განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 17.10.2002
საქმის ნომერი
2კ-86კოლ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 86-კოლ 17 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ფ-შვილის, აგრეთვე, ადვოკატების _ ზ. რ-შვილის, კ. ც-ძის და ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 24 ივნისის განაჩენზე, რომლითაც დამნაშავედ იქნენ ცნობილი: 1. ზ. ფ-შვილი საქართველოს 1960წ. სსკ-ის 228-ე მუხლის მესამე ნაწილით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1999წ. სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 187-ე მუხლის მესამე ნაწილით, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილით, 19,109-ე მუხლის “ზ” პუნქტით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

2. ო. ფ-შვილი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 187-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ზ. ფ-შვილი სასჯელს იხდის 2000წ. 5 ივნისიდან, ო. ფ-შვილი კი _ 2000წ. 3 სექტემბრიდან.

მსჯავრდებულ ზ. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ზ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და, ამდენად, ამ ნაწილში განაჩენი არის უკანონო. სხვა ბრალდებების ნაწილში მსჯავრდებული განაჩენს არ ასაჩივრებს.

ადვოკატების _ ზ. რ-შვილის, კ. ც-ძის და ნ. გ-შვილის საჩივარი ითხოვს ზ. ფ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე ბრალდების ყველა ნაწილში, გარდა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდებისა, ო. ფ-შვილის მიმართ კი _ იმავე საფუძვლით საქმის შეწყვეტას ბრალდების ყველა ნაწილში.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით ზ. ფ-შვილსა და ო. ფ-შვილს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

ზ. ფ-შვილი 1990წ. 5 მაისს ქ. ქუთაისში, თავის საცხოვრებელ ბინაში, შეხვდა ნაცნობს ი. ჭ-შვილს, რომელსაც უთხრა, რომ იცნობდა აბაშის რაიონის ბანკის მმართველის ფ. შ-ძის ოჯახს და შესთავაზა ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის, 1975წ. დაბადებული მ. შ-ძის მოტაცება, შემდგომში ფ. შ-ძისათვის ფულის გამოძალვის მიზნით. ი. ჭ-შვილი დაუკავშირდა მის ნაცნობს, აწ გარდაცვლილ მ. ბ-ძეს და მასთან შეთანხმების შემდეგ, 1990წ. 8 მაისს, დილის საათებში, ი. ჭ-შვილი მ. ბ-სთან ერთად მათ ნაცნობ მ. უ-სთან მივიდა, რომელიც მუშაობდა ქ. ქუთაისის შს სამმართველოს საპატრულო საგუშაგო სამსახურში რიგით პოლიციელად, ზემოაღნიშნულის შესახებ უთხრეს და ვინაიდან იგი პოლიციელი იყო, გზაში მსვლელობისას შეფერხება რომ არ ჰქონოდათ, შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღო დანაშაულში, რისთვისაც გარკვეულ თანხას მისცემდნენ. მ. უ-მ განუცხადა რა თანხმობა, იმავე დღის საღამოს საათებში, მ. ბ-ძე, მ. უ-სთან კვლავ მივიდა და ი. ჭ-შვილისათვის გადაცემის მიზნით გადასცა “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი თავისი მჭიდითა და სამი ცალი საბრძოლო ვაზნით. 1990წ. 9 მაისს, დილის საათებში, ი. ჭ-შვილი დაუკავშირდა მის ნათესავს _ გ. ე-ძეს, რომელსაც სთხოვა თავისი კუთვნილი ავტომანქანით ქ. აბაშაში წაყვანა, რაზეც გ. ე-ძე დაეთანხმა. დაახლოებით 11 საათზე, გ. ე-ძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ვაზ-2106-ით, გაემართნენ ქ. აბაშაში. კვალის დაფარვის მიზნით აღნიშნულ ავტომანქანაზე შეცვალეს სახელმწიფო სანომრე ნიშნები, რის შემდეგ დაახლოებით 14 საათზე, ი. ჭ-შვილი, მ. უკლება და გ. ე-ძე არასრულწლოვან მ. შ-ძის ადგილსამყოფლის დაზუსტების მიზნით, მივიდნენ ქ. აბაშაში, ¹1 საშუალო სკოლასთან, ხოლო შემდეგ ავტოსადგურის წინ არსებულ მოედანზე გაჩერდნენ, სადაც ი. ჭ-შვილი მ. შ-ძეს შეხვდა და ჰკითხა, თუ სად შეიძლებოდა მამამისის ნახვა და შესთავაზა ავტომანქანაში ჩაჯდომა, რა დროსაც ავტომანქანიდან გადმოსულმა მ. უ-ამ, ძალადობის გამოყენებით მ. შ-ძე ავტომანქანაში ჩასვა და გვერდით მიუჯდა, ამოიღო “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, რომელიც მიუშვირა მას. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და გააგრძელეს გზა ქუთაისის მიმართულებით. გზაში მსვლელობის დროს მ. შ-ძემ დაიწყო რა ტირილი და ავტომანქანის გაჩერებას ითხოვდა, მ. უკ-მ მ. შ-ძე დააშინა და გააფრთხილა, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მოკლავდა. ამასთანავე უთხრა, რომ რაიმე საფრთხე არ ელოდა და მისი მამისაგან _ ფ. შ-საგან ფულის გამოძალვის შემდეგ გაათავისუფლებდნენ. ქ. ქუთაისის შესასვლელთან მიახლოებისას ი. ჭ-შვილმა ავტომანქანაზე კვლავ თავისი სანომრე ნიშნები მიამაგრა, რის შემდეგ მ. შ-ძეს თავი ქვემოთ დაახრევინეს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი მათ მიერ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მ. შ-ძე ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩის ¹2-ში, მე-4 სართულზე მდებარე მოქ. კ. რ-შვილის სახლში მიიყვანეს, სადაც ი. ჭ-შვილთან, მ. უ-სთან, რ. ე-სთან, მ. ბ-სთან და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, არასრულწლოვანი მ. შ-ძე ოთხი დღე-ღამის განმავლობაში უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ჰყავდათ. ამ პერიოდში ზ. ფ-შვილი შეხვდა ფ. შ-ძეს, რომელმაც უთხრა მისი შვილის დაკარგვის შესახებ. ზ. ფ-შვილმა თითქოსდა არაფერი იცოდა ამის შესახებ, უპასუხა, რომ დაინტერესდებოდა და თუ რაიმეს გაიგებდა, შეატყობინებდა. შემდეგ კი მიუტანა მისი შვილის ხელით დაწერილი წერილი, გამტაცებელ პირთა მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით მათზე ქონების გადაცემის მოთხოვნით. 1990წ. 12 მაისს ზ. ფ-შვილმა ფ. შ-ძეს გამოსძალა 200000 რუსული რუბლი, ანუ 42524 ლარი, რის შემდეგაც მან იმავე დღეს, საღამოს საათებში მ. შ-ძე გაათავისუფლა, ხოლო მიღებული თანხა მათ შორის განაწილებულ იქნა თანაბრად.

ზ. ფ-შვილი 1997წ. დეკემბერში (თარიღი დაუდგენელია), დანაშაულებრივად დაუკავშირდა და მოელაპარაკა გამოძიებით დაუდგენელ პირს მუქარისა და დაშინების გზით გამოეძალათ ფული ქ. ქუთაისში, 26 მაისის ქ. ¹19-ში მცხოვრებ, ფირმა “აიას” პრეზიდენტ რ. დ-შვილისაგან.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 1997წ. 24-დან 25 დეკემბერს, ღამით, ზ. ფ-შვილმა რ. დ-შვილის ეზოში ჩააგდო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” შეხვეული მუქარის გამომხატველი წერილი 20000 აშშ დოლარის მოთხოვნით, რასაც ხელს აწერდა ვინმე “ვალერას” სახელით. წერილში აღნიშნული იყო, რომ ფულის მისაღებად გამოგზავნიდა “პიროვნებას, ავადმყოფისათვის წამლების წამოღების საბაბით”. იმავე დღეს, დაახლოებით 18 საათსა და 20 წუთზე, ზ. ფ-შვილმა ქ. ზესტაფონში დაიქირავა და რ. დ-შვილთან, თითქოსდა ავადმყოფისათვის წამლის წამოსაღებად, გააგზავნა ტაქსის მძღოლი რ. ზ-ძე, რომლისთვისაც საქმის რეალური ვითარება უცნობი იყო. რ. ზ-ძემ ზ. ფ-შვილის დანაბარები გადასცა რ. დ-შვილს, მაგრამ მან ფული არ გაატანა და მისცა თავისი ტელეფონის ნომერი ზ. ფ-სათვის (ვალერასათვის) გადასაცემად. იმავე დღეს ქ. ზესტაფონში დაბრუნებულ რ. ზ-ძეს ზ. ფ-შვილის ნაცვლად შეხვდა გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელსაც რ. ზ-ძემ გადასცა რ. დ-შვილის დანაბარები და მისგან მიღებული ტელეფონის ნომერი.

ზ. ფ-შვილმა განაგრძო რა დანაშაულებრივი ქმედება, განმეორებით განიზრახა რ. დ-შვილისაგან ფულის გამოძალვა. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ქ. სამტრედიიდან ბინაში დაურეკა მას, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში ახლობლების მიმართ ანგარიშსწორებით დაემუქრა და ამჯერად 70000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა, რომლის მისაღებად 25 დეკემბერს, თითქოსდა ეტიკეტების წასაღებად “ვალერას" სახელით მასთან მივიდოდა პიროვნება, რომლისთვისაც უნდა გაეტანებინა მოთხოვნილი თანხა.

1997წ. 25 დეკემბერს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, ზ. ფ-შვილმა ქ. ბაღდათში დაიქირავა ტაქსის მძღოლი რ. გ-ძე, რომელსაც ქ. ქუთაისში, 26 მაისის ქ.¹19-ში მცხოვრებ, თითქოსდა თავის ბიძის _ რ. დ-სათვის გადასაცემად გაატანა კონვერტში შეფუთული, 70000 აშშ დოლარის მოთხოვნით შედგენილი მუქარის წერილი. რ. გ-ძეს კი უთხრა, რომ რ. დ-საგან ლიმონათის ეტიკეტები უნდა წამოეღო. იმავე დღეს გ-ძემ რ. დ-შვილს გადასცა კონვერტი და ლიმონათის ეტიკეტები მოსთხოვა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა.

1998წ. აპრილის დასაწყისში (თარიღი დაუდგენელია), ზ. ფ-შვილი დანაშაულებრივად დაუკავშირდა კ. ლ-ძეს, რომელიც რ. დ-შვილისაგან ფულის გამოძალვაში თანამონაწილეობაზე დაითანხმა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად შეთანხმდნენ, რომ რ. დ-ზე ზემოქმედების მოხდენისა და მისი შეშინების მიზნით აფეთქება მოეწყოთ ქ. ქუთაისში, შპს “კოსტიას” დირექტორ ვ. კ-ას სახლში, მისგან 10000 ლარის გამოძალვის მიზნით.

შეთანხმებისამებრ, 1998წ. 16 აპრილს, დაახლოებით 05 საათზე, კ. ლ-ძე და ზ. ფ-შვილი, ამ უკანასკნელის მიერ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში შეძენილი “იჟ-პლანეტის” მარკის, მოტოციკლით, რომელსაც კ. ლ-ძე მართავდა, მივიდნენ ვ. კ-ას სახლთან, თან მიიტანეს დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი დაუდგენელი სახის ფეთქებადი ნივთიერება და სამოსწავლო ყუმბარმტყორცნი თავისი ჭურვით, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ.

ზ. ფ-შვილი მოქმედებდა რა კ. ლ-სთან წინასწარი შეთანხმებით, მივიდა ვ. კ-ს სახლის ჭიშკართან და მისი ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აფეთქებით განზრახ დაზიანებისა და განადგურების მიზნით, დაუდგენელი ფეთქებადი ნივთიერების ქუჩიდან სახლის სხვენზე შეგდების გზით მოახდინა აფეთქება, რითაც გამოიჩინა რა განსაკუთრებული თავხედობა, მჭიდროდ დასახლებულ უბანში უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. აფეთქების შედეგად დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი _ 2000 ლარის ზიანი. აფეთქების შემდეგ ზ. ფ-შვილმა ვ. კ-ას ბინის ეზოში ჩააგდო მუქარის წერილი და კ. ლ-სთან ერთად, რომელიც ამუშავებული მოტოციკლით მოშორებით ელოდებოდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

1998წ. 26 აპრილს, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, ზ. ფ-შვილი და კ. ლ-ძე იმავე მოტოციკლით მივიდნენ ქ. ქუთაისში, შპს “კოსტიას” შენობასთან, თან მიიტანეს ზ. ფ-შვილის მიერ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი “აკ-74” მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის განკუთვნილი ვაზნებით და საბრძოლო მასალით _ ხელყუმბარით, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ.

კ. ლ-ძე დარჩა ფირმის შენობის მახლობლად ამუშავებულ მდგომარეობაში გაჩერებულ იმავე მოტოციკლთან, ხოლო ზ. ფ-შვილი მივიდა შპს “კოსტიას” შენობის წინ მდგომ ვ. კ-ას კუთვნილ “ნისანის” მარკის მიკროავტობუსთან და კოსტავას ქონების ანგარებით განზრახ საყოველთაოდ საშიში საშუალებით _ აფეთქებით განადგურებისა და დაზიანების მიზნით, ჯერ “ნისანის” მარკის მიკროავტობუსის სალონში შეაგდო და ააფეთქა საბრძოლო მასალა _ ხელყუმბარა, რის გამო ცეცხლი გაუჩნდა და განადგურდა ხსენებული ავტომანქანა, ხოლო შემდეგ ზ. ფ-შვილმა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი “აკ-74” მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, ცეცხლი გაუხსნა ფირმის კაფე-ბარის შენობას და დაცხრილა მისი ფასადი, რითაც კ. ლ-სთან წინასწარი შეთანხმებით, მჭიდროდ დასახლებულ უბანში წარმოებული აფეთქებებითა და გასროლებით, გამოიჩინა რა განსაკუთრებული თავხედობა, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. ვ. კ-ს მიკროავტობუსის განზრახ განადგურებით მიადგა 7677 ლარის, ხოლო კაფე-ბარის შენობის დაზიანებით 200 ლარის, ესე იგი მნიშვნელოვანი, სულ _ 7877 ლარის ზიანი.

ზ. ფ-შვილმა, განაგრძო რა დანაშაულებრივი ქმედება, კ. ლ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ვ. კ-საგან ფულის გამოძალვის მიზნით, შეადგინა მუქარის გამომხატველი წერილი, რომლითაც მისგან 10000 ლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა. აღნიშნულის შესახებ წერილი მან 1998წ. 29 აპრილს დატოვა ქ. ქუთაისში, შპს “კოსტიას” შენობაში არსებული საპირფარეშოს ხელსაბანზე, რაც იპოვა დაზარალებულმა.

1998წ. აპრილის ბოლოს (თარიღი დაუდგენელია), დაახლოებით 22 საათზე, ზ. ფ-შვილმა “ვალერას” სახელით სახლში დაურეკა რ. დ-შვილს და 60000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრა და ვ. კ-ს მიმართ მოხდენილი აფეთქების შესახებ შეახსენა, მაგრამ რ. დ-შვილმა ფულის გადახდაზე ამჯერადაც უარი განუცხადა.

მუქარის განხორციელების გზით რ. დ-შვილისაგან ფულის გამოძალვის მიზნით, 1998წ. 11 მაისს, დაახლოებით 10 საათსა და 10 წუთზე, ზ. ფ-შვილი და კ. ლ-ძე, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი “აკმ”-ის სისტემის 7,62 მმ-იანი, ხმის ჩამხშობი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნებით, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ და ინახავდნენ, ავიდნენ ქ. ქუთაისში, ... ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი სახლის სხვენზე, საიდანაც ზ. ფ-შვილმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მდებარე შპს “აიას” პრეზიდენტ რ. დ-შვილის სამუშაო ოთახის მიმართულებით, რითაც დააზიანა ამ უკანასკნელის სამუშაო მაგიდა, რომლის აღდგენით რ. დ-შვილს მიადგა 50 ლარის ზიანი.

აღნიშნულის შემდეგ ზ. ფ-შვილმა, ქონების განზრახ დაზიანების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დააზიანა ფირმა შპს “აიას” შენობასთან მდგარი რ. დ-შვილის შვილის _ ა. დ-შვილის კუთვნილი “მერსედეს-300” მოდელის, ავტომანქანა, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი _ 150 ლარის ზიანი. გარდა ამისა, ზ. ფ-შვილის მიერ წარმოებული გასროლების შედეგად დაზიანდა ა. დვალიშვილის ავტომანქანის გვერდით მდგარი, მოქალაქე ო. ლ-ძის კუთვნილი, “ვაზ-2101” მოდელის, სახელმწიფო ნომერი დამ-768 ავტომანქანა, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი _250 ლარის ზიანი.

კ. ლ-სთან წინასწარი შეთანხმებით ზ. ფ-შვილმა ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბანში წარმოებული გასროლებით, გამოიჩინა რა განსაკუთრებული თავხედობა, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი, ამასთან, მთელი დღის განმავლობაში ჩაშალა ფირმა “აიას” ადმინისტრაციის მუშაობა.

იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, ზ. ფოცხიშვილის დავალებით კ. ლ-ძემ, ქ. ქუთაისში, კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 5 ლარად დაიქირავა კერძო “ტაქსის” მძღოლი გ. რ-შვილი, რომელსაც რ. დ-შვილის სახლში მიატანინა კონვერტში მოთავსებული ფულის გამოძალვის მიზნით ზ. ფ-შვილის მიერ შედგენილი მუქარის წერილი 100.000 აშშ დოლარის მოთხოვნით.

შემდგომში რ. დ-შვილისაგან ფულის გამოძალვაში მონაწილეობის მიღებაზე ზ. ფ-შვილმა და კ. ლ-ძემ დაითანხმეს თავიანთი ნაცნობი _ ე. ს-ე, რომელთან ერთად მოლაპარაკებისამებრ, 1998წ. 8 ივნისს, რ. დ-შვილის უფრო მეტი შიშის ქვეშ მოქცევისა და ამ გზით მისგან ფულის გამოძალვის მიზნით, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე ქ. ქუთაისში, სადგურ “ქუთაისი-1”-ის წინ კ. ლ-ძემ და ე. ს-ემ დაიქირავეს კერძო “ტაქსის” “გაზ-2402” მოდელის, მძღოლი _ ლ. გ-ძე, რომელიც მოტყუებით მიიყვანეს წყალტუბოს ზონის სოფ. ... მდებარე ჩაის ფაბრიკის გვერდით მიტოვებულ პატარა შენობასთან. წინასწარი შეთანხმებისამებრ, იქ მათ დახვდათ ქ. ქუთაისიდან წყალტუბოს ზონის სოფ. ... გადაზიდული, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხმის ჩამხშობიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ორი საბრძოლო ხელყუმბარით შეიარაღებული, ნიღაბაფარებული ზ. ფ-შვილი, რომელმაც ლ. გ-ძე ძალადობით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით გადასვა ავტომანქანის უკანა სალონში, თავად მიუჯდა გვერდით და გააფრთხილა, რომ თუ წინააღმდეგობას არ გაუწევდა _ არაფერს ავნებდნენ, მანქანა დროებით სჭირდებოდათ და დაუბრუნებდნენ. ე. ს-ემ მიტოვებული შენობიდან გამოიტანა ზ. ფ-შვილის მიერ დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, გადაზიდული და შენახული “აკ-74” სისტემის 5,45 მმ-იანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. ავტომანქანის საჭეს მიუჯდა კ. ლ-ძე, მის გვერდით მოთავსდა ე. ს-ე და სათაფლიის ნაკრძალის მიმართულებით, ტყეში მდებარე რესტორნიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით, მინდორზე გაჩერდნენ. იქ დაჰყვეს 9 ივნისის 02 საათამდე, რის შემდეგ მძღოლი გ-ძე ჩამოსვეს რა მანქანიდან, უთხრეს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ განცხადებით მიემართა პოლიციისათვის, მანქანას კი ძრავის გამშვები მექანიზმითურთ სადმე დატოვებდნენ.

გატაცებული ავტომანქანით მათ მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალითა და ორი ხელყუმბარით შეიარაღებული ზ. ფ-შვილი, კ. ლ-ძე და ე. ს-ე, რომლებიც აღნიშნულ იარაღს ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ, იმავე ღამეს, დაახლოებით 03 საათსა და 15 წუთზე, მივიდნენ ქ. ქუთაისში, ... მდებარე რ.დ-შვილის სახლის ჭიშკართან, სადაც “აკ-74”-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ე. ს-ე, რ. დ-შვილის პირადი დაცვის თანამშრომელთა მოგერიების მიზნით, მოთავსდა ავტომანქანის საბარგულში, ზ. ფ-შვლი ნახევრად ამოვიდა უკანა მარჯვენა კარებიდან და საყოველთაოდ საშიში საშუალებით – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, რ. დ-შვილის ქონების განზრახ დაზიანების მიზნით, დაცხრილა მისი სახლი და ეზოში ხელყუმბარა ააფეთქა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ, მაგრამ რ. დ-შვილის ბინის დასაცავად მყოფმა, ქ. ქუთაისის საკუთრების დაცვის სამმართველოს პოლიციელმა დ. ფ-ძემ სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში დაჭრა და სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ე. ს-ს, რომელიც თანამზრახველებმა ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოში მიიყვანეს. გატაცებული ავტომანქანა კი მიატოვეს ქ. ქუთაისში, თომაშვილის ქუჩის დასაწყისში.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისა და ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაზიანდა რ. დ-შვილის სახლი და ეზო, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი _ 1302 ლარის ზიანი.

ზ. ფ-შვილმა, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ცეცხლსასროლი იარაღის მრავალჯერადი გასროლებითა და ხელყუმბარის აფეთქებით, გამოიჩინა რა განსაკუთრებული თავხედობა, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კ. ლ-ძემ ორივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მათთვის განკუთვნილი ვაზნები, ხელყუმბარა და ნიღაბი გადამალა ქ. ქუთაისში, ... მცხოვრებ თ. მ-ძის სახლის უკან მდებარე ბოსტანში, საიდანაც ისინი ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ.

1998წ. 5 ივლისს, დაახლოებით 07 საათსა და 30 წუთზე, ზ. ფ-შვილმა, ქ. ქუთაისში, ... მდებარე სატელეფონო სადგურში მიიტანა და რ. დ-შვილზე გადასაცემად, ტელეფონისტ დ. კ-ძეს დაუტოვა წერილი 100000 აშშ დოლარის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა, თან იმავე დღეს “ვალერას” სახელით ბინაზე დაურეკა რ. დ-შვილს და წერილის წაღება მოსთხოვა, რაც წაიღო მისმა შვილმა _ ა. დ-შვილმა.

ზ. ფ-შვილმა, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ ვერ შეძლო რ. დ-შვილისაგან ფულის გამოძალვა, განიზრახა, მრავალ პირთა სიცოცხლისათვის საშიში საშუალებით _ აფეთქებით ამ უკანასკნელის მოკვლა. ამ მიზნით, 1999წ. 17 ნოემბერს თავის ბიძაშვილს, ო. ფ-შვილს, რომელსაც იგი შეპირდა გასამრჯელოს და რომელმაც იცოდა, რომ ზ. ფ-შვილს აფეთქების მოწყობით უნდა გამოეძალა ფული რ. დ-შვილისაგან, წყალტუბოს ზონის სოფ. ... მცხოვრებ დ. ქ-ძისაგან 130 ლარად შეაძენინა 1978 წელს გამოშვებული “ზაზ-968” (“ზაპოროჟეცი”) ავტომანქანა, რომელშიც დაამონტაჟა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენილი ფეთქებადი ნივთიერება “ჰექსოგენი” და 24 ნოემბერს, დილით, გადაიყვანა ქუთაისში, წერეთლის პირველ შესახვევში მდებარე ვულკანიზაციის ჯიხურის წინ, სადაც დაახლოებით 9-დან 10 საათამდე დროის მონაკვეთში თავისი ავტომანქანით უნდა გაევლო რ. დ-შვილს.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ზ. ფ-შვილი ჩასაფრდა დისტანციური მართვის პულტის მოქმედების რადიუსში და 09 საათსა და 28 წუთზე, რ. დ-შვილის “გაზ-31” ავტომანქანის საჭირო მანძილამდე მიახლოვებისთანავე, ააფეთქა “ზაპოროჟეცში” მოთავსებული ფეთქებადი ნივთიერება, რითაც განზრახ შეუქმნა საფრთხე, როგორც რ. დ-შვილის, ასევე სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მაგრამ მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იგი უვნებელი დარჩა, ხოლო შემთხვევით გამვლელმა მოქალაქეებმა: ვ. ვ-ძემ, გ. ფ-ამ, ა. გ-ძემ, თ. კ-ძემ და თ. გ-შვილმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები.

რ. დ-შვილის ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობისას, ზ. ფ-შვილმა, რომელსაც საყოველთაოდ საშიში საშუალებით მანამდეც ჰქონდა ჩადენილი მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ დაზიანება, “ზაზ-968” მოდელის ავტომანქანის საყოველთაოდ საშიში საშუალებით _ აფეთქებით განადგურების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გამვლელ მოქალაქეთა ავტომანქანებს მიაყენა მატერიალური ზარალი, კერძოდ:

1. რ. დ-შვილის “გაზ-31” მოდელის, სახელმწიფო ნომერი DBD-.. ავტომანქანას _ 822 ლარის;

2. მ. ქ-შვილის “ვაზ-2106” მოდელის, სახელმწიფო ნომერი .. ავტომანქანას –2575 ლარის;

3. ხ. ქ-ძის “ვაზ-21-11” მოდელის, სახელმწიფო ნომერი .. ავტომანქანას _ 60 ლარის;

4. ზ. გ-ძის “ვაზ-2106” მოდელის, სახელმწიფო ნომერი .. ავტომანქანას _ 2031 ლარის;

5. გ. კ-შვილის “ვაზ-21213” მოდელის, სახელმწიფო ნომერი .. Aავტომანქანას _ 110 ლარის;

6. ა. გ-ძეზე განპიროვნებულ “პაზ”-ის მოდელის, სახელმწიფო ნომერი .. სამგზავრო ავტობუსს-30 ლარის, სულ – 5628 ლარის ზარალი.

გარდა ამისა, მანვე, განზრახ, საყოველთაოდ საშიში საშუალებით _ აფეთქებით, მისი ეპიცენტრიდან – 100-150 მეტრის რადიუსში განლაგებულ მოქალაქეთა კუთვნილ ბინებსა და ცალკეულ დაწესებულებებს კარ-ფანჯრების, მინების, სხვა მსხვრევადი საოჯახო ნივთებისა და შენობა-ნაგებობების სახურავების დაზიანების სახით მიაყენა მატერიალური ზარალი, კერძოდ:

1. გ. გ-ძეს _ 30 ლარის; 2. ლ. მ-შვილს _ 30 ლარის; 3. ზ. ს-ძეს _ 40 ლარის; 4. ფ. კ-ძეს _ 50 ლარის; 5. ჯ. ა-შვილს _ 10 ლარის; 6. ლ. ე-ძეს _ 40 ლარის; 7. მ. გ-ძეს _ 30 ლარის; 8. დ. მ-ძეს _ 240 ლარის; 9. მ.კ-ძეს _ 25 ლარის; 10. გ. ს-შვილს _ 77 ლარის; 11. ი. ა-ძეს _ 200 ლარის; 12. გ. ლ-შვილს _ 200 ლარის; 13. ი. ლ-შვილს _ 200 ლარის; 14. ვ. ა-შვილს _ 65 ლარის; 15. ა. ქ-ას _ 45 ლარის; 16. მ. წ-ს _ 60 ლარის; 17. გ. ბ-ძეს _ 28 ლარის, 18. ი. ა-შვილს _ 100 ლარის; 19. გ. გ-შვილს _ 265 ლარის; 20. რ. ნ-ძეს _ 60 ლარის; 21. მ. ჩ-ძეს _ 150 ლარის; 22. ქ. მ-ძეს _ 200 ლარის; 23. ც. ხ-ძეს _ 190 ლარის; 24. თ. გ-ძეს _ 30 ლარის; 25. მ. ჯ-ძეს _ 30 ლარის; 26. პ. რ-შვილს _ 50 ლარის; 27. ვ. ჯ