დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-492(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი (მესამე პირი (სასკ 16.2) - შპს „...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 18 იანვარს სპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით განსაზღვრული მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით სპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება შპს „...ი“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სპს ,,...ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მიზანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 35 780.4 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენდა. მითითებული უძრავი ქონების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, აპელანტმა უკვე იდავა სასამართლოში და მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მხარის სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებში არაერთხელ აღინიშნა, რომ აპელანტი არ წარმოადგენდა სარჩელში მითითებული უძრავი ქონების „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელს. ამდენად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასებები, ასევე არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.
კასატორი მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოდგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლის მფლობელი, შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არის მოსარჩელე. კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიდა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საჯარო რეესტრში წარადგინა კანონით განსაზღვრული დოკუმენტები. მოსარჩელის მთავარი პრეტენზია უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები სათანადოდ არც სასამართლოს შეუფასებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოადგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 2015 წლის 07 ოქტომბერს სპს ,,...ის" დირექტორის უ. ს-ის მიერ წარდგენილი იქნა №... სარეგისტრაციო განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება ...ი (ზონა; ბათუმი, სექტორი). განცხადებაზე თანდართული იყო წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი ელ.ვერსია, აქტი (ასლი), იჯარის ხელშეკრულების ასლი, 2000 წლის 01 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულება, საგადასახადო მოთხოვნა №... (ასლი), წერილი №... საიჯარო ხელშეკრულების ასლი, აქტი (ასლი), ქირავნობის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს სარეგისტრაციო წარმოებაზე ეთქვა უარი და განემარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, „2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად". სპს ,,...ი“ (ს/ნ. ...) კი წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რაც დასტურდებოდა ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (№..., 21/11/2012).
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 12 ნოემბერს წარდგენილი იქნა სპს „...ის“ დირექტორის უ. ს-ის №... ადმინისტრაციული საჩივარი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 13 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. სააგენტო დაეთანხმა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (13.10.2015) გადაწყვეტილებას; მიიჩნია, რომ იყო კანონიერი და მისი ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით სპს „...ის“ წარმომადგენელს უ. ს-ეს 2015 წლის 12 ნოემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
დადგენილია, რომ 1993 წლიდან მოსარჩელე სარგებლობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ეში მდებარე 3578.4 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით და იხდიდა მიწის გადასახადს. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1998 წლის 10 მარტის №29 დადგენილების, აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 19 ოქტომბრის სხდომის ოქმის და აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკონკურსო კომისიის 1998 წლის 19 ოქტომბრის №1-07/134 ბრძანების საფუძველზე დაუმტკიცდა მოსარჩელეს აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება. ამასთან, 2000 წლის 01 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებით მოსარჩელეს სარგებლობაში გადაეცა აეროპორტის საწვავ-საცხების მასალების საწყობი. აღნიშნულ იჯარის ხელშეკრულებაში არ იყო დაფიქსირებული მიწის ნაკვეთი.
2011 წლის 18 თებერვლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,...ის’’ განცხადება დაკმაყოფილდა და განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 34505.00 კვ.მეტრი და შენობა-ნაგებობა საერთო ფართი 1422.97 კვ.მეტრი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,...ის’’ სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ბათუმის საგასახადო ინსპექციის 2006 წლის 05 აპრილის №603.081/01-1350 ბრძანება.
კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 06 ივლისის (საქმე №3-126/11) გადაწყვეტილებით მოსარჩელე სპს ,,...ის’’ სარჩელი მოპასუხეების: შპს ,,...ის’’, შემოსავლების სამსახურის და საჯარო რეესტრის მიმართ ბათუმის რეგიონული (საგადასახადო ინსპექციის) ცენტრის 2006 წლის 05 აპრილის №603/081/01/04-1350 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
კანონიერ ძალაში შესული, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის (საქმე №3-316) გადაწყვეტილებით (მოსარჩელე - სპს ,,...ი’’, მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია, დავის საგანი - ამავე კომისიის მიერ გამოტანილი 2008 წლის 01 მაისის №57 გადაწყვეტილება) მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სადავო აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 35780.4 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.
კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის (საქმე №3-690/11) გადაწყვეტილებით (მოსარჩელე - სპს ,,...ი’’, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დავის საგანი - აქტების ბათილად ცნობა), სპს ,,...ს’’ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელის მიერ საჯაროს რეესტრში წარდგენილი დოკუმენტები არ მიიჩნია სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენ დოკუმენტად.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი იყო სპს „...ის“ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე (მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება ...ი) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის (საქმე №3-690/11) გადაწყვეტილებით (მოსარჩელე - სპს ,,...ი’’, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დავის საგანი - აქტების ბათილად ცნობა) მოსარჩელეს - სპს „...ს" უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელის მიერ საჯაროს რეესტრში წარდგენილი დოკუმენტები არ მიიჩნია სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად, რის საფუძველზეც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას ემსჯელათ მოსარჩელის მოთხოვნაზე - მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
სადავო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგეობებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას ასევე გამორიცხავდა, ქონებაზე შპს „...ის“ რეგისტრირებული საკუთრების უფლება, რისი საფუძველიც (ბათუმის რეგიონულის (საგადასახადო ინსპექციის) ცენტრის 2006 წლის 05 აპრილის №603/081/01/04-1350 ბრძანება), სადავოდ იყო გამხდარი მოსარჩელის მიერ, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა (კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 06 ივლისის (საქმე №3-126/11) გადაწყვეტილება).
ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს გამორიცხავდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლიც (საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3889), რომლის თანახმადაც, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 26.08.2020 წ. საგადასახდო დავალება №9754881462-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
3. სპს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.08.2020 წ. საგადასახდო დავალება №9754881462-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი