განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 07.11.2002
საქმის ნომერი
2კ-230დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.11.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 230-დად 7 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ნ. ს-ძის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 სექტემბრის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1995წ. 10 აპრილს სიღნაღის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების გამომძიებელმა რ. მ-შვილმა ერთ წარმოებად გააერთიანა 1994-1995 წლებში კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეთა ოჯახებზე განხორციელებული ყაჩაღურ თავდასხმებზე აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც დანაშაულში იმხილებოდნენ კ. ჩ-შვილი,გ. ი-შვლი, გ.ს-შვილი და სხვები.

1995წ. 11 აპრილს ხსენებული საქმე გამოძიებისათვის დაექვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის რეგიონალური სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას და იმავეწ. 14 აპრილს იგი წარმოებაში მიიღო გამომძიებელმა გ. მ-შვილმა. ამ პერიოდში განყოფილების უფროსად მუშაობდა ნ. ღ-შვილი.

1996წ. 29 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა გამოძიების დროს დაშვებული დარღვევები, კერძოდ:

გამომძიებელ მ. მ-შვილის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბანდიტური ჯგუფის წევრების: კ.ჩ-შვილის და ი. ჯ-შვილის ბინებიდან ჩხრეკის დროს ამოღებული ოქროს სამკაულები, ამოცნობილი იყო დაზარალებულების: მ.ნ-შვილის, ნ. გ-შვილის მიერ და შესაბამისად შედგენილი იყო ამოცნობის ოქმებიც. გამომძიებელ მ. მ-შვილის მიერ ხელწერილით ჩაბარებული იყო ბრალდებულის ძმისათვის ნ. ჩ-შვილისათვის. გამომძიებლის მიერ გაყალბებული იყო აღნიშნული ოქმები. საქმიდან ამოღებული იყო გამომძიებელ რ. მ-შვილის 1995წ. 10 აპრილის დადგენილება საქმეთა გაერთიანების შესახებ, ასევე _ გ.სიყმაშვილის ჩვენებაც, რომელშიც იგი აღიარებდა დანაშაულის ჩადენას, ხოლო ს. ბ-შვილის და ი. პ-შვილის დაკითხვის ოქმებში, ს. ჭ-შვილის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში გადასწორებული იყო მათი შედგენის თარიღები.

ყოველივე ამ გარემოებებმა შეასუსტა გ. ს-შვილის ბრალდების მტკიცებები, რის გამოც მის მიმართ ყაჩაღობის ბრალდების ეპიზოდში საქმე შეწყდა წარმოებით, აღკვეთი ღონისძიება _ პატიმრობა კი შეეცვალა გაუსვლელობის ხელწერილით.

ვინაიდან გამოკვეთილი იყო გამომძიებელ მ. მ-შვილის მიერ სიყალბის ჩადენის ფაქტები, გენერალურმა პროკურატურამ საქმე ამოიღო კახეთის რეგიონალური სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებიდან და იგი წარმოებაში მიიღო საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ლ. ს-შვილმა.

ჩატარებული გამოძიებით გ. ს-შვილს ყაჩაღურ თავდასხმებში მონაწილეობა დაუდასტურდა, აღნიშნულის შესახებ წარედგინა ბრალდება და აღკვეთ ღონისძიებად ისევ შეეფარდა პატიმრობა. მოგვიანებით ამ საქმეზე დამთავრდა წინასწარი გამოძიება და საქმე გ.ს-შვილის და სხვათა მიმართ წარიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. 1996წ. 20 აგვისტოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა გ. ს-შვილის მამამ – ს. ს-შვილმა. მან განცხადებაში მიუთითა, რომ დახმარების გაწევის მიზნითა და შვილის პასუხისმგებლობიდან გასათავისუფლებლად ქრთამის სახით 3500 დოლარი გადასცა გამომძიებელ მ.მ-შვილს, 10000 დოლარი _ მის უფროს – ნ. ღ-შვილს.

გამომძიებელ ლ.ს-შვილის მიერ 25 აგვისტოს ქრთამის მიცემისათვის ეჭვმიტანილის სახით დაკავებული იქნა ს. ს-შვილი. იმავე დღეს იგი ადვოკატ გ.მ-შვილის თანდასწრებით დაიკითხა. ს. ს-შვილმა დაადასტურა ქრთამის მიცემა მ.მ-შვილისათვის და იგივე ჩვენება მისცა ნ. ღ-ზე დამატებით ეჭვმიტანილად დაკითხვისას 26 აგვისტოს, როცა დაკითხვას ეწრებოდა ადვოკატი შ.ჩ-ძე. 28 აგვისტოს ს. ს-შვილი განთავისუფლდა დაკავებიდან.

თანამდებობის ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ თ.მ-შვილი და ნ.ღ-შვილი. თ.მ-შვილს აღკვეთი ღონისძიება _ პატიმრობა შეეფარდა 1996წ. 1 ივლისს, ნ.ღ-შვილს – 10 ოქტომბერს. ქრთამის მიცემის ნაწილში მასალები გამოიყო ცალკე წარმოებად.

1996წ. 30 დეკემბერს მ.მ-შვილის და ნ.ღ-შვილის ბრალდების საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად და იგი 1997წ. 3 იანვარს წარმოებაში მიიღო გენერალური პროკურატურის საგამოძიებო აპარატის გამომძიებელმა გ.თ-შვილმა.

1997წ. 6 იანვარს ნ.ღ-შვილს აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა, შეეცვალა გაუსვლელობის ხელწერილით.

საბოლოოდ ნ.ღ-შვილს ბრალად წარედგინა საქართველოს 1960წ. სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილით, 191-ე მუხლით, ხოლო მ.მ-შვილს - სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 191-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1997წ. 25 აპრილს საბრალდებო დასკვნით საქმე წარიმართა სასამართლოში. 1997წ. 2 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სასამართლომ მ.მ-შვილს პატიმრობა შეუცვალა გაუსვლელობის ხელწერილით.

2001წ. 30 იანვარს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიებისათვის.

განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ.

საქმეზე დამატებითი გამოძიება აწარმოა კახეთის საოლქო პროკურატურამ, 2002წ. 10 აპრილიდან კი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო აპარატმა.

2002წ. 19 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო აპარატის გამომძიებელმა ლ.მ-ძემ გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმად მ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა მისი ბარლდებულის სახით პასუხისგებაში ყოფნის 24 თვიანი ვადის გასვლის, ხოლო ნ.ღ-შვილის მიმართ – კანონით გათვალისწინებული ქმედობის არარსებობის მოტივით.

გამოძიებამ ასევე იმსჯელა გამომძიებელ ლ.ს-შვილის მიმართ, რომელსაც ნ.ღ-შვილი ამხელდა სიყალბეების ჩადენასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. კერძოდ, მიუთითებდა, რომ გამომძიებელმა ლ.ს-შვილმა ისე წარუდგინა მათ ბრალდებები, რომ სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა აღძრული. მან ს. ს-შვილს მათ საწინააღმდეგოდ გამოსძალა ჩვენებები მათთვის ქრთამის მიცემის შესახებ, მის დაკითხვებს არ ესწრებოდნენ ადვოკატები და ამ უკანასკნელთა ხელმოწერები გაყალბებული იყო და სხვა.

გამოძიებამ არ გაიზიარა ნ.ღ-შვილის არგუმენტები და ლ.ს-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი თქვა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით.

ნ. ღ-შვილი არ დაეთანხმა გამომძიებელ ლ.მ-ძის 2002წ. 19 ივლისის დადგენილებას ლ.ს-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და გაასაჩივრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 3 სექტემბერს დააკმაყოფილა მისი საჩივარი, სასამართლომ გააუქმა გამომძიებელ ლ.მ-ძის 2002წ. 19 ივლისის დადგენილება და მასალები ლ.ს-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას შემდეგი მოტივებით: საქმეზე სრულყოფილად არ არის გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, მოპოვებულ მტკიცებულებებს აკლია დამაჯერებლობა, ჩასატარებელია ადვოკატ მ.მ-შვილის დაპირისპირება გამომძიებელ ლ.ს-შვილთან, დაკითხულნი უნდა იქნენ ს. ს-შვილი და სხვა. წარმოდგენილი კერძო აკასაციო საჩივრით საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ნ.ს-ძე ითხოვს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 სექტემბრის დადგენილების გაუქმებას და გამომძიებელ ლ.მ-ძის 2002წ. 19 ივლისის დადგენილების უცვლელად დატოვებას. საჩივარში მითითებულია, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად, მოპოვებულ მტკიცებულებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

შეგებებულ კერძო საკასაციო საჩივრით ნ. ღ-შვილი ითხოვს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 სექტემბრის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ნ.ს-ძემ მოითხოვა მისი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ლ.ს-შვილმა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება სასამართლო დადგენილების მოსაზრებებს, თითქოს ნ.ღ-შვილის განცხადებებში მითითებული გარემოებები დამატებითი გამოძიების დროს სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული, მოპოვებულ მტკიცებულებებს არ მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. როგორც საქმიდან ირკვევა, ნ.ღ-შვილის განცხადებები, გამომძიებელ ლ.ს-შვილის მიერ საქმის მასალების გაყალბების, მისი უკანონოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და დაპატიმრების შესახებ, გამოკვლეულ იქნა როგორც მისი სისხლის სამართლის საქმის სასამართლოებში განხილვისას, ისე კახეთის საოლქო პროკურატურის და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ საქმის დამატებითი გამოძიების დროს ამ მიზნით დაკითხულ იქნენ მის განცხადებაში მითითებული პირები, მათ შორის ადვოკატი მ.მ-შვილი, თვით ლ. ს-შვილი, ნ.ღ-შვილის შუამდგომლობების საფუძველზე ჩატარებულ იქნა გრაფიკული ექსპერტიზები, შეფასებები მიეცა ს. ს-შვილის, მ. მ-შვილის არაერთგზის მიცემულ ჩვენებებს. დამატებითი გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ლ. ს-შვილმა ჩაიდინა სამსახურეობრივი სიყალბე და უსაფუძვლოდ მისცა ნ.ღ-შვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიება ჩატარებულია სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, ამდენად სასამართლოს დადგენილებაში მითითებული მოსაზრებები, რომ დამატებით დაკითხულ იქნენ ზემოთ მითითებული პირები, მოხდეს მათ შორის დაპირისპირებები, გაზიარებული ვერ იქნება უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელ ლ.მ-ძის 2002წ. 19 ივლისის დადგენილება ლ.ს-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული და კანონიერია. ამდენად, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 სექტემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 სექტემბრის დადგენილება გაუქმდეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელ ლ. მიქაბერიძის 2002წ. 19 ივლისის დადგენილება, ლ. ს-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.