განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 62-კოლ 31 იანვარი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),პალატის წევრები:
ვ. ხრუსტალი,ბ. მეტრეველი,გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი,ნ. გვენეტაძე,მ. ისაევი,მ. გოგიშვილი,მ. ვაჩაძე
განიხილა ადვოკატების _ ლ. ტ-შვილის და ი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 16 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ა. მ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით და 109-ე მუხლის “ო” პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მიესაჯა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელს იხდის 2000 წლის პირველი ნოემბრიდან.
საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ა. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მისი უდანაშაულობის მოტივით.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით ა. მ-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2000 წლის 8 თებერვალს ქ. თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, მთვრალმა, შურისძიების მოტივით, გულ-მკერდის არეში დანის სამჯერ დარტყმით შეეცადა ა. ჯ-ძის განზრახ მოკვლას, მაგრამ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარებით ა. ჯ-ძეს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, თუმცა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
მანვე, 2000 წლის 16 თებერვალს, 01 საათზე, ქ. თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე, კვლავ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, ადრე ჩადენილი ჰქონდა რა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ურთიერთ შელაპარაკების დროს, შურისძიების მოტივით, მუცლისა და ხერხემლის მიდამოში ხანჯლის დარტყმით განზრახ მოკლა გ. ზ-შვილი.
საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმებისა და ა. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
1. საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია არასრულად და ცალმხრივად, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები;
2. გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის დროს დაშვებულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევები, რამაც განაპირობა სასამართლოს მიერ არაობიექტური გადაწყვეტილების მიღება;
3. არ არის ჩატარებული სავალდებულო ექსპერტიზები; არ არის აღმოფხვრილი წინააღმდეგობები მოწმეების, დაზარალებულებისა და მსჯავრდებულის ჩვენებებს შორის. სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები და გამამტყუნებელი განაჩენი, ძირითადად, დაამყარა წინასწარი გამოძიების მასალებზე, რომლებმაც დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვის დროს;
4. ა. მ-შვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის შეფარდების დროს მოსამართლემ უხეშად დაარღვია საპროცესო კანონი, რაც იმაში გამოიხატა, რომ გამომძიებლის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ, ფაქტობრივად, განიხილა სხვა მოსამართლემ, ხოლო ბრძანებაზე ხელი მოაწერა მეორე მოსამართლემ;
5. წინასწარი გამოძიების დროს დარღვეულ იქნა ბრალდებულის დაცვის უფლება. მოსამართლე ლ. მსხილაძეს, რომელმაც დაადასტურა ძებნაში მყოფი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ბრძანება, არ უნდა მიეღო ა. მ-შვილის უარი დამცველის დანიშვნაზე.
დიდი პალატის სხდომაზე ადვოკატებმა, ლ. ტ-შვილმა და ი. ბ-შვილმა, ასევე მსჯავრდებულმა ა. მ-შვილმა ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება; ადვოკატმა ბ. გ-შვილმა, დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ. ხ-შვილმა და პროკურორმა ა. ს-შვილმა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
დიდი პალატის შემადგენლობამ შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ა. ჯ-ძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნებულ იქნეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო გ. ზ-შვილის განზრახ მკვლელობის ეპიზოდში უნდა შეიცვალოს ბრალდების კვალიფიკაცია და, შესაბამისად, განისაზღვროს სასჯელის ღონისძიება შემდეგ გარემოებათა გამო:
ა. ჯ-ძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის გარეშე, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა ურთიერთსაწინააღმდეგო და საეჭვო მტკიცებულებებს, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები.
გამოძიებას სრულყოფილად არ გამოუკვლევია დაზარალებულ ა. ჯ-ძის განმარტებებსა და ჩვენებებში არსებული არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და არ აუხსნია ამ წინააღმდეგობათა მიზეზი.
ა. ჯ-ძის სახელით შედგენილ პირველ ახსნა-განმარტებაში, რომელიც მას ტრანსპორტის რეგიონული პროკურატურის გამომძიებელმა ჩამოართვა და 2000 წლის 9 თებერვლით თარიღდება, მითითებულია, რომ “დინამოს” სტადიონთან მას თავს დაესხა მისთვის უცნობი სამი ახალგაზრდა, რომლებიც ცდილობდნენ ქურქის წართმევას. წინააღმდეგობის გაწევის დროს ერთ-ერთმა თავდამსხმელმა დანით მიაყენა ოთხი ჭრილობა.
პალატას სერიოზული ეჭვი წარმოეშვა ზემოაღნიშნული განმარტების სიყალბის თაობაზე შემდეგი ორი გარემოების გამო:
პირველი: ა. ჯ-ძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მოკვლევას აწარმოებდა პოლიცია და არა ქ. თბილისის ტრანსპორტის რეგიონული პროკურატურა. პროკურატურის უფროს გამომძიებელ ი. ბ-ს ამ ფაქტზე მოკვლევა _ გამოძიება არასდროს ჰქონია დავალებული. გამომდინარე აქედან, აუხსნელია, გამომძიებელმა ი. ბ-მ რატომ ჩამოართვა განმარტება ა. ჯ-ძეს.
მეორე: 2000 წლის 9 თებერვალს ექიმების მიერ სამჯერ _ 3 საათსა და 30 წუთზე, 9 საათზე და 14 საათსა და 45 წუთზე გაცემულია ცნობა, რომ ა. ჯ-ძის დაკითხვა არ შეიძლება მისი მძიმე მდგომარეობაში ყოფნის გამო. ასეთ ვითარებაში გამომძიებელმა ი. ბ-მ როგორ მოახერხა ა. ჯ-ძისათვის საკმაოდ ვრცელი და დაწვრილებითი განმარტების ჩამორთმევა.
ამრიგად, გამოძიებასა და სასამართლოს არ გამოუკვლევიათ, პროკურატურის გამომძიებელმა ი. ბ-მ რატომ, სად და როდის ჩამოართვა განმარტება დაზარალებულ ა. ჯ-ძეს და ვის დასჭირდა საქმეში უცნობი ყაჩაღების “შემოყვანა”. თუ ასეთი თვით დაზარალებულის ინიციატივით მოხდა, დამაჯერებლად და ობიექტურად უნდა აიხსნას ამის მიზეზი.
მეორე განმარტება ა. ჯ-ძეს ჩამოერთვა ერთი თვის შემდეგ _ 8 მარტს, დიდუბის პოლიციაში. თავისი ხელით დაწერილ განმარტებაში იგი საკმაოდ დეტალურად აღწერს, რა მიზეზით და როგორი ტიპის დანით დაჭრა იგი მისმა ნაცნობმა შ. მ-ძემ. თუმცა ამავე განმარტებაში გაურკვევლადაა მითითებული იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად, თავისივე ახლობლების თხოვნით, არ ამხილა ეს უკანასკნელი, თუ პირიქით _ ამჟამად ამხელს მათი თხოვნით.
დაზარალებულის სახით დაკითხვისას, 2000 წლის 11 მარტს, ა. ჯ-ძემ კვლავ დაადასტურა შ. მ-ძის მიერ მისი დაჭრის ფაქტი, თუმცა ამ ჩვენებაშიც აუხსნელია წინა ორ განმარტებას შორის არსებული განსხვავებები და დაუდგენელია, ვისი ხელით არის შევსებული დაკითხვის ოქმი \ოქმს ხელს არ აწერს გამომძიებელი და შესამჩნევად განსხვავდება გამომძიებლის სხვა ნაწერებისაგან\. ჩვენებაში გამოკვეთილად მითითებულია მხოლოდ იმის შესახებ, რომ შ. მ-ძე მარტო იყო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. ჯ-ძე თბილისში ცხოვრობდა ნათესავთან _ მ. ბ-შვილთან. ამ უკანასკნელმა მოკლევის სტადიაზე განმარტა, რომ თვით ა. ჯ-ძის საუბრიდან იცის, რომ: “იგი “დეზერტირების ბაზრის” წინ დაჭრა მისმა ნაცნობმა, ვინმე შ. მ-ძემ”.
გამოძიების სტადიაზე მ. ბ-შვილი ან მისი ოჯახის წევრები არ დაკითხულან და საჭიროების მიხედვით არ მომხდარა ა. ჯ-ძესთან დაპირისპირება.
მოკვლევისათვის 9 მარტს მიცემულ განმარტებაში შ. მ-ძის დედა მ. მ-ძე აღნიშნავს: “ბოლო ხანს მე შევიტყვე, რომ ჩემი ვაჟი შ. დადიოდა “ბინგოში” სათამაშოდ, რაც მე და ჩემმა მეუღლემ ავუკრძალეთ. შალვა 2000 წლის 9 თებერვლიდან დღემდე (9 მარტამდე) სახლში არ მოდის. სად იმყოფება მე და ჩემმა ოჯახის წევრებმა არ ვიცით და არც არასდროს დაურეკია. ჩვენ შევიტყვეთ, რომ ჩემს ვაჟს შ. მ-ძეს 2000 წლის 8 თებერვალს ინციდენტი მოსვლია ვიღაც უცნობ მამაკაცთან... დაჭრილის ვინაობა ჩვენ არ ვიცით”.
2000 წლის 28 მარტს პროკურატურის გამომძიებელმა მოწმის სახით დაკითხა შ. მ-ძის მამა _ ა. მ-ძე, რომელმაც აჩვენა: “ამა წლის 9 თებერვალს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემს ვაჟს _ შ-ს უსიამოვნება შეემთხვა “ბინგოში”. კერძოდ _ მას ვინმე ჯ-ძემ სთხოვა სკამის გადადგმა. ჩემმა შვილმა იუკადრისა მისი ნათქვამი და საქმის გასარჩევად გავიდნენ ქუჩაში, სადაც გააგრძელეს ჩხუბი. ამ დროს ჩემს შვილს წამოეშველა იმ დღეს გაცნობილი ვინმე სახელად აბო, რომლის გვარი მე არ ვიცი და ჯ-ძე დაჭრა დანით. ყოველივე ეს შევიტყვე “ბინგოში” მოთამაშე ბიჭებისაგან, რომელთა ამოცნობა მე შემიძლია. ჩემი ვაჟი 9 თებერვლის შემდეგ სახლში აღარ მოსულა და სად იმყოფება არ ვიცი. მე ერთხელ შევხვდი მას და მითხრა, რომ ჯ-ძე მას არ დაუჭრია, იგი სხვამ დაჭრაო. თუ ვინ _ არ დაუკონკრეტებია. გამოძიებას არაფერი გაუკეთებია იმ პიროვნებათა დასადგენად, რომელთაგან ა. მ-ძემ, მისი თქმით, გაიგო ა. ჯ-ძის დამჭრელი პიროვნება.
პოლიციის ოპერატიული მუშაკის მიერ 21 და 29 მარტს შედგენილი ოქმებით ირკვევა, რომ შ. მ-ძე 8 თებერვლის შემდეგ სახლში არ იმყოფება და მშობლებმა არ იციან მისი ადგილსამყოფელი.
6 აპრილს, დაზარალებულის სახით დამატებითი დაკითხვის დროს, ა. ჯ-ძემ აჩვენა: “როდესაც მე და შ-მ გავარკვიეთ ჩვენში ყველაფერი, იგი დამშორდა. ამ დროს ჩემთან მოვიდა ა., რომელმაც ყოველგვარი საუბრის გარეშე დამარტყა დანა მარცხენა გვერდში _ იღლიის არეში. ადრე გიჩვენეთ, რომ დანა დამარტყა შ-მ, მაგრამ როდესაც თქვენ წარმომიდგინეთ მისი ფოტოსურათი, მეც აღვიდგინე მეხსიერებაში მომხდარის დეტალები და გამახსენდა, რომ დანა დამარტყა არა შ-მ, არამედ ა-მ. მე შემიძლია ა-ს სახეზე ამოცნობა”.
