დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 13.01.2022
საქმის ნომერი
ბს-675(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.01.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-675(კ-20) 13 იანვარი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ა-ემ 06.03.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 21.01.2019წ. N157 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის თ. ა-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2019წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.07.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ა-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 21.01.2019წ. N157 განკარგულება და კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიიჩნია, რომ ორგანომ სათანადოდ არ შეისწავლა თ. ა-ეის მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, საქმის მასალებით არ დადასტურდა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის ფაქტი. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში საქმის განხილვისას, გასვლით სხდომაზე - ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შემოვლებული კედელი იწყება სახლიდან უკიდურეს მარცხენა მხარეს, ზედა მეზობლის სახლზე უშუალოდ მიდგმულია ბეტონის კედელი, ამ კედლიდან ხემდე მონაკვეთი, სახლის ზედა მხარეს არსებული მეზობლის სახლის ქვედა მხარე არის სადავო. ხაზი გაესვა აგრეთვე იმ გარემოებას, რომ არსებობს მეზობლის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ აქვს რაიმე სახის მოთხოვნა და თანახმაა მიწა საკუთრებაში გადაეცეს თ. ა-ეს. პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ საექსპერტო ანგარიშზე, რომლის თანახმად, საკვლევი ტერიტორიის შემომფარგლავი ღობის ბლოკის წყობასა და მონოლითურ ბეტონს აქვს მკვეთრად გამოხატული ეროზიისა და კავიტაციის პროცესის კვალი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ღობე აღმართულია არანაკლებ 20-25 წლის ან მაღალი ალბათობით - უფრო მეტი ხნის წინათაც. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოთხოვნილი ნაკვეთი წარმოადგენს „ფერდობს“, რომელიც არ არის ერთიან სივრცეში და ერთიან ღობეში საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან, სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული. პალატის მოსაზრებით გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასევე ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ არის მრავალწლიანი ხეხილის ხეები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევისა და ადგილზე დათვარიელების შედეგად დადასტურდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს „ფერდობს“, რომელიც არ არის ერთიან სივრცეში და ერთიან ღობეში საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან. პალატამ არასწორად გაამახვილა ყურადღება მოწმეთა ჩვენებებსა და ექსპერტიზის დასკვნაზე, რადგან ისინი საფუძლად არ უდევს სადავო აქტის გამოცემას. პალატამ არ დაასაბუთა რა საფუძვლით მიანიჭა უპირატესობა აღნიშნულ მტკიცებულებებს ორთოფოტოსთან შედარებით. საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებით დგინდება, რომ 2005-2010 წლებში მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება ერთიან სივრცეში არ ყოფილა მოქცეული. კასატორმა ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ შენობა-ნაგებობის მარცხენა მხარეს განთავსებული ბეტონის ღობე, რომელზეც ექსსპერტი უთითებს, განთავსებულია მეზობელი საკადასტრო ერთეულის მიჯნაზე და წარმოადგენს მეზობელ ნაკვეთზე განთავსებული შენობის საყრდენ კედელს. საქმეში დაცული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მითითებული კედლის აგება თ. ა-ეის მიერ. მხოლოდ მეზობლის თანხმობა და მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძვლად მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერვე დადგინდა დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე მრავალწლიანი ხეხილის ხეების არარსებობა. კასატორი მოწმეთა ჩვენებებს არასარწმუნოდ მიიჩნევს მათი სუბიექტური ხასიათის და მოწმის შესაძლო პირადი ინტერესის არსებობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სასაპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. სადავო 21.01.2019წ. განკარგულების თანახმად, თ. ა-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ადგილზე დათვარიელებით არ დადასტურდა თ. ა-ეის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს „ფერდობს“, რომელიც არ არის ერთიან სივრცეში საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდება რაიმე სახის სამუშაოების ჩატარების ფაქტი, მათ შორის აეროფოტოგადაღებით. საქმეში დაცული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტში მითითებული საკუთების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების ადგილზე დათვარიელების ოქმი არ შეიცავს რაიმე სახის ინფორმაციას დაინტერესებაში მყოფ ნაკვეთზე სამუშაოების განხორციელების, აღნიშნული ნაკვეთისა და საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის ერთ სივრცეში არსებობასთან დაკავშირებით. ადგილზე დათვარიელების ოქმში მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადის ღობით და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ფერდობს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესს ადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი, ასევე საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“. ამასთანავე, არც ერთი აღნიშნული ნორმატიული აქტი საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად არ ასახელებს მის კონკრეტულ რელიეფზე მდებარეობას, სათანადო ნორმატიული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია, როგორც ვაკე ტერიტორიაზე, ასევე ფერდობზე არსებულ მიწის ნაკვეთზე. მხოლოდ ის გარემოება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ფერდობს, არ ასაბუთებს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას. იმ მიწის ნაკვეთის კატეგორიებს შორის, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება არ დაიშვება, მითითებული არ არის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთები (კანონის 3.2 მუხ.).

რაც შეეხება ნაკვეთის შემოღობვის, ასაღიარებელი ნაკვეთისა და საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის ერთ სივრცეში არსებობის საკითხს, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კომისიის ადგილზე დათვარიელების ოქმზე, სადაც მე-5 გრაფაში კომისიის წევრები თავადვე უთითებენ, რომ ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადის ღობით. საქმეში დაცულია აგრეთვე შპს „...-ის“ საექსპერტო ანგარიში, რომლის თანახმად, საკვლევი ტერიტორია, რომელიც მოიცავს რეგისტრირებულ ნაკვეთსა და დაურეგისტრირებელ ნაკვეთს, წარმოადგენს ერთიან სივრცეს - ეზოს, რომელიც ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია მყარი სასაზღვრო ღობით. ეზოში შესასვლელი ჭიშკარი არის ნაკვეთის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში, ჭიშკრიდან ნაკვეთის საზღვარს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიუყვება კაპიტალური ბეტონის ღობე, რომელიც შემდეგ გრძელდება რეგისტრირებული ნაკვეთის სამხრეთ ნაწილიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და ყოველგვარი წყვეტის გარეშე გრძელდება დაურეგისტრირებელ ნაკვეთზე ერთგვარი ფერდობის სახით. შემდეგ კაპიტალური ღობე ასევე უწყვეტად გრძელდება საკვლევი ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩრდილოეთის მიმართულებით (რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მომიჯნავე ნაკვეთის (ს.კ. ..., მესაკუთრე: გ. გ-ი) სასაზღვრო კედელს) და ბოლოს საკვლევი ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში კედელი უერთდება მომიჯნავე ნაკვეთის გამყოფ სინის ღობეს, რომელიც გრძელდება სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ტერიტორიაზე შემოსასვლელ ჭიშკრამდე, ამასთანავე, დათვალიერებით დადგინდა, რომ კაპიტალური ღობე, მათ შორის, ღობის ის ნაწილი, რომელიც დაურეგისტრირებელ ნაკვეთზეა, აშენებულია ბეტონის საძირკვლით და ბლოკით. საკვლევი ტერიტორიის შემომფარგლავი ღობის ბლოკის წყობასა და მონოლითურ ბეტონს აქვს მკვეთრად გამოხატული ეროზიისა და კავიტაციის პროცესის კვალი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ღობის აღმართვა არის განხორციელებული არანაკლებ 20-25 წლის წინ. კაპიტალური ღობე ბლოკის წყობით, რომელიც რეგისტრირებული ნაკვეთიდან გრძელდება დაურეგისტრირებელი ნაკვეთის მიმართულებით, არის უწყვეტი, ადგილი არ აქვს საძირკვლის და თავად ღობის წყვეტას, არ შეინიშნება შემდგომი მიშენების ან ღობის გაგრძელების კვალი. 2005 წლის ორთოფოტოზე ფრაგმენტულად ჩანს ტერიტორიის შემომფარგლავი ღობე, ნაწილი ტერიტორია დაფარულია ხე-მცენარეებით და ღობის კონტური მკაფიოდ არ იკვეთება (ს.ფ. 221-233). საექსპერტო დასკვნაზე თანდართულ 2005წ. ორთოფოტოზე მონიშნულია ის ადგილები, რომელიც ექსპერტის მოსაზრებით ღობის არსებობაზე მიუთითებს. ამასთანავე, საქმეში დაცული ფოტოებით, მათ შორის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შესაგებელზე და საექსპერტო ანგარიშზე თანდართული ფოტოებით ცხადად ჩანს ნაკვეთის შემომსაზღვრელი როგორც მყარი, ასევე მავთულბადის ღობის არსებობა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ თ. ა-ეის მიერ კანონის ამოქმედებამდე (1959 წლიდან) ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობას ადასტურებენ როგორც თ. ა-ეის მეზობლები: ბ. წ-ი (მცხ.: თბილისი, ...ის მე-2 ჩიხი, N9), ვ. ჯ-ი (მცხ.: თბილისი, ...ის მე-2 ჩიხი, N8), დ. რ-ი (მცხ.: თბილისი, ...ის ქ. 55), ასევე უშუალოდ დაინტერესებაში მყოფი ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე - გ. გ-ი (ს.