დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 13.01.2022
საქმის ნომერი
ბს-941(2კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.01.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-941(2კ-20) 13 იანვარი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ზ-იმა 03.07.2018წ. სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 16.05.2018წ. №61 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 14.01.2019წ. გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 16.05.2018წ. №61 ბრძანება თ. ზ-ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ახალი ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და თ. ზ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2020წ. განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და თ. ზ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 14.01.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მითითებული ფაქტები იმის შესახებ, რომ თ. ზ-ი ხშირად არ ცხადდებოდა სამსახურში და ამასთან, დასაქმებული იყო სხვა სამსახურშიც, არ წარმოადგენდა სადავო აქტის გამოცემის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში თ. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 16.05.2018წ. №61 ბრძანების გამოცემის ერთადერთ ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა არა დასაქმებულის მიერ სამსახურის გაცდენა, ან სხვა სამსახურში მუშაობა, არამედ დასაქმებულის პირადი განცხადება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით დამსაქმებლის მიერ გამოკვლეული და შეფასებული უნდა ყოფილიყო რით იყო განპირობებული თ. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების სურვილი და რამდენად ჰქონდა ადგილი ნების თავისუფალ გამოვლენას. მხარეთა ურთიერთპრეტენზიების თანახმად, სწორედ აღნიშნული გარემოებაა სადავო - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაში ასახული ნების ნამდვილობა, კანონშესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შედეგის მართლზომიერება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო თავის მხრივ საკუთარი ნებით სამსახურიდან გათავისუფლების წესებს განსაზღვრავს ამავე კანონის 109-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთან, აღნიშნული მუხლი მოხელეს აძლევს შესაძლებლობას, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე

განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ამ

მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სზაკ-ით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განცხადებაში ასახული ნების რეალობის შეფასებისა და დადგენისას მნიშვნელოვანია ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერის დროისათვის იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, როდესაც კანონით ჰქონდა შრომის ანაზღაურების მიღების უფლება, თუმცა აღნიშნულ შესაძლებლობაზე გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერით უარი განაცხადა. ამდენად, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნა, არასარწმუნოს ხდის განმცხადებლის ნამდვილ ნებას დატოვოს სამსახური. თ. ზ-ი განცხადებით არ მოითხოვდა სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლებას. გათავისუფლების დროს მოქმედი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, ამ ფაქტობრივ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო ბრძანების კანონიერების შესაფასებლად. სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად ვადიან კანონისმიერ დათქმას აქვს, როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესების დაცვის დატვირთვა და ემსახურება მათი გონივრული ბალანსის მდგომარეობის უზრუნველყოფას. თ. ზ-ის 16.05.2018წ. განცხადების იმავე დღეს დაკმაყოფილებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა ადმინისტრაციული წარმოებისთვის განკუთვნილი 14 დღიანი კანონისმიერი ვადა და ამით მოსარჩელეს შეუზღუდა შესაძლებლობა - მოეხდინა თავისივე ნების უარყოფა და მოეთხოვა მისი განცხადების განუხილველად დატოვება. ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერც ის არგუმენტი დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული ორგანო განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოებისას ურთიერთობდა თ. ზ-ითან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109-ე მუხლის დათქმების თანმიმდევრობით შესრულებაში მოსარჩელე უშუალო მონაწილე იყო. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, კერძოდ, მოსარჩელესთან საკონტაქტო კორესპოდენცია, სხდომის გამართვის ოქმი და ა.შ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელე თ. ზ-ის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების - სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და თ. ზ-ის მიერ.

კასატორმა - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღნიშნა, რომ თ. ზ-ის განცხადება დარეგისტრირდა 16.05.2018წ. და მასში გარკვევით არის მითითებული, რომ განმცხადებელი სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს 2018 წლის 16 მაისიდან, რაც თავისთავად ნიშნავს მის მიერ სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლების მოთხოვნას. განცხადება იმავე დღეს დაკმაყოფილდა. ვინაიდან განმცხადებელმა სამსახურიდან გათავისუფლება 2018 წლის 16 მაისიდან მოითხოვა, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა უფლება და დაკისრებული ჰქონდა მოვალეობაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოეცა 14 დღიანი ვადის დაცვის გარეშე. კასატორის მითითებით, სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო პირადი განცხადება, თუმცა საჭიროდ მიიჩნიეს სასამართლოსათვის დამატებით განემარტა სამსახურის მიმართ თ. ზ-ის დამოკიდებულების შესახებ, რითაც გაქარწყლდებოდა მოსარჩელის განმარტება მის მიმართ ხელმძღვანელი პირების უარყოფითი განწყობის თაობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კუთვნილი შვებულების დღეებს იყენებდა წარმოუდგენელი გრაფიკით, ბოლო პერიოდში კი აღარ დადიოდა სამსახურში, აცდენდა არასაპატიო მიზეზით სამსახურს და ამის თაობაზე საერთოდ არ აყენებდა საქმის კურსში ხელმძღვანელ პირებს. შემდეგში ცნობილი გახდა, რომ ის მუშაობდა სხვა სამსახურშიც. 16.05.2018წ. თ. ზ-იმა განაცხადა, რომ ის ვერ ახერხებდა ორ ადგილას მუშაობს, ექიმის პროფესია იყო მისთვის პრიორიტეტული და გადაწყვიტა საკრებულოდან წასვლა, რაც მისი რეალური ნება-სურვილი იყო. გათავისუფლების შესახებ განცხადებაში მიზეზის ასახვას კანონი არ ითხოვს, შესაბამისად, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ განცხადებიდან არ დგინდება რატომ მოითხოვა თ. ზ-იმა სამსახურიდან გათავისუფლება.

კასატორმა აღნიშნა, რომ თ. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ განცხადება ხელმოწერილი არ იყო მის მიერ. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ განცხადება დაწერილი და ხელმოწერილია თ. ზ-ის მიერ. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი აგებულია ტყუილზე, რისთვისაც სასამართლოს შეფასება არ მიუცია. კასატორმა აღნიშნა, რომ თ. ზ-იმა სადავო ბრძანება გაასაჩივრა გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.10.2020წ. განჩინებით თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2020წ. განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109-ე მუხლი განსაზღვრავს პირადი განცხადების საფუძველზე მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების წესს. მითითებული ნორმის მე-2 პუქნტიდან გამომდინარე პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ თ. ზ-ი 16.05.2018წ. განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვდა 2018 წლის 16 მაისიდან, რაც არ გულისხმობს სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლების მოთხოვნას. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109.3 მუხ.). ამდენად, თ. ზ-ის 16.05.2018წ. განცხადების იმავე დღეს დაკმაყოფილებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა ადმინისტრაციული წარმოებისთვის განკუთვნილი 14 დღიანი კანონისმიერი ვადა და ამით მოსარჩელეს შეუზღუდა შესაძლებლობა - მოეხდინა თავისივე ნების უარყოფა და მოეთხოვა მისი განცხადების განუხილველად დატოვება, შესაბამისად, არ დგინდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაში ასახული ნების ნამდვილობა. პირს უფლება აქვს თავისი თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა. ადმინისტრაციული ორგანო და შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია პატივი სცეს საჯარო მოსამსახურის ამ უფლებას. მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, რაც მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, პირის მიერ გამოხატული სურვილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დაცვის საჭიროების არარსებობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით მიმართვისას ნების გამოვლენის ნამდვილობის შემოწმების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნების გამოვლენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის აშკარა საფუძველი. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე დროის მონაკვეთში მოხელეს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, წერილობით განაცხადოს უარი სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნაზე. ასეთ შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი და მას არ ეძლევა მსვლელობა (სუსგ 24.12.2020წ. საქმე ͏№ბს-898 (კ-19)). გათავისუფლების შესახებ განცხადებაში ასახული ნების ნამდვილობის შესაფასებლად და დასადგენად მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერის დროისათვის იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, რა პერიოდის განმავლობაშიც მას გააჩნდა უფლება მიეღო შრომის ანაზღაურება. გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერით მან აღნიშნულ შესაძლებლობაზე უარი განაცხადა. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პირის გადაწყვეტილება უნდა იყოს მისი რეალური ნების გამოვლინება. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გარკვევას საჭიროებდა ნების გამოხატვის ნამდვილობა, რაც ადასტურებს დავის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტის მართლზომიერებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მითითება მოსარჩელის მიერ სამსახურის არასაპატიო მიზეზით გაცდენის, სხვა სამსახურში მუშაობისა და სხვ. ფაქტებზე, არ წარმოადგენდა სადავო აქტის გამოცემის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში თ. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 16.05.2018წ. №61 ბრძანების გამოცემის ერთადერთ ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა არა დასაქმებულის მიერ სამსახურის გაცდენა ან სხვა სამსახურში მუშაობა, არამედ დასაქმებულის პირადი განცხადება. თ. ზ-ი სარჩელში აღნიშნავდა, რომ 16.05.2018წ. განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ არის დაწერილი და ხელმოწერილი მის მიერ. საქმეზე დადგენილია, რომ აღნიშნულ განცხადება მოსარჩელის მიერ არის ხელმოწერილი. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელის მიერ მითითებული ამ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოების დადგენა სარჩელის უსაფუძვლობაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის აღნიშნული მოსაზრება არ წარმოადგენს სარჩელის უარყოფის საფუძველს და დაუსაბუთებელია, საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებების გათვალისწინებით გასაჩივრებული განჩინების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ 16.05.2018წ. განცხადება ხელმოწერილი იქნა მოსარჩელის მიერ, ასევე დასაბუთებას მოკლებულია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ დარღვეულია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, ვინაიდან არ დასტურდება სადავო აქტის მოსარჩელის მიერ აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით გასაჩივრების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი