საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 79-კოლ 12 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გვენეტაძე
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორის ჯ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, ასევე მსჯავრდებულების: ვ. ქ-ს, კ. ფ-ს, ე. ძ-ას და რ. პ-იას ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. ბ-ას, ი. ბ-შვილის, გ. ნ-ას და ი. ქ-ას, ასევე მსჯავრდებულების ვ. შ-ას და კ. შ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ვ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 11 ივნისის განაჩენზე, რომლითაც:
1. ვ. ქ-ია ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960წ. სსკ) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 8 მარტიდან.
სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოდარის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 1995წ. 19 სექტემბრის განაჩენით პატიმრაობაში ყოფნის დრო - 3 თვე და 13 დღე.
2. კ. შ-ია, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960წ.) და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 27 მარტიდან.
3. ვ. შ-ვა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960წ.) და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 4 სექტემბრიდან.
4. რ. პ-ია ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და 252 მუხლით (1960წ.), ერთობლივად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 21 იანვრიდან.
5. ე. ძ-უა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 78-ე მუხლით (1960წ.). ერთობლივად შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 19 აგვისტოდან.
6. კ. ფ-ია ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960წ.) და 252 მუხლის მესამე ნაწილით (1960წ.). ერთობლივად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 17 მარტიდან.
7. ლ. თ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წინასწარი გამოძიების მიერ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა _ გაუქმდა.
ამავე საქმეზე მსჯავრდებული არიან აგრეთვე ჟ. ლ-ა და გ. თ-ა. ისინი განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებენ.
განსასჯელ გ. ნ-იას მიმართ საქმე სასამართლოს მიერ ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი და შეჩერდა მის გამოჯანმრთელებამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ვ. ქ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: მან 1994წ. თებერვლის თვის დასაწყისში ე. ჭ-სთან ერთად ჩამოაყალიბა ურთიერთშორის მტკიცედ, მჭიდროდ შეკავშირებული შეიარაღებული ბანდა, ცალკეულ პირებსა და მათ ოჯახებზე თავდასხმის მიზნით. ბანდის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შევიდნენ ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირები. ბანდა შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღებით, საბრძოლო მასალითა და ცივი იარაღებით.
ვ. ქ-ია ბანდის სხვა წევრებთან ერთად 1994წ. 15 თებერვალს თავს დაესხა ო. კ-ას ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 2580 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობა და ფული _ 135 ლარი.
1994წ. მარტის თვეში ვ. ქ-ია ბანდის სხვა წევრებთან ერთად თავს დაესხა გ. ბ-შვილის ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს ავტომანქანა “ბმვ” და სხვა ფასეულობა.
1997წ. 12 ნოემბერს ვ. ქ-ია ბანდის სხვა წევრებთან ერთად თავს დაესხა ჯ. ხ-ას ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 1610 ლარის ღირებულების ქონება.
1997წ. შემოდგომაზე ვ. ქ-ია და ბანდის სხვა წევრები შეიჭრნენ რ. ჭ-ას საცხოვრებელ სახლში, საიდანაც გაიტაცეს 700 ლარის ღირებულების ქონება.
1997წ. დეკემბრის თვეში ვ. ქ-იამ ბანდის სხვა წევრთან ერთად გაქურდა ა. ღ-იას ბინა, საიდანაც ფარულად გაიტაცეს 1950 ლარად ღირებული ქონება.
1996წ. ნოემბერში ვ. ქ-იამ და ბანდის სხვა წევრებმა გაიტაცეს რ. ჯ-იას ავტომანქანა ვაზ-2106.
1998წ. დეკემბერში ვ. ქ-ამ და ბანდის სხვა წევრებმა გაიტაცეს გ. კ-ვას ავტომანქანა ვაზ-2106, შემდგომ მის დაბრუნებაში კუპრავას გამოსძალეს 250 ლარი.
1999წ. 22 იანვარს ვ. ქ-ია და ბანდის სხვა წევრები თავს დაესხნენ სამუშაოზე მდგომ ჯარისკაცს ზ. კ-შვილს, რომელსაც ძალადობის გამოყენებით წაართვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 60 ცალი ვაზნა, თვით კ-შვილს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანება.
1999წ. მარტ-აპრილში ვ. ქ-იამ და ბანდის სხვა წევრები თავს დაესხნენ მ. კ-იას და გაიტაცეს მისი კუთვნილი ავტომანქანა ვაზ-2107, რომელიც შემდგომ დააზიანეს და დაზარალებულს მიაყენეს 1500 ლარის მატერიალური ზიანი.
1999წ. 11 მაისს, ღამის საათებში, ვ. ქ-ია ბანდის სხვა წევრებთან ერთად თავს დაესხა მ. თ-ას ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 1050 ლარად ღირებული ალუმინის 72 ცალი ფურცელი.
1999წ. 2 ივნისს კ. ქ-ია და ბანდის სხვა წევრები თავს დაესხნენ ვ. ხ-ას და გაიტაცეს ავტომანქანა ვაზ-21011, ხოლო მასთან მყოფ პირებს წაართვეს ოქროს ნივთები. იმავე დღეს თავს დაესხნენ ვ. ნ-შვილს, რომელსაც წაართვეს ფული _ 700 ლარის ოდენობით და გასტაცეს ავტომანქანა “ფორდი”.
1999წ. 19 ივნისს ვ. ქ-ია და ბანდის სხვა წევრები თავს დაესხნენ კ. ჭ-იას, გასტაცეს ავტომანქანა “სობოლი”, ხოლო ბ. ე-იას წაართვეს 120 ლარად ღირებული ოქროს ძეწკვი, გატაცებული ავტომანქანა 800 აშშ დოლარად მიყიდეს ვინმე კ-იას.
1999წ. 16 სექტემბერს ვ. ქ-ია და ბანდის სხვა წევრები თავს დაესხნენ ქ. ს-იას ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 3,5 ტ. თხილი.
1999წ. 19 ნოემბერს ვ. ქ-ია და ბანდის სხვა წევრები თავს დაესხნენ ბ. გ-ას და გასტაცეს “უაზის” მარკის ავტომანქანა, ხოლო მგზავრი თ. ლ-ვა კი აიყვანეს მძევლად. იმავე ღამეს იგი ბანდის წევრებთან ერთად თავს დაესხა თ. ხ-იას ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 2000 ლარად ღირებული ერთი ტ. თხილი.
2000წ. 8 იანვარს ვ. ქ-იამ სხვა პირთან ერთად ვ. ოთხოზორ-იას სახლიდან ფარულად გაიტაცა ტელევიზორი “ვეკო”, ღირებული 300 ლარად.
2000წ. 3 თებერვლის ვ. ქ-ია და ბანდის სხვა წევრი თავს დაესხნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაიტაცეს დ. კ-იას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა.
ვინაიდან ვ. ქ-ია და ბანდის სხვა წევრები დარწმუნებული იყვნენ, რომ პოლიციის მუშაკებზე თავდასხმის დრო ისინი შეიცნეს პოლიციის მუშაკებმა, გადამალეს უკანონოდ შეძენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რასაც ისინი უკანონოდ ატარებდნენ და ინახავდნენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულით სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ქ-იამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960წ.) გათვალისწინებული დანაშაული.
კ. შ-იასა და ვ. შ-ას მსჯავრი დაედოთ იმისათვის, რომ ისინი სხვადასხვა დროს გახდნენ ვ. ქ-სა და ე. ჭ-იას მიერ შექმნილი ბანდის წევრები.
მათ მონაწილეობა მიიღეს ბანდის მიერ განხორციელებული თავდასხმის ორ ეპიზოდში, კერძოდ, 1999წ. 11 მაისს, ღამის საათებში, ბანდის სხვა წევრებთან ერთად ისინი თავს დაესხნენ მ. თ-ას ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 72 ცალი ალუმინის ფურცელი, ღირებული 1050 ლარად. მეორედ ისინი ბანდის სხვა წევრებთან ერთად, 1999წ. 16 სექტეემბერს თავს დაესხნენ ქ. ს-იას ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 70 ტომარა, 3,5 ტონა თხილი, ღირებული 8.586 ლარად.
აღნიშნულით სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ჩათვალა, რომ კ. შ-იამ და ვ. შ-ამ ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960წ.).
განაჩენით რ. პ-იას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ იგი 1999 წლიდან გახდა ვ. ქ--სა და სხვათა მიერ ორგანიზებულ ბანდის წევრი.
1999წ. 2 ივნისს ბანდის სხვა წევრებთან ერთად იგი თავს დაესხა ვ. ნ-შვილს, რომელსაც გასტაცეს ავტომანქანა ვაზ-2011, ხოლო ი. ქ-ვას წაართვეს ოქროს ძეწკვი და ოქროს ბეჭედი.
1999წ. 16 სექტემბერს რ. პ-ია ბანდის სხვა წევრებთან ერთად თავს დაესხა ქ. ს-იას ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 70 ტომარა 3,5 ტ. თხილი.
1999წ. 19 ნოემბერს რ. პ-ია ბანდის სხვა წევრებთან ერთად თავს დაესხა ბ. გ-ას, რომელსაც გასტაცეს ავტომანქანა “უაზი”, შემდეგ კი თავს დაესხნენ დ. ხ-ას ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს ფული _ 100 ლარი და ერთი ტ. თხილი, ღირებული 2000 ლარად. 2000წ. 20 იანვარს რ. პ-სგან ამოღებული იქნა 8,2 გრ. ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ჩათვალა, რომ რ. პ-იამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლითა და 252-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (1960წ.).
განაჩენით ე. ძ-ას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა ძარცვა, ასევე 1999 წლიდან გახდა ვ. ქ-სა და სხვათა მიერ ორგანიზებული ბანდის წევრი.
მან 1998წ. 5 ივნისს ქ. თბილისში, თავაძის ქუჩაზე მდებარე სურსათის მაღაზიიდან, აშკარად გაიტაცა ნავაჭრი თანხა _ 5 ლარი.
1999წ. 19 ივნისს, 15 საათზე, ბანდის სხვა წევრებთან ერთად თავს დაესხა კ. ჭ-იას “სობოლის” მარკის ავტომანქანას, მგზავრებს _ ბ. ე-იას წაართვეს ოქროს ძეწკვი, ღირებული 120 ლარად, ხოლო კ.ჭ-ას გასტაცეს 14.000 ლარად ღირებული “სობოლის” მარკის ავტომანქანა, რომელიც გადაიყვანეს გალის რაიონში და 800 აშშ დოლარად მიყიდეს ვინმე კ-იას.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. გ-ამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960წ.).
კ. ფ-ას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღო ვ. ქ-იასა და სხვათა მიერ ჩამოყალიბებულ ბანდაში. ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას.
კერძოდ, 1999წ. მარტ-აპრილის თვეში, რიცხვი დაუდგენელია, დაახლოებით 22 საათზე, კ. ფ-ია ბანდის სხვა წევრებთან ერთად თავს დაესხა მ. კ-იას და გასტაცეს მას ავტომანქანა ვაზ-2107, რითაც ვ. კ-იას მიაყენეს 1500 ლარის ზიანი.
კ. ფ-იამ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 7,21 გრამ ნარკოტიკულ საშუალება “მარიხუანას”, რაც მისგან ამოღებულ იქნა 2000წ. 17 მარტს.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ფ-იამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლისა და 252-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960წ.).
საბრალდებო დასკვნით ლ. თ-ას ბრალი დაედო იმისათვის, რომ 2000წ. თებერვალში, მეუღლის ვ. ქ-იას თხოვნით, ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შესანახად მიუტანა ზ. ფ-იას. 2000 წ. 8 მარტს ზ. ფ-იას სახლიდან ამოღებულ იქნა ორი ავტომატური იარაღი სამი მჭიდით და 40 ცალი საბრძოლი ვაზნა.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ლ. თ-ას არ გადაუტანია და არ შეუნახია ცეცხლსასროლი იარაღები, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, იქნა გამართლებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ჯ. ს-ძე ითხოვს ვ. ქ-იას, კ. შ-იას, ვ. შ-ას, რ. პ-იას მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას, მას შეფარდებული სასჯელები მიაჩნია აშკარად მსუბუქად, ხოლო ლ. თ-ას მიმართ ასევე ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ იგი სასამართლო კოლეგიის მიერ დაუსაბუთებლად იქნა გამართლებული.
საჩივარში მითითებულია, რომ ვ. ქ-ია იყო ბანდის მეთაური და ჩადენილი აქვს არაერთი დანაშაული, კ. შ-იას და ვ. შ-ას ჩადენილი აქვთ თავდასხმის ორი ეპიზოდი, ხოლო რ. პ-იას სამი ეპიზოდი და კიდევ სხვა ორი დანაშაული.
რაც შეეხება ლ. თ-ას მიერ ჩადენილ დანაშაულს, იგი დადგენილია მისი წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, ასევე წინასწარ გამოძიებაში მისი მეუღლის, ვ. ქ-იას მიერ მიცემული ჩვენებით, ზ. ფ-იას ჩვენებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მასალებით.M
მსჯავრდებულების _ ვ. ქ-იას, კ. ფ-იას, ე. ძ-ას და რ. პ-იას ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. ბ--ია, ი. ბ-შვილი, მ. ნ-ია და ი. ქ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას, მიუთითებენ, რომ განაჩენი ძირითადად დამყარებულია წინასწარი გამოძიების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რომელთაც დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლოში განხილვისას, ასევე ბანდის ერთ-ერთ მეთაურად მიჩნეული ე. ჭ-ია ექსპერტიზის დასკვნით მიჩნეულია შეურაცხად პირად და, ამდენად, ის ვერ შეძლებდა ბანდის ჩამოყალიბებასა და ხელმძღვანელობას.
მსჯავრდებულების კ. შ-სა და ვ. შ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ვ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ვ. შანავასა და კ. შ-იას ქმედების ქურდობად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას, ამასთან, თუკი აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება, ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არაა დადასტურებული ვ. შ-სა და კ. შ-იას ბანდაში მონაწილეობა, მითუმეტეს დადგენილია, რომ გამოძიების მიერ ბანდის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი ე. ჭ-ია ფსიქიურად შეურაცხადი პიროვნებაა, რაც გამორიცხავს ბანდის ჩამოყალიბებასა და ხელმძღვანელობას.
წარმოდგენილია ასევე ადვოკატ თ. ვ-ს შესაგებელი პროკურორის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სადაც იგი აღნიშნავს, რომ არ არსებობს პროკურორის საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ი. ქ-იამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რ. პ-იას ბანდიტურ დაჯგუფებაში მონაწილეობა არაა დადასტურებული და იშუამდგომლა საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
ადვოკატმა თ. ვ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი პროკურორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის. მანვე ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ სავსებით კანონიერად იქნა გამართლებული ლ. თ-ა და იშუამდგომლა მის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-ამ მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა პროკურატურის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მანვე განაჩენი ე. გ-ს და კ. ფ-ას მიმართ მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მათ მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს მსჯავრდებულების _ ვ. ქ-ას, კ. შ-იას, ვ. შ-სა და რ. პ-ას მიმართ შეფარდებული სასჯელის ზომა იყოს აშკარად მსუბუქი.
თანახმად საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლისა, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიის განაჩენით შეფარდებული სასჯელები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეტისმეტად მსუბუქად. ამდენად, ამ მოტივით არ არსებობს განაჩენის გაუქმების კანონიერი საფუძველი.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ლ. თ-ას მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე.
სასამართლო კოლეგიამ საქმის განხილვისას დეტალურად გამოიკვლია საქმის მასალები, დაკითხა თვით განსასჯელები და მოწმეები, მაგრამ ლ. თ-ზე წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული, რის გამოც ლ. თ-ა სავსებით კანონიერად იქნა გამართლებული.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების ვ. შ-ას და კ. შ-იას ინტერესების დამცველის ადვოკატ თ. ვ-ას, ასევე მსჯავრდებულების _ ვ. ქ-ას, ე. ძ-ას, კ. ფ-ას და რ. პ-იას ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრების მოთხოვნას განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მსჯავრდებულ ვ. ქ-იას მიერ ე. ჭ-სთან ერთად უკანონო ბანდის შექმნა და მასში ვ. შ-ას, კ. შ-იას, რ. პ-იას, ე. ძ-ს და კ. ფ-იას მონაწილეობა დადგენილია როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მასალებით, ამოღებული ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთებით, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას სასამართლო კოლეგიამ დეტალურად გამოიკვლია მსჯავრდებულების მიერ წამოყენებული ყველა ვერსია და მისცა მათ სათანადო შეფასება.
საქართველოს სსსკ-ის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენში მოყვანილი ფაქტები.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ ვ. ქ-იას, კ. შ-იას, ვ. შ-ას, რ. პ-იას, ე. ძ-ას და კ. ფ-იას მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მათ ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება საჩივრების მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს შეურაცხადი ე. ჭ-ია არ შეიძლება ყოფილიყო ბანდის ხელმძღვანელი. მოქმედი სისხლის სამართლის კანონი არ გამორიცხავს შეურაცხადი პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, მათ შორის, ბანდიტიზმის ჩადენასაც. ამდენად, ეს მოტივი განაჩენის გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება.
პალატა ასევე თვლის, რომ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულებს _ რ. პ-იას, ვ. შ-ას და კ. შ-იას თითო წლით უნდა შეუმცირდეთ განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ზომა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 11 ივნისის განაჩენი კ. შ-იას, ვ. შ-ვას და რ. პ-იას მიმართ შეიცვალოს: თითოეულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 1-1 წლით, საბოლოოდ კ. შ-იასა და ვ. შ-ვას სასჯელის ზომად განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა 7-7 წლით, ხოლო რ. პ-იას _ 8 წლით. იგივე განაჩენი ვ. ქ-იას, კ. ფ-ას, ე. ძ-სა და ლ. თ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.