საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 19.09.2002
საქმის ნომერი
2კ-156დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.09.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 156-დად 19 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე, მ. ისაევი

განიხილა რ.მ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 28 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს გენერალური პროკურატურის 1997წ. 28 მაისის სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილების გაუქმებას.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 28 ივნისის დადგენილებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა რ.მახარაძის საჩივარი ვ. ჩ-ის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურის 1997წ. 28 მაისის სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

1985წ. 17 ივნისს ქ.თბილისის ლენინის სახელობის რაიონის შს განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹80185148 დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლით (1960წ. რედაქცია).

საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო 1985წ. 28 მაისს, დაახლოებით 16 საათზე, ქ.თბილისში, "სანზონის" დასახლების მე-2 "ბ" კორპუსის წინ არასრულწლოვან ვ. ჩ-ის დაწვისა და შემდგომში - გარდაცვალების ფაქტი.

საქმეს სხვადასხვა დროს იძიებდა ქ.თბილისის ლენინის სახ. რ-ნის შს განყოფილება, რაიონის პროკურატურა, გლდანის რ-ის პროკურატურა, სსრ კავშირის პროკურატურის გადაწყვეტილებით _ აცილების წესით ბრიანსკის ოლქის პროკურატურა, 1989 წლიდან საქმე საქართველოს პროკურატურის წარმოებაში იყო.

1997წ. 28 მაისს საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა გ.თ-შვილმა საქმე წარმოებით შეწყვიტა ა. ა-სა და ა. რ-ძის მიმართ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით, სსკ-ის 49-ე და სსსკ-ის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა შემდეგი:

1985წ. 28 მაისს ა. ა-მა არასრულწლოვან ნათესავ ა. რ-ძეს სთხოვა, დახმარებოდა თავისი ძმის გ. ა-ის კუთვნილი ავტომანქანის შეკეთებაში. დაახლოებით 16 საათზე ორივენი მივიდნენ "სანზონის" დასახლების მე-2 "ბ" კორპუსის წინ მდებარე ა.ა-ის ოჯახის კუთვნილ ავტოსადგომში, სადაც ა. რ-ძე შეუდგა მომინანქრებულ თასში ავტომანქანა "ვაზ-2101"-ის სიჩქარეთა გადამრთველი კოლოფის რეცხვას ბენზინით. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ა. რ-ძემ, ა. ა-ის მითითებით, ნარეცხი ბენზინი თასიდან ჩაასხა ავტოსადგომის წინ არსებულ საკანალიზაციო ჭაში უნებართვოდ დამონტაჟებულ ტრაპში. იმის გათვალისწინებით, რომ ავტოფარეხში კატეგორიულადაა აკრძალული ბენზინით ავტონაწილების გარეცხვა, შეიქმნა ცეცხლის გაჩენისა და აფეთქების პირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულს მოჰყვა ის, რომ მათთან მყოფმა მეზობელმა, არასრულწლოვანმა ვ. ჩ-მა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად _ აფეთქდებოდა თუ არა ბენზინი, ანთებული ასანთი ჩააგდო ა. რ-ძის მიერ დაბინძურებულ ჭაში, რამაც გამოიწვია ცეცხლის წარმოშობა და ვ. ჩ-ის ძლიერი დამწვრობა. დამწვრობის რესპუბლიკურ ცენტრში დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიუხედავად, იგი იმავეწ. 31 მაისს გარდაიცვალა. რაც შეეხება ა. ა-ს, მან უმნიშვნელო დამწვრობა მიიღო, საკანალიზაციო ჭაში ბენზინის აფეთქების შემდეგ მიწაზე დაღვრილი ბენზინის წვეთებზე გამოყოლილი და მომინანქრებულ თასზე გადასული ცეცხლით.

ა.ა-ნი და ა.-ძე გამოძიების თავდაპირველ ეტაპზე, სასამართლო პროცესებსა და დამატებით გამოძიებაში თანმიმდევრულად და უცვლელად აჩვენებდნენ, რომ ა. რ-ძემ, ა. ა-ის მითითებით, მომინანქრებული თასიდან ნარეცხი ბენზინი ჩაასხა საკანალიზაციო ჭაში, ხოლო ვ. ჩ-მა ანთებული ასანთი ჩააგდო ჭაში. მომხდარი აფეთქებითა და ცეცხლის გაჩენით, ვ. ჩ-მა მიიღო დამწვრობა, ხოლო ა. ა-მა _ უმნიშვნელო დამწვრობა, საკანალიზაციო ჭაში ბენზინის აფეთქების შემდეგ მიწაზე დაღვრილი ბენზინის წვეთებზე გამოყოლილი და მომინანქრებულ თასზე გადასული ცეცხლის ალით.

გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა დაადგინა, რომ ა.ა-მა და ა.რ-ძემ ჩაიდინეს ვ. ჩ-ის გაუფრთხილებლობით მკვლელობა. ა.რ-ძეს გათვალისწინებული უნდა ჰქონოდა თავისი მოქმედებით _ საკანალიზაციო ჭაში ბენზინის ჩასხმითა და დაზარალებულის მიერ ასანთის ანთების შედეგად _ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, მაგრამ ვარაუდობდა, რომ ა.ა-ნი ჭაში წყალს ჩაასხავდა და ამით თავიდან აიცილებდა მოსალოდნელ საშიშ შედეგს. ა.რ-ძეს უფრო მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა და მიეღო ზომები, რათა ვ. ჩ-ს არ აენთო ასანთი, ანდა მისი ამ განზრახვის შესახებ ეთქვა ასაკით უფროსისასათვის, ა. ა-სათვის, მძიმე შედეგი _ ვ. ჩ-ის გაუფრთხილებლობით მკვლელობა არ მოხდებოდა.

ა.ა-მა არ გაითვალისწინა, რომ მის მიერ ჭაში წყლის ჩასხმამდე შეიძლებოდა, დამდგარიყო დანაშაულებრივი შედეგი, თუმცა კი ვალდებული იყო და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ეს. მას რომ მეტი ყურადღება გამოეჩინა და ჭა ბენზინის ჩასხმისთანავე ჩაერეცხა წყლით, მძიმე შედეგი არ დადგებოდა.

სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ა.ა-მა და ა.რ-ძემ თავი არ ცნეს დამნაშავედ. ამასთან, განაცხადეს თანხმობა მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც გამოძიებამ, ფაქტობრივად, დააკმაყოფილა და საქმე წარმოებით შეწყვიტა სსკ-ის 49-ე და სსსკ-ის მე-5 მუხლის მესამე პუნქტით.

კერძო საკასაციო საჩივრით რ.მ-ძე ითხოვს განჩინების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნების დაცვით. მას მიაჩნია, რომ არასრულყოფილადაა ნაწარმოები გამოძიება, დადგენილი არ არის, თუ რა ვითარებაში მოხდა ვ.ჩ-ის დაწვა; სასამართლომ უსაფუძვლოდ თქვა უარი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე, რათა გადამოწმებულიყო 1989 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი. რ.მ-ძე არ ეთანხმება ა.ა-სა და ა.რ-ძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ხანდაზმულობის მოტივით.

პროკურორი ითხოვს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 28 ივნისის დადგენილების, რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული გენერალური პროკურატურის 1997წ. 28 მაისის სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილება, უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა საჩივრის ავტორს და პროცესის მონაწილე პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრების მოტივები, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დადგენილებაში მიუთითა საჩივარში დაყენებული მოთხოვნების უსაფუძვლობაზე, კერძოდ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის მაქსიმალურ ათწლიანი ვადის გასვლაზე, რომლის შემდეგაც პირი არ შეიძლება მიცემულ იქნეს პასუხისგებაში იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. 1989წ. 23 დეკემბერს ა.ა-სა და ა.რ-ძის მიმართ წაყენებული ბრალდებისათვის სსკ-ის 108-ე მუხლი _ გაუფრთხილებლობით მკვლელობა _ სასჯელის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთას. ამ შემთხვევაში სსკ-ის 49-ე მუხლის მესამე ნაწილით ხანდაზმულობის ვადა 5 წელია.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დანაშაულებრივი შემთხვევა 1985წ. 28 მაისს მოხდა. დანაშაულის ჩადენის დღიდან გასულია 15 წელი. საქმეში არ არსებობდა ხანდაზმულობის დინების შეწყვეტის ან შეჩერების ფაქტობრივი საფუძველი, რაც დღეისათვის, სსკ-ის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამორიცხავს პირის სს პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას. სასამართლომ სსსკ-ის მე-400 მუხლის შესაბამისად უარი სისხლის სამართალის საქმის წარმოების განახლებაზე დაასაბუთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის გასვლით, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება.

რაც შეეხება მომჩივანი მხარის მოთხოვნას იმ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლებსაც აღნიშნულ საქმესთან სამსახურებრივი შეხება ჰქონდათ და შეიძლება, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს, დამოუკიდებელი მსჯელობის საგანია, რაც აღნიშნული დადგენილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

ასევე, უსაფუძვლოა რ.მ-ძის მოთხოვნა ხელახალი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების თაობაზე, რასაც დაზარალებული რ.ჩ-ლი ჯერ კიდევ საქმის გამოძიების პროცესში ითხოვდა და რაც უარყოფილ იქნა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური სამმართველოს 1997წ. 5 მაისის დასკვნის თანახმად ყველა იმ გარემოების მითითებით, რომელიც ხელს უშლიდა ჯერ კიდევ იმ პერიოდში საგამოძიებო ექსპერიმენტის ხელმეორედ ჩატარების შესაძლებლობას. შემთხვევიდან 17წ. შემდეგ, იმ პირობების აღდგენა, რაც 1985წ. 28 მაისს ავტოსადგომის წინ საკანალიზაციო ჭაში ჩამონტაჟებულ ტრაპში ბენზინის ჩასხმისას იყო, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის 1997წ. 28 მაისის დადგენილება სისხლის სამართლის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, რომელიც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 23 ივნისის დადგენილებით, კანონიერია. ამასთან, მომჩივანი მ.მ-ძის მიერ საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე ახალი ფაქტი ან გარემოება, რომლის გადამოწმების აუცილებლობა განაპირობებდა მოსამართლის დადგენილების გაუქმებასა და საქმეზე გამოძიების განახლებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 562-ე, 563-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 23 ივნისის დადგენილება, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურის 1997წ. 28 მაისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, ძალაში იქნა დატოვებული, დარჩეს უცვლელად.