დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 13.01.2022
საქმის ნომერი
ბს-903(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.01.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-903(კ-20) 13 იანვარი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ემ 16.05.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 26.02.2019წ. N262 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის გ. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.02.2019წ. N262 განკარგულება და მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, ...ს ქ. N59-ის მიმდებარედ მდებარე 164 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე გ. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 08.04.2015წ. გ. გ-ემ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ.თბილისში, ...ს ქ. N59-ის მიმდებარედ მდებარე 164 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. აღიარების კომისიის 07.03.2016 წ. საოქმო გადაწყვეტილებით გ. გ-ეის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც მხარის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის კანონიერ ძალაში მყოფი 15.06.2016 წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.03.2016წ. საოქმო გადაწყვეტილება გ. გ-ეის ნაწილში და აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. გ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით. სწორედ მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კომისიაში დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება. პალატამ მიიჩნია, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, წარდგენილ მტკიცებულებებს არ მიეცა სწორი შეფასება. გ. გ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6), რომელიც წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის ერთგვაროვან საცხოვრებელ ქვეზონას. მითითებულ ფუნქციურ ზონაში განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს მრავალბინიანი სახლები, ხოლო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობით, კონფიგურაციითა და ფართობით ვერ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესების სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ. გ-ეის მიზანი იყო არა უძრავი ნივთის განვითარება, მისი სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენება და ამ კუთხით მიწის ნაკვეთის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა, არამედ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარება. პალატამ მიუთითა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობას არეგულირებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი და საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რომლებითაც კონკრეტულად არის განსაზღვრული თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, ასეთ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით წარსადგენი მტკიცებულებები და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტში იმაზე მითითება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობით, კონფიგურაციითა და ფართობით ვერ აკმაყოფილებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით“ სამშენებლო მიწის ნაკვეთისათვის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს და შემდგომ აღნიშნულზე მითითებით დაინტერესებული პირისათვის თვითნებური დაკავების საფუძვლით უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა, ეწინააღმდეგება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მომწესრიგებელი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქმეზე არ დადგინდა საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი ნორმატიული საფუძვლების არსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. დასტურდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. N14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების“ 15.5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელ ზონა 6-ში განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობით, კონფიგურაციითა და ფართობით ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული სამშენებლო მიწის ნაკვეთისათვის არსებულ მინიმალურ პარამეტრებს, რის გამო კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოთხოვნილ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კასატორის მოსაზრებით სადავო აქტის ბათილად ცნობა არ არის დასაბუთებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს ნორმატიულად დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. სადავო განკარგულების თანახმად, გ. გ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6), რომელშიც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობით, კონფიგურაციითა და ფართობით ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო მიწის ნაკვეთისათვის არსებულ მინიმალურ პარამეტრებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. გ-ეის მიერ აღიარების კომისიისათვის მიმართვის მიზანი იყო ქ. თბილისში, ...ის ქ. N59-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და არა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, მისი სამშენებლოდ განვითარება. ის, რომ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისა და ფართობის გათვალისწინებით მასზე მრავალბინიანი ნაგებობის აშენება შესაძლოა ნორმატიულად დაუშვებელი იყოს, არ გამორიცხავს ამ მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირის საკუთრებაში ყოფნას, მასზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას. წარდგენილი განცხადების ფარგლებში კომისიას უნდა ემსჯელა საკუთრების აღიარების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და არა აღნიშნულ ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესაძლებლობის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომისია გასცდა გ. გ-ეის განცხადებაში არსებული მოთხოვნის ფარგლებს და წინასწარ გადაწყვიტა ისეთი საკითხი, რომელიც ერთი მხრივ სხვა ორგანოს კომპეტენციას შეადგენს, ხოლო მეორე მხრივ არ წარმოადგენდა განმცხადებლის მოთხოვნას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობებსა და წესს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი და საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“. არც ერთი აღნიშნული ნორმატიული აქტი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებებს შორის (კანონის 3.2 მუხ., „წესის“ 3.2 მუხ.) არ ასახელებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების შეუძლებლობას. ამასთანავე, სადავო აქტის შინაარსის გათვალისწინებით დგინდება, რომ საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ სხვა რაიმე გარემოებაზე ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია. საქმის მასალებით, მათ შორის, ბმა „...ს“ 06.04.2015წ. N2 კრების ოქმით, ორთოფოტოებითა და ფოტოებით დასტურდება ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, მასზე ნაგებობების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ.ცინცაძე