დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ბს-1012(კ-21) 23 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 5 ივნისს ნ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლსაც ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობს მეუღლის დედის ბინაში, თუმცა ოჯახში არსებული დაძაბულობიდან გამომდინარე პერიოდულად უწევს ქირით გადასვლა, რაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს მას.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 2017 წელს შეავსო განაცხადი დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. მისი ოჯახი შეფასდა 2.5 ქულით და სააგენტომ მას უარი უთხრა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. 2020 წლის 13 იანვარს კი მოხდა ოჯახის გადამოწმება, რის შედეგადაც მათ მიენიჭათ 3.5 ქულა, თუმცა სააგენტოს 2020 წლის 24 მარტის ბრძანებით მათ კვლავ უარი ეთქვათ საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ არ იკვეთებოდა ნ. კ-ის იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროება.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ დევნილი ოჯახი ცხოვრობდა სხვის სახლში, ასევე, ის ფაქტი, რომ ოჯახში ცხოვრობდა ორი არასრულწლოვანი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 მარტის #03-587/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 მარტის #03-587/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ბ. ტ-ი, კ. კ-ი, მ. კ-ი და დ. კ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 მარტის #03-587/ო ბრძანების თანახმად, ნ. კ-ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის #8 ოქმის მიხედვით, ოროთახიანი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.5 და მეტი ქულა, ამასთან სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.0 და მეტი ქულა. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ნ. კ-მა განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 3.5 ქულა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა კანონმდებლობით დადგენილი პრიორიტეტულობის პრინციპი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ მსჯელობებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ცხოვრობს სიდედრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთში, რომელიც მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა იგი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა სიდედრის - ც. ტ-ის სახელზე. ამასთან, კასატორის მითითებით, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან ბანკიდან სესხი აიღო იმ მიზნით, რომ შეეძინა ის საცხოვრებელი, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. უფრო მეტიც, მან განმარტა, რომ ვინაიდან მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ბინა, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას განაცხადი გაეკეთებინა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე და მის მიერ სიდედრის სახელზე ბინის გადაფორმება სწორედ სააგენტოსთვის განაცხადით მიმართვის მიზანს ემსახურებოდა.
კასატორის შეფასებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით შეიძინა საცხოვრებელი ფართი, წარმოშობს იმის საფუძველს, რომ მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე მოხდეს. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაამახვილა სათანადო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე დღემდე თავის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრობს, შესაბამისად არ იკვეთება მისი გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 მარტის #03-587/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. კ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 2019 წლის 11 აპრილის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შესაბამისად, სარეგისტრაციო ნომერზე მას ჰყავს სამი შვილი. ნ. კ-ი განაცხადს აკეთებს სამ შვილთან და არადევნილ მეუღლე ბ. ტ-თან ერთად. 2019 წლის 19 ნოემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ნ. კ-მა განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 3.5 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 3 არასრულწლოვანი - 2.00 ქულა. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის #8 ოქმის მიხედვით, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.5 და მეტი ქულა, ამასთანავე სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.0 და მეტი ქულა. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 მარტის #03-587/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. კ-ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 10 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. გორში, ...ის ქ., V კვ., კორპ. #19გ, ბინა #18-ის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ც. ტ-ი და ნ. კ-ი. 2017 წლის 13 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. გორში, ...ის ქ., V კვ., კორპ. #19გ, ბინა #18-ის მესაკუთრეს წარმოადგენს ც. ტ-ი. ნ. კ-ის განმარტებით, ის საცხოვრებელი ბინა, რომელშიც იგი ამჟამად ცხოვრობს, შეიძინა სიდედრმა - ც. ტ-მა ახალციხეში, ...ის ქ. #47/38-ში მდებარე ბინის გაყიდვის შემდეგ, საკუთარი სახსრებით. არასაკმარისი თანხის გამო, ნ. კ-მა ...ს ბანკიდან გამოიტანა სესხი 4000 დოლარის ოდენობით, რის საფუძველზეც იგი გახდა აღნიშნული ბინის თანამესაკუთრე. სიდედრს წილი დაუთმო 2017 წელს, რადგან საბოლოოდ, ბინა სიდედრის თანხით იქნა შეძენილი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე შეფასებულ იქნა 3.5 ქულით, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის #8 ოქმის მიხედვით, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.5 და მეტი ქულა, ამასთანავე, სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.0 და მეტი ქულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.
ამასთან, სააგენტოსთვის განაცხადით მიმართვის მიზნით მოსარჩელის მიერ სიდედრის სახელზე ბინის გადაფორმების შესახებ კასატორის მითითებებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 13 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. გორში, ...ის ქ. V კვ. კორპ. #19გ, ბინა #18-ის მესაკუთრეს წარმოადგენს ც. ტ-ი. კასატორის მიერ კი არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება ფორმალურად გაასხვისა.
რაც შეეხება კასატორის მითითებებს ნ. კ-ის ოჯახის ც. ტ-ის საკუთრებაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის თეორიული თუ პრაქტიკული შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა