საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.10.2002
საქმის ნომერი
2კ-221დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 221-დად 17 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა ნ. ს-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 30 სექტემბრის ბრძანებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო ბრალდებულ ტ. ლ-შვილის კუთვნილ ავტომანქანა “ბმვ-730”-ს.

საკასაციო საჩივარი ითხოვს მოსამართლის ბრძანების გაუქმებას იმ მოტივით, რომ დაყადაღებული ავტომანქანა 2002წ. 23 სექტემბერს კანონიერი გზით შეიძინა კასატორმა ნ. ს-შვილმა მოქალაქე ე. ზ-შვილისაგან. ამდენად, სადავო ავტომანქანა ბრალდებულ ტ. ლ-შვილის საკუთრებაში არ ყოფილა და არც ამჟამად არის.

აღწერილობითი ნაწილი:

საქმის მასალების მიხედვით ტ. ლ-შვილი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში სხვა პირებთან ერთად არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისათვის.

2002წ. 30 სექტემბერს თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა შუამდგომლობით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ავტომანქანა “ბმვ-730”-ზე ყადაღის დადება იმ მოტივით, რომ ეს მანქანა ტ. ლ-შვილის მიერ შეძენილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით.

სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

კერძო საკასაციო საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

საქართველოს სსსკ-ის 190-ე მუხლის მიხედვით ყადაღა შეიძლება დაედოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა თუ განსასჯელის ქონებას. მოცემულ შემთხვევაში ყადაღადადებული ავტომანქანის კანონიერ მესაკუთრე ნ. ს-შვილს სისხლის სამართლის საქმესთან არავითარი კავშირი არა აქვს.

კანონის შესაბამისად მანქანაზე ყადაღის დადების პროცედურა უნდა შეესრულებინა სასამართლოს აღმასრულებელს და არა თვით გამომძიებელს.

დაყადაღებული ავტომანქანა, როგორც დიდგაბარიტიანი ნივთი, ამოღებული არ უნდა ყოფილიყო და უნდა დარჩენილიყო მის მესაკუთრესთან.

გამომძიებელმა შეგნებულად შეიყვანა სასამართლო შეცდომაში, რომ თითქოს ავტომანქანა ბრალდებულ ტ. ლ-შვილს ეკუთვნოდა, მაშინ, როცა, მისთვის ცნობილი იყო მანქანის ფაქტობრივი მესაკუთრე.

პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა, ადვოკატმა კ. ა-ძემ ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ე. ქ-ამ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საჩივრის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის აღძვრისა და სასამართლოში მისი განხილვის დროს არც გამომძიებლისათვის იყო ცნობილი და არც სასამართლოსათვის, რომ სადავო ავტომანქანა რამდენიმე დღით ადრე გადაფორმდა ნ. ს-შვილის სახელზე. ამდენად, სასამართლოს სრული საფუძველი ჰქონდა, გაეცა ბრძანება სადავო მანქანაზე ყადაღის დადების შესახებ და ბრძანება, თავისთავად, უკანონო არ არის.

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ქონებას ყადაღა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შემთხვევით მოხვდა აღწერაში, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად.

კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ნ. ს-შვილს უფლება აქვს, შელახულად მიჩნეული თავისი უფლების დაცვა მოახდინოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოქალაქე ნ. სეფიაშვილის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 30 სექტემბრის ბრძანება ტ. ლ-შვილის კუთვნილ ავტომანქანაზე ყადაღის დადების შესახებ დარჩეს უცვლელად.