წლით და დექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

კასატორი, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია უცხოური სიგარეტის, “ვაისროის”, ღირებულების შეფასების კრიტერიუმად ამ სიგარეტის მხოლოდ საბაჟო ღირებულება. კასატორის განმარტებით, საბაზრო ეკონომიკისა და დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, სიგარეტ “ვაისროის” ღირებულების კრიტერიუმად სააპელაციო პალატას უნდა მიეღო არა მისი საბაჟო, არამედ საბაზრო ღირებულება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ ნაჩქარევად გააკეთა აღნიშნული დასკვნა, რამეთუ სიგარეტის საბაჟო ღირებულების დასადგენად სასამართლოს უნდა მიემართა საბაჟო სამსახურისათვის და არა სასაქონლო ექსპერტიზისათვის.

მსჯავრდებული ბ. ც-ია და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რ.შ.-ა შესაგებლით ითხოვენ სააპელაციო პალატის განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულის სასიკეთოდ სასჯელის ნაწილში და სასჯელის ისეთი ღონისძიების გამოყენებას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

პროკურორმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

ადვოკატმა რ. შ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის შეცვლა სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ მოუსმინა მხარეებს, კასატორს, პროკურორ გ.მ-ძეს, მსჯავრდებულ ბ.ც-ას ინტერესების დამცველ ადვოკატ რ.შ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის შესაბამისად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის ღირებულება აღემატება ათი ათას ლარს. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქონლის ღირებულება უნდა განისაზღვროს ამ საქონლის საბაზრო ღირებულებით. ქმედების კვალიფიკაციისა და შესაბამისად -სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა საბაზრო ღირებულების საქონლის უკანონო გამოშვეება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა მოახდინა პირმა და არა ის, თუ როგორი არის ამ საქონლის საბაჟო ღირებულება. 2001 წლის 21 ივნისის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, საქონლის საბაზრო ღირებულება შედგება თვითღირებულების, საბაჟო ღირებულების, საბაჟო გადასახადის, სატრანსპორტო დანახარჯების, აქციზური მარკის ღირებულების, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. Aაღნიშნულის გათვალისწინებით, სასაქონლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ თავისუფალი საბაზრო Fფასების მხედველობაში მიღებით, 2000 წლის 20- 24 სექტემბრის მდგომარეობით, ოც ღერიანი ერთი კოლოფი სიგარეტ ,,ვაისროის” საორიენტაციო საბაზრო ფასია ერთი ლარი, შესაბამისად ოცდასამიათასი კოლოფის ღირებულება წარმოადგენს ოცდასამიათას ლარს. აღნიშნული დაადასტურა ასევე სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით დაკითხულმა ქ. ფოთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა მ. ბ-ამ.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბ. ც-იას მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ეA მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 ივლისის განაჩენი ბ. ც-იას მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.