განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 157-დად 24 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა მ. მ-ძისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის, იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის ვ.ჯ-შვილის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის 2001წ. 7 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის რაიონის პროკურორ მ.ჭ-ას, რაიონული პროკურორის თანაშემწეების: ც. და ჯ. ქ-ების, ქ.ზუგდიდის შს სამმართველოს მუშაკების: გ.რ-იას და თ.შ-იას მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
მომჩივანი მ. მ-ძე მუშაობდა ქ. ზუგდიდის ს/ს “მანქანათმშენებელი” ქარხნის ეკონომიკური სამსახურის უფროსად. იგი 1998წ. 14 ივლისის ბრძანებით განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან ქარხნის დირექტორის, ბ. გ-ას მიერ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორ ბ. გ-ას მიერ 1998წ. 29 დეკემბრის ბრძანებით მ.მიქანძე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით.
სამუშაოზე აღდგენილმა მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა ქ. ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას და თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ, მართალია, იგი აღდგენილ იქნა ადრინდელ თანამდებობაზე, მაგრამ ბ.გ-ამ მას შეუკვეცა სამსახურებრივი ფუნქციები და, ფაქტობრივად, ჩამოაშორა სამსახურებრივ საქმიანობას, რისთვისაც მოითხოვა ბ. გ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.
რაიონულმა პროკურატურამ მ. მ-ძის განცხადების საფუძველზე ჩაატარა რა წინასაგამოძიებო შემოწმება, 2001წ. 30 მარტს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული დადგენილება მ. მ-ძემ ჩათვალა უკნონოდ და მისი გაუქმების მოთხოვნით მიმართა ქ. ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას.
მ. მ-ძემ რაიონული პროკურატურიდან მიიღო პასუხი, რომ ზემოხსენებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გააუქმა პროკურატურამ, თუმცა მოცემული დადგენილება, ფაქტობრივად, გაუქმებულ იქნა 2002წ. 10 იანვარს პროკურატურის ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა. წ-ის მიერ, რაც თავიდან ცნობილი არ იყო მ.მ-ძისათვის.
მ. მ-ძე 2001წ. 9 ნოემბერს, დაახლოებით 16-17 საათზე, მივიდა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში იმის გასაგებად, თუ როგორ მიმდინარებდა ბ. გ-ას მიმართ საქმის წარმოება.
როგორც მომჩივანი მ. მ-ძე საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შეტანილ განცხადებაში მიუთითებდა, რაიონის პროკურორმა მ. ჭ-ამ მის მიერ გადაცემული განცხადება, სადაც ითხოვდა ბ. გ-ას მიმართ განახლებული საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ პასუხს, დახია და იქვე სანაგვეში ჩაყარა, იხმო პროკურატურის თანამშრომლები: ც. და ჯ. ქ-ები და გამოუძახა პოლიციის თანამშრომლებს. პროკურორმა პოლიციის მუშაკებს: გ .რ-ას და თ. შ-იას აცემინა იგი. მას მიაყენეს სხეულის დაზიანებები და წაიყვანეს პოლიციის სამორიგეოში. მ. ჭ-ა მფარველობს ბ. გ-ას, აჭიანურებს ამ უკანასკნელის მიმართ საქმის დამთავრებას და პასუხისგებაში მიცემას. მ. ჭ-ა მას სხვა დროსაც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უცენზურო სიტყვებით და აბუჩად იგდებდა ხალხის თანდასწრებით. იგი, აგრეთვე, აბუჩად აიგდო და შეურაცხყოფა მიაყენა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა ბ. კ-იამ, რის გამოც მ. მ-ძე ითხოვდა ზემოთ ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით სათანადო ზომების მიღებას. მ. მ-ძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორმა დ. ბ-შვილმა 2001წ. 7 დეკემბერს გამოიტანა დადგენილება ზუგდიდის რაიონის პროკურორ მ. ჭ-ას, რაიონული პროკურორის თანაშემწეების: ც. და ჯ. ქ-ების, ქ. ზუგდიდის შს სამმართველოს პოლიციის მუშაკების: გ. რ-სა და თ. შ-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 268-ე მუხლით, ვინაიდან მათი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.
მ. მ-ძემ მოცემული დადგენილება მიიჩნია უკანონოდ და საჩივრით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის დადგენილებით გაუქმდა საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორ დ.ბ-შვილის მიერ მ. მ-ძის შესაძლო ცემის ფაქტზე 2001წ. 7 დეკემბერს გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის რაიონის პროკურორ მ. ჭ-ას, რაიონული პროკურორის თანაშემწეების: ც. და ჯ. ქ-ების, ქ. ზუგდიდის შს სამმართველოს მუშაკების: გ. რ-იას და თ. შ-იას მიმართ, ხოლო მომჩივან მ. მ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს, გაუქმდეს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის დადგენილება, როგორც უსაფუძვლო და არაკანონიერი, შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორი განმარტავს, რომ საქმეში არსებული მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება მ. მ-ძის არც ცემის და არც სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. მ. მ-ძის განცხადების დახევასთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონის პროკურორმა განმარტა, რომ განმცხადებლის უმსგავსო საქციელით განერვიულებულმა, იგი კი არ დახია, არამედ გვერდზე მოისროლა. უსაფუძვლოა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებამ არ გაარკვია საკითხი, აყენებდა თუ არა სიტყვიერ შეურაცხყოფას მ. ჭ-ა მ. მ-ძეს. ასევე, სიმართლეს არ შეეფერება მ. ჭ-ს მიერ სს “მანქანათმშენებლის” დირექტორის, ბ. გ-ს, შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების დაფარვა.