ფ. 238). გ. გ-ის წერილობით ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ თ. ა-ეის მფლობელობაში იმყოფება ქ. თბილისში, ...ის მე-2 ჩიხი, N 10-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოსაზღვრულია ბლოკის ღობით, მითითებული ნაკვეთები მუდმივად იმყოფებოდა ჯერ დ. ა-ეის, ხოლო შემდეგ თ. ა-ეის მფლობელობაში. თავდაპირველად მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო ხის ღობით, ხოლო მოგვიანებით, გასული საუკუნის 80-იან წლებში, თ. ა-ემ მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი შემოღობა ბლოკის ღობით. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით ყოველგვარ დასაბუთებას არის მოკლებული კომისიის სადავო დადგენილებაში არსებული მითითება, რომ არ დადასტურდა თ. ა-ეის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის ერთიან სივრცეში საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან.

ის გარემოება, რომ დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე შესაძლოა არ იყოს განთავსებული მრავალწლიანი ხეხილის ნარგავები, არ ადადსტურებს ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას. თვითნებურად დაკავებულ მიწად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არა მარტო სასოფლო, არამედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც. განსახილველ შემთხვევაში თ. ა-ეის მიერ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილია ქ. თბილისში მდებარე, თავის საკუთრებაში რიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, რომელიც საცხოვრებელ ზონა 3-ში მდებარეობს (ს.ფ. 60). ასაღიარებელ მიწის ნაკვეზე მრავალწლიანი ნარგავების არსებობა არ არის საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობა, მრავალწლიანი ნარგავების არსებობა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე დაკავებისა და ფლობის ერთ-ერთ დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუმცა ასეთი ნარგავების არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის ფლობის ფაქტს. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში დაცული რიგი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ასაღიარებელ ნაკვეთზე მრავალწლიანი ხეხილის ნარგავების არარსებობა, არ შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების განმსაზღვრელი ფაქტორი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქმეში დაცულ ფოტოსურათებზე ჩანს გარკვეული მრავალწლიანი ნარგავები.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მოწმეთა ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მიხედვით, აღიარების კომისიაში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მათ შორის მიწის თვითნებურად დაკავების დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება (11.4 მუხ. „ა“ ქვ.პ.), ანუ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (2.1 მუხ. „თ“ ქვ.პ.). ამდენად, მოწმეთა მსგავსი ფორმით შედგენილი ახსნა-განმარტება დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნეულია იმ ნორმატიული აქტით, რომელიც ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წეს აწესრიგებს („წესის“ 1-ლი მუხ.). შესაბამისად, კასატორის მტკიცება მოწმეთა წერილობითი განმარტებების გაზიარების დაუშვებლობის შესახებ, არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია მითითებული განმარტებების საქმეზე დართვა და მათი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2019წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

გ. გოგიაშვილი