საქმიდან არ ჩანს, გამომძიებელმა როდის, სად ან რა წესით წარუდგინა დაზარალებულ ა. ჯ-ძეს შ. მ-ძის ფოტოსურათი და რითი იყო ეს განპირობებული. ასევე გაურკვეველია, დაზარალებული რატომ მიიჩნევს მომხდარი ფაქტის დეტალად სულ სხვა პირის დამნაშავედ დასახელებას და ამის გახსენებისათვის მას რატომ დაჭირდა ორი თვე ან ფოტოსურათის წარდგენა, მაშინ როდესაც, მისივე განმარტებით, ორივეს იცნობდა შემთხვევის დღემდე და იცოდა მათი სახელები.
იმავე დღეს, ე.ი. 6 აპრილს, დიდუბის რაიონის პროკურორის მოადგილე ასეთ წერილობით მითითებას აძლევს გამომძიებელს: “როგორც დაზარალებული ა. ჯ-ძე აჩვენებს, მას დანა დაარტყა პიროვნებამ, რომელსაც ეძახიან ა-ს. საჭიროა დაუყოვნებლივ დაადგინოთ ამ უკანასკნელის პიროვნება და მიიღოთ ზომები მისი წარმოდგენისათვის. თუ ეს ვერ მოხერხდა, საჭიროა მოიპოვოთ მისი ფოტოსურათი და იგი ამოსაცნობად წარუდგინოთ დაზარალებულ ა. ჯ-ძეს და მოწმე შ. მ-ძეს”.
პროკურორის მიერ გამომძიებლისათვის ზემოაღნიშნული მითითების მიცემის დროს შ. მ-ძე ჯერ კიდევ არ არის დაკითხული, ფაქტობრივად, თვითონვეა ეჭვმიტანილი ამ დანაშაულის ჩადენაში და თავს არიდებს როგორც სახლში მისვლას, ასევე პროკურატურაში გამოცხადებას.
12 აპრილს დამატებით დაიკითხა მოწმე ა. მ-ძე, რომელმაც დაადასტურა სათამაშო სახლ “ბინგოში” შვილთან ერთად ხშირად ყოფნის ფაქტი და აჩვენა: “8 თებერვალს, დღის საათებში, მე ვიმყოფებოდი “ბინგოში”. ჩემთან ერთად იყო ჩემი ვაჟიც. ამ დროს ჩემთან მოვიდა ა., რომელსაც მე ვიცნობდი “ბინგოდან”. როდესაც ა-მ გაიგო, რომ შ. ჩემი შვილი იყო, გამოეცნაურა მას. როცა მე წავედი სახლში, შ. და ა. დარჩნენ იქ. მეორე დღეს შევიტყვე, რომ აბო ჩემს შვილს წამოეშველა ჩხუბში და დანით დაჭრა ჯ-ძე. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა ჩემმა შვილმა, რომელსაც ვუთხარი, რომ ა-სთან ერთად ნუ ივლიდა, რადგან პოლიციისათვის ყველაფერი ცნობილი იყო”.
გამოძიებას არ გაურკვევია მოწმე ა. მ-ძის პირველ და დამატებით ჩვენებებს შორის რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა, იგი მართლაც იცნობდა თუ არა ა. მ-შვილს და ამ უკანასკნელის მიმართ რა იყო ცნობილი პოლიციისათვის _ ა. ჯ-ძის დაჭრის ფაქტი თუ გ. ზ-შვილის მკვლელობა (პალატა ვარაუდობს, რომ მოწმე ა. მ-ძის დამატებითი დაკითხვის ოქმი დაწერილი არ არის არც გამომძიებელ ვ. ჩიმაკაძის და არც თვით ა. მ-ძის მიერ. დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს, ვინ შეადგინა ეს ოქმი და ჰქონდა თუ არა მას ამის უფლება).
12 აპრილს დიდუბის რაიონის პოლიციის შენობაში დაიკითხა შ. მ-ძე, რომლის განმარტებითაც ა. ჯ-ძესთან ჩხუბის დროს მას დაეხმარა ა. მ-შვილი და დანით დაჭრა ჯ-ძე. გამოძიება არ დაინტერესებულა შ. მ-ძისათვის ეკითხა, რატომ იმალებოდა იგი ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში ან ვისგან გაიგო ა-ს გვარი. საქმის მასალების მიხედვით აუხსნელია ისიც, რატომ დაიკითხა შ. მ-ძე პოლიციის შენობაში და არა პროკურატურაში (ამ შემთხვევაშიც ეჭვს იწვევს ვის მიერ არის შედგენილი დაკითხვის ოქმი).
დაზარალებული ა. ჯ-ძე ჩუღურეთის რაიონის პროკურატურაში დამატებით დაიკითხა 2000 წლის 25 ნოემბერს. მან დაადასტურა ა. მ-შვილის მიერ მისი დაჭრის ფაქტი, თუმცა სულ სხვაგვარად აღწერა შ. მ-ძესთან კონფლიქტის დაწყების მიზეზი და ა. მ-შვილის მიერ მისი დაჭრის სურათი. გამოძიებას არ უცდია გამოეკვლია ა. ჯ-ძის ბოლო ჩვენებაშიც კი არსებული მნიშვნელოვანი განსხვავების მიზეზი.
ა. მ-შვილი დაკავებულ იქნა 2000 წლის 1 ნოემბერს. მან, როგორც პირველი დაკითხვის, ასევე ამოცნობისა და დაპირისპირებების დროს კატეგორიულად უარყო ა. ჯ-ძის დაჭრის და, საერთოდ, მასთან შეხვედრის ფაქტი.
2000 წლის 28 ნოემბრიდან 2001 წლის 17 იანვრამდე საქმეზე არ ჩატარებულა რაიმე საგამოძიებო მოქმედება. 17 იანვარს შედგენილ იქნა ა. მ-შვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ახალი დადგენილება და ის დაიკითხა ბრალდებულად. ამ დაკითხვის დროს მან აღიარა ა. ჯ-ძის დაჭრა ასეთი სიტყვებით: “8 თებერვალს “ბინგოში” შემხვდა ჩემი უფროსი მეგობრის შვილი შ. მ-ძე. ჩვენ დავლიეთ ერთი ბოთლი არაყი. შემდეგ გავედი კოკა-კოლას მოსატანად. როცა დავბრუნდი, შ. არ დამხვდა. მითხრეს, რომ ის გაიყვანეს გარეთ. მე გავედი გარეთ და ვნახე, რომ ჩხუბი იყო დაწყებული. შ. მ-ძე მიწაზე ეგდო და მას გამეტებით სცემდა ვიღაც უცნობი ბიჭი. მე აღვშფოთდი და მივედი შ-ს დასახმარებლად. უცნობს, რომელიც შ-ს სცემდა, ხელში დავუნახე დანა, რაც წავართვი და, ალბათ, დავარტყი. გავიგონე მისი ხმა _ “დამჭრაო”.
გამოძიებას არ გაურკვევია, ა. მ-შვილი და ა. მ-ძე მართლაც იყვნენ თუ არა მეგობრები ან თუნდაც ნაცნობები. ასევე არ მიუღია ზომები იმის დასადგენად, იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის დღეს ა. მ-შვილი “ბინგოში”.
მოწმე შ. მ-ძისა და დაზარალებულ ა. ჯ-ძის მიერ ფოტოსურათით ა. მ-შვილის ამოცნობის საგამოძიებო მოქმედება გამომძიებლის მიერ ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის 347-ე მუხლის მე-7 ნაწილის დარღვევით. ფოტოსურათზე გამოსახული პირები არამარტო გარეგნულად განსხვავდებიან მკვეთრად ერთმანეთისაგან, არამედ _ ტანსაცმლითაც. საქმიდან არ ჩანს, სად, როდის და რა გზით იქნა მოპოვებული ა. მ-შვილის ფოტოსურათი.
სასამართლო პროცესზე ა. და შ. მ-ძეები წარდგენილი იქნენ იძულებით სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
სასამართლოში ა. მ-ძემ აჩვენა: “ჩემი შვილი პოლიციას სოფელში დაუჭერია. ჩემი შვილი პოლიციაში იძახდა მე დავჭერიო. შემდგომში შ-მ მითხრა, რომ პოლიციის ზემოქმედების ქვეშ დაუწერია თითქოს დანა დაუკრავს ჯ-ძისათვის. გამოძიებაში ამის შესახებ არაფერი მითქვამს. ჩემი შვილი დიდუბის პოლიციამ დააკავა და ორ დღეს არ უშვებდნენ”. შ. მ-ძემ კი სასამართლოში განმარტა: “მე და ჯ-ძეს ერთმანეთისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია...…როდის დამაკავეს არ მახსოვს. პოლიციაში ჩემზე ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედებები იყო პოლიციის მხრიდან. ცემა და ზემოქმედება ვერ ავიტანე და თავიდან ჩემს თავზე ავიღე დანაშაული. ვაღიარე ვითომდა მე დავჭერი ჯ-ძე. პლეხანოვის ქუჩაზე პოლიციის განყოფილებაში 4-5 დღე დამაკავეს, შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურას გადაეცა საქმე და მეც იქ გადამიყვანეს”.
საქმეში არ მოიპოვება შ. მ-ძის დაკავების ან მის მიერ დანაშაულის აღიარების რაიმე მონაცემი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ა. მ-შვილმა კატეგორიულად უარყო ა. ჯ-ძის დაჭრის ფაქტი და განმარტა, რომ ბრალდებულის სახით დაკითხვის დროს აღიარებითი ჩვენება თავისი ხელით დაწერა მისმა ყოფილმა ადვოკატმა ბ. ხ-მ და დაითანხმა, ხელი მოეწერა ასეთ ჩვენებაზე. სასამართლო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ყოფილი ადვოკატისა და გამომძიებლის დაკითხვის თაობაზე.
დიდი პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებათა არსებობისას სასამართლო კოლეგიას არ გააჩდა საკმაო კანონიერი საფუძველი უდავოდ დადასტურებულად ჩაეთვალა ა. მ-შვილის მიერ ა. ჯ-ძის განზრახ მკვლელობის მცდელობა. ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩატარდება სრულყოფილი ობიექტური გამოძიება და შეკრებილ მტკიცებულებებს მიეცემა სწორი სამართლებრივი შეფასება.
რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, დიდი პალატა უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა ა. მ-შვილმა ჩაიდინა გ. ზ-შვილის განზრახ მკვლელობა იმ ვითარებაში, როგორც ეს სასამართლო კოლეგიის განაჩენს მიაჩნია დადგენილად.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ ა. მ-შვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს გამომძიებლის შუამდგომლობა განიხილა სხვა მოსამართლემ, ხოლო დაპატიმრების ბრძანებას ხელი მოაწერა მეორე მოსამართლემ. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ შუამდგომლობის განმხილველი და ბრძანებაზე ხელის მომწერი მოსამართლე ერთი და იგივე პიროვნებაა.
ასევე უსაფუძვლოა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მოსამართლე ლ. მსხილაძემ დაარღვია ა. მ-შვილის დაცვის უფლება ამ უკანასკნელის მიმართ დაპატიმრების ბრძანების დადასტურების დროს. ამ საკითხის განხილვის დროს ბრალდებული და ადვოკატი სასამართლოში არ გამოცხადდნენ თავიანთი ინიციატივით და არა იმის გამო, რომ ამ უფლების განხორციელებაში მათ ვინმემ ხელი შეუშალა.
ამასთან, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ განზრახ მკვლელობის კანონით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გამო, გ. ზ-შვილის მკვლელობის ნაწილში ა. მ-შვილზე განაჩენით შერაცხული ბრალდების კვალიფიკაცია _ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “ო” პუნქტი უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 108-ე მუხლზე და მსჯავრდებულს შესაბამისად განესაზღვროს სასჯელის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის “ბ” და “დ” პუქტებით, 562-ე, 564-ე, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 16 ივლისის განაჩენი სსკ-ის მე-19 და 108-ე მუხლით ა. მ-შვილის მსჯავრდების ეპიზოდში და საქმე დანაშაულის ამ ნაწილში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას;
იმავე განაჩენით ა. მ-შვილის მიმართ სსკ-ის 109-ე მუხლის “ო” პუნქტით შერაცხული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე და ამ კვალიფიკაციით ა. მ-შვილს სასჯელის ზომად განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.