პროკურორი ლ. ნ-ძე მხარს უჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ითხოვს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის დადგენილების გაუქმებას და საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორ დ.ბ-შვილის 2001წ. 7 დეკემბრის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
მ. მ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ დადგენილებაში არ მოიხსენია მისი ახსნა-განმარტება და საქმეში არსებული სხვა მასალები, აღნიშნული ქმედება კი ჩაიდინა ზუგდიდის რაიონის პროკურორის მ. ჭ-ს და საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის, ვ. ჯ-შვილის, სასარგებლოდ. მ. მ-ძე ითხოვს აღნიშნული დადგენილების გაუქმებას და ზუგდიდის რაიონის პროკურორ მ. ჭ-ს და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ბ” და 332-ე მუხლის III ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთან, მ.მიქანძე ითხოვს მის მიერ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში 2002წ. 17 და 19 ივნისს შემოტანილი განცხადებების საფუძველზე 12 მარტის, 24 მაისისა და 11-12 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმის შენიშვნებთან დაკავშირებით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ ლ. ნ-ძეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის, იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის ვ. ჯ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს მ. მ-ძის მიერ განცხადებაში მოყვანილ გარემოებებს ამ უკანასკნელისათვის მ. ჭ-სა და ჯ. და ც. ქ-ების მიერ ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული არ დასტურდება არც მოწმეთა: ლ. ხ-ს, გ. კ-იას, მ. ქ-იას, ქ. კ-შვილის ჩვენებებით და არც თვით მ. მ-ძის ჩვენებით, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით დასმულ შეკითხვაზე, თუ რა ფორმით მიაყენა მას მ. ჭ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა, მ. მ-ძემ განმარტა, რომ მ. ჭ-ას მიერ მის “ხელით შეხებაში” იგი გულისხმობდა ც. და ჯ. ქ-ებთან ერთად მის “გაქაჩვა-გამოქაჩვაში მ. ჭ-ას მონაწილეობას”, რა დროსაც თვითონ “ჩაჭიდებული იყო პროკურორის მაგიდას”. აღნიშნულით მან, ფაქტობრივად, უარყო განცხადებაში მითითებული ფაქტი მისი ცემის შესახებ.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მ. მ-ძის მოსაზრებას ზუგდიდის რაიონის პროკურორის მიერ მისი განცხადების დახევასთან დაკავშირებით. ასეთი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, რადგან თვით მ. მ-ძე აღნიშნავს, რომ მ. ჭ-ს კაბინეტში მყოფმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მხოლოდ ხსენებული განცხადების წაღების შემდეგ დატოვებდა ოთახს. მ. ჭ-ს მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტის განადგურების (“ნაკუწ-ნაკუწებად დახევის”) შემთხვევაში მ. მ-ძეს ასეთი სურვილი, ბუნებრივია, აღარ გაუჩნდებოდა.
ზუგდიდის შს სამმართველოს სამორიგეო ნაწილში მ. მ-ძის წარმოდგენისა და ამ უკანასკნელის უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება თვით მ. მ-ძისა და მისი მეუღლის, ი. ჯ-ას, ჩვენებებით. პირიქით, ახსნა-განმარტებებში მათ მიუთითეს, რომ მ. მ-ძის პოლიციის სამორიგეოში მიყვანისთანავე და ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მოთხოვნისთანავე პოლიციელებმა მას “თავი მიანებეს”.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მ. მ-ძის მოსაზრებას მ. ჭ-ს მიერ სს “მანქანათმშენებლის” დირექტორის, ბ. გ-ს, დანაშაულებრივი ქმედებების დაფარვის თაობაზე, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
ამდენად, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
რაც შეეხება მ.მ-ძის კერძო საკასაციო საჩივრის მოტივებს, რომელიც კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ივნისის დადგენილებას, რომლითაც მომჩივან მ. მ-ძის მიერ ამავე სასამართლოში შემოტანილ 2002წ. 12 მარტის, 24 მაისის და 11-12 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმებთან შენიშვნებს შეეხებოდა, განხილვას არ ექვემდებარება და მასზე პალატა არ მსჯელობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561 მუხლის I ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის დადგენილება და ძალაში დარჩეს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის დ.ბ-შვილის 2001წ. 7 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.