დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 13.01.2022
საქმის ნომერი
ბს-818(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.01.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-818(კ-21) 13 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 26 დეკემბერს ვ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. გ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის დასაწყისში მან მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა მიწის რეფორმისას (1994 წელს) გამოცემული საკუთრების უფლების აღმჭურველი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #... და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის რეგისტრაცია მოითხოვა. ამასთან, რ. გ-იმა საჯარო რეესტრს ასევე წარუდგინა იმავე პერიოდში მათი მამის (მამკვიდრებლის) - ო. ვ.-ს ძე გ-ის სახელზე გაცემული #... აქტი და აქტით განსაზღვრული მიწების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლინდა გადაფარვა #... აქტის მე-3 პოზიციაზე მდებარე და #... აქტის მე-2 პოზიციაზე მდებარე 1600 კვ.მ და 1050 კვ.მ მიწებსა და მოპასუხე ნ. გ-ის სახელზე აღრიცხული #... და #... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილს შორის, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 13 ნოემბრის #... გადაწყვეტილება. იმავე შინაარსის 2017 წლის 25 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება იქნა ასევე მიღებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მფლობელის - რ. გ-იის მიმართაც.

მოსარჩელის მითითებით, საქმის გარემოებების გამორკვევისათვის მან მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და ნ. გ-ის სახელზე მიწის რეგისტრაციის საფუძვლები გამოითხოვა. საჯარო რეესტრის 2017 წლის 29 ივნისის #... წერილით მას გადაეცა სარეგისტრაციო წარმოების მასალებით და განემარტა, რომ რეგისტრაციის საფუძვლად მიჩნეული #28 აქტი საქმის მასალებში დაცული არ იყო. საქმეში იძებნება 1999 წელს გაცემული მიწის სერტიფიკატი, რომელიც, მოსარჩელის მოსაზრებით, არ წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არ არის მიღება-ჩაბარების აქტზე უპირატესი იურიდიული ძალის მქონე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ როგორც გამოირკვა, ნ. გ-ის შეცდომით აქვს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მან მიწა დაირეგისტრირა ვ. გ-ის მიმართ გაცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მიწების ფარგლებში უკანონოდ შეჭრის შედეგად, რაც ზღუდავს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და აყენებს მას ზარალს.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ წარდგენილი დასაბუთებული პრეტენზიების შედეგად, საქმეზე დაინიშნა მედიატორი (ნოტარიუსი), თუმცა ობიექტურ რეალობაზე შეთანხმება ვერ შედგა. აღნიშნულის შემდგომ, საქმეში ჩართულ იქნა იუსტიციის სამინისტროს სპეციალისტთა (ექსპერტთა და კადასტრთა) ჯგუფი, რომლებმაც ადგილზე დათვალიერების, სათანადო დოკუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით, დაადგინეს ზუსტი კოორდინატები და კონტურები, რომლებიც თითქმის ნულოვანი ცდომილებით დაემთხვა მოსარჩელის სახელზე გაცემული აქტებით განსაზღვრულ და ფაქტობრივადაც მის ფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამის შემდგომ მოპასუხემ ერთი ნაკვეთის (1600 კვ.მ) სამხრეთის საზღვართან თავისი ნებით შეცვალა აზომვითი ნახაზი და ნაწილობრივ მოახდინა კიდეც ცვლილების რეგისტრაცია, მაგრამ შეუცვლელია საზღვრები იმავე ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილზე და მეორე ნაკვეთთან (1050 კვ.მ) გადაფარვის ნაწილში, რაზეც ასევე მითითებულ იქნა კადასტრთა ჯგუფის მიერ.

ამდენად, მოსარჩელემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე #... საკადასტრო მონაცემების მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნ. გ-ის სასარგებლოდ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 აპრილის #... გადაწყვეტილება მიწის მიღება-ჩაბარების #... აქტის მე-3 პოზიციით განსაზღვრულ 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთთან 35 კვ.მ-ით გადაფარვის ნაწილში, ასევე, #... აქტის მე-2 პოზიციით განსაზღვრულ 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთთან 150 კვ.მ-ით გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ვ. გ-ის 2017 წლის 20 ივნისის #... განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების განახლებისა და მიწის მიღება-ჩაბარების #... აქტის მე-3 პოზიციით განსაზღვრული 1600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, ასევე, #... აქტის მე-2 პოზიციით განსაზღვრული 1050 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ვ. გ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. და ო. გ-იების სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების #... (#3 ყანა) და #... (#2 ვენახი) აქტებში მითითებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია და ფართობი არ შეესაბამებოდა საჯარო რეესტრში ვ. გ-ის მიერ 2017 წლის 20 ივნისს #... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთების მდებარეობების შედარება ტექნიკურად შეუძლებელი იყო. ვ. გ-ის 2017 წლის 20 ივნისს #... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი და კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა ამავე პიროვნების ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. ვ. გ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 3016 კვ.მ-ს. მოდავე მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებს შორის მოწყობილი იყო მავთულბადის ღობე. ამდენად, მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ნახაზით მოითხოვა განსხვავებული ზომებისა და კონფიგურაციის ნაკვეთის რეგისტრაცია, ვიდრე სახელმწიფოსგან ჰქონდა გადაცემული.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ნ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების კანონშესაბამისად რეგისტრაციას ამყარებდა საქმეში არსებული სარეგიტრაციო მოწმობები, საკადასტრო აზომვითი ნახაზები და ზესტაფონის არქივის 2013 წლის 11 აპრილის ... ცნობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის #327 ბრძანებულების საფუძველზე შედგენილი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ითვლება რეგისტრირებულ საკუთრებად, როდესაც იგი ხელმოწერილია სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ და მასზე დასმულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი.

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 25 დეკემბრის #008897418 ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. გ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარისი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს შეტყობინება სხდომის ჩანიშვნისა და გამართვის შესახებ მას სხდომის გამართვის შემდეგ ჩაჰბარდა, რის გამოც მას არ მისცემია სხდომაზე დასწრების, დამატებითი მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარდგენის და შესაბამისად, მისი კანონიერი ინტერესების დაცვის საშუალება.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ნ. გ-ის მიწის რეგისტრაციის საფუძვლად რეესტრის ამონაწერით მიჩნეულია მიწის მიღება-ჩაბარების #28 აქტი, რომელიც საქმეში არ მოიპოვება და რეგისტრაცია მოხდენილია ფაქტობრივად შესრულებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ხოლო ვ. და რ. გ-იების მიწების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მიწის რეფორმის დროს გამოცემული მიწის მიღება-ჩაბარების #... და #... აქტები.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გამოუკვლევია, რომ კონფიგურაციის შეცვლა და შეუსაბამობა გამოიწვია მიღება-ჩაბარების #... აქტის #1 და #2 პოზიციის ნაკვეთების გაერთიანებამ და ერთიანი ნახაზის სარეგისტრაციოდ წარდგენამ. ამასთან, სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ რ. გ-იის კუთვნილი მიწების შემთხვევაში, ადგილი არ აქვს კონფიგურაციის შეუსაბამობას. გადაფარვა კი ამ აქტთან მიმართებით შეადგენს 150 კვ.მ-ს, ხოლო #... აქტით განსაზღვრულ მიწასთან მიმართებით - 35 კვ.მ-ს, სულ - 185 კვ.მ-ს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ იურიდიულად არ დაასაბუთა, რომ მიწის ნაკვეთთა კონფიგურაციების შეუსაბამობის შემთხვევაშიც კი, ფიქსირებული საზღვრის არსებობისა და ფაქტობრივი მფლობელობის დროს (მაშინ, როდესაც ნ. გ-ის არ გააჩნია გადაფარვაში მყოფ მიწებზე მიწის მიღება-ჩაბარების აღმჭურველი აქტი), ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწაზე რეგისტრაციის უფლებამოსილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მინიჭებული აქვს მფლობელს. ამასთან, ნ. გ-ის ამავე მიწის მიმართ არ გააჩნდა არანაირი უფლება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი რეგისტრაციის დროს არ მოქმედებდა სახელმწიფო პროგრამა მფლობელობაში არსებული მიწების სპორადული რეგისტრაციის შესახებ. ამდენად, კასატორი უდავოდ მიიჩნევს, რომ გადაფარვაში არსებული მიწების მიმართ ნ. გ-ის მფლობელობა არასდროს ჰქონია და სადავო მიწას ოდითგანვე იგი ფლობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე #... საკადასტრო მონაცემების მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნ. გ-ის სასარგებლოდ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 აპრილის #... გადაწყვეტილება მიწის მიღება-ჩაბარების #... აქტის მე-3 პოზიციით განსაზღვრულ 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთთან 35 კვ.მ-ით გადაფარვის ნაწილში, ასევე, #... აქტის მე-2 პოზიციით განსაზღვრულ 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთთან 150 კვ.მ-ით გადაფარვის ნაწილში კანონიერება და მოპასუხისათვის ვ. გ-ის 2017 წლის 20 ივნისის #... განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების განახლებისა და მიწის მიღება-ჩაბარების #... აქტის მე-3 პოზიციით განსაზღვრული 1600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, ასევე, #... აქტის მე-2 პოზიციით განსაზღვრული 1050 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ვ. გ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 17 აპრილს ნ. გ-იმა #... და #... განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ზესტაფონის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე (ს.კ. #... და ს.კ. #...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოითხოვა. მან განცხადებებს დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სარეგისტრაციო მოწმობები, საკადასტრო აზომვითი ნახაზები და საარქივო ცნობა. #... სარეგისტრაციო წარმოებაზე წარდგენილი #... (11.04.2013წ.) საარქივო ცნობის მიხედვით, ზესტაფონის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ის 1997-2006 წწ. საკომლო წიგნებში, კომლის უფროსად რეგისტრირებული იყო ა. რ.-ს ძე გ-ი. მისი კომლის შემადგენლობა შემდეგია: ა. რ.-ს ძე გ-ი - ოჯახის უფროსი (ხაზი აქვს გადასმული, გარდაიცვალა 2002 წელს); ე. ი.-ს ასული გ-ი - ცოლი (გარდაცვლილია); ნ. ე.-ს ასული გ-ი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. #327 ბრძანებულების (ძალადაკარგულია 22.05.2007წ.-დან) მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების“ შესახებ.

ამავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე. ამავე ბრძანებულების მე-9 პუნქტის მიხედვით კი, მიწის რეგისტრაციის განხორციელების მიზნით ზონის რეგისტრატორებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესრულებული აგეგმვითი სამუშაოების შედეგებით და დოკუმენტებით (სარეგისტრაციო ბარათები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ნაკვეთის გეგმები და საკადასტრო რუკები), აგრეთვე გამოიყენონ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტების განხილვისა და მოწონების შემდეგ, ზონის რეგისტრატორი რეგისტრაციას ახორციელებს აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის სიზუსტისა და საიმედოობისათვის პასუხისმგებელია მისი შემსრულებელი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 20.03.2006წ.-დან) მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 14.31 მუხლზე, რომლის მიხედვით, ნივთზე კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2024.39 კვ.მ (დაუზუსტებელი ფართობი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. #...) აღრიცხული იყო ა. გ-ის ოჯახზე. ასევე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1930 კვ.მ (დაუზუსტებელი ფართობი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო ა. გ-იზე. ნ. გ-ი კი, როგორც ა. გ-ის კომლის წევრი, უკვე წარმოადგენდა უძრავი ნივთის მესაკუთრეს.

ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 23.04.2013წ. მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, განხორციელდა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება და უძრავ ნივთებს მიენიჭა საკადასტრო კოდი - #..., ხოლო მესაკუთრედ მიეთითა ნ. გ-ი; დაზუსტებული ფართობი - 1973.00 კვ.მ.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომელმაც არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. გ-ის სახელზე 1999 წელს გაცემული მიწის სერტიფიკატი არ წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და არ არის მიღება-ჩაბარების აქტზე უპირატესი იურიდიული ძალის მქონე, რომ მოპასუხეს შეცდომით აქვს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მიწა დაირეგისტრირა ისე, რომ უკანონოდ არის შეჭრილი მოსარჩელის აღმჭურველი აქტებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთების ფარგლებში.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებში დაცულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ვ. გ-ის სახელზე 1994 წელს გაცემულ იქნა მიწის მიღება-ჩაბარების #... აქტი, რომლითაც მას გადაეცა საკარმიდამო ნაკვეთი: ეზო სახლით - 600 კვ.მ, ვენახი - 800 კვ.მ, ყანა -1600 კვ.მ. ასევე, მას გადაეცა საპრივატიზაციო ნაკვეთი: 1. ყანა - 2000 კვ.მ და 2. ყანა - 2000 კვ.მ. ვ. გ-ისათვის გადაცემულმა მიწის ნაკვეთის საერთო ფართმა შეადგინა 7000 კვ.მ.

ამასთან, ო. ვ.-ს ძე გ-ის სახელზე 1994 წელს გაცემულ იქნა მიწის მიღება-ჩაბარების #... აქტი, რომლითაც მას გადაეცა საკარმიდამო ნაკვეთი: ეზო სახლით - 750 კვ.მ, ვენახი - 1050 კვ.მ, ვენახი - 875 კვ.მ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ნ. გ-ის საკუთრებასთან ზედდება დადგინდა 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილსა და 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე. ასევე დადგენილია, რომ ნ. გ-ის მიწის ნაკვეთის აზომვა განხორციელდა ფაქტობრივი საზღვრების გათვალისწინებით. ვ. გ-ის ნაკვეთის აზომვაც განხორციელდა ნაკვეთებს შორის არსებული ღობის გათვალისწინებით.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ ვ. და ო. გ-იების სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების #... (#3 ყანა) და #... (#2 ვენახი) აქტებში მითითებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია და ფართობი არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ვ. გ-ის მიერ 2017 წლის 20 ივნისს #... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთების მდებარეობების შედარება ტექნიკურად შეუძლებელია. ვ. გ-ის 2017 წლის 20 ივნისს #... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი და კონფიგურაცია, არ შეესაბამება ამავე პიროვნების ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. ვ. გ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 3016 კვ.მ-ს. მოდავე მხარეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის მოწყობილია მავთულბადის ღობე. ამდენად, საქმის მასალებით ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ნახაზით მოითხოვა განსხვავებული ზომებისა და კონფიგურაციის ნაკვეთის რეგისტრაცია, ვიდრე სახელმწიფოსგან ჰქონდა გადაცემული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ნ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების კანონშესაბამისად რეგისტრაციას ამყარებს საქმეში არსებული სარეგიტრაციო მოწმობები, საკადასტრო აზომვითი ნახაზები და ზესტაფონის არქივის 2013 წლის 11 აპრილის ... ცნობა. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის #327 ბრძანებულების საფუძველზე შედგენილი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ითვლება რეგისტრირებულ საკუთრებად, როდესაც იგი ხელმოწერილია სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ და მასზე დასმულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 25 დეკემბრის #008897418 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ: 1. ვ. და ო. გ-იების სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტებში #... (#3 ყანა) და #... (#2 ვენახი) მითითებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია და ფართობი არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ვ. გ-ის მიერ 2017 წლის 20 ივნისს #... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთების მდებარეობების შედარება ტექნიკურად შეუძლებელია; 2. ნ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული ს.კ. #... და ს.კ. #... მიწის ნაკვეთების კონფიგურაციები და ფართობები არ შეესაბამება როგორც ს.კ. #... და ს.კ. #... მიწის ნაკვეთების, ასევე, მიღება-ჩაბარების #226 აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების შესაბამის მონაცემებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთების მდებარეობების შედარება ტექნიკურად შეუძლებელია; 3. ვ. გ-ის 2017 წლის 20 ივნისს #... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი და კონფიგურაცია, არ შეესაბამება ამავე პიროვნების ფაქტიურად მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. ვ. გ-ის ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 3016 კვ.მ-ს. მოდავე მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებს შორის მოწყობილია მავთულბადის ღობე; 4. ნ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფაქტიური საზღვრების მდებარეობა არ შეესაბამება ამავე მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. საჯარო რეესტრის მიხედვით, ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული სამი ერთეული მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი შეადგენს (450+1973+1634=4057) 4057 კვ.მ-ს, ხოლო ფაქტიურად წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი - (3433+534=3967) 3967 კვ.მ-ს. დღეის მდგომარეობით, ნ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული ს.კ. #... მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება ვ. გ-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში; 5. მოდავე მხარეების მიერ მითითებული ფაქტიური ფლობის მიხედვით ვ. გ-ი ფლობს 3016 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ხოლო ნ. გ-ი - 3967 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (ორ ნაწილად).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. გ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარისი მტკიცებულება მოსარჩელემ მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა ვ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობას.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მისთვის სხდომის დანიშვნის შესახებ სასამართლოს შეტყობინების დაგვიანებით - სააპელაციო სასამართლოში სხდომის გამართვის შემდგომ ჩაბარების თაობაზე და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს #3/ბ-109 უწყება ვ. გ-ის 2021 წლის 3 ივნისს გაეგზავნა. ამასთან, შპს „...ის“ ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ აღნიშნული უწყება ვ. გ-ის 2021 წლის 8 ივნისს პირადად ჩაჰბარდა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უწყება სასამართლო სხდომის გამართვამდე თითქმის ერთი თვით ადრე ჩაჰბარდა, იგი ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის მიეცა გონივრული დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მტკიცებულებების მოძიება-წარდგენისა და საკუთარი პოზიციის მომზადებისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 20.10.2021წ. #27895972 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. გ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. ვ. გ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.10.2021წ. #27895972 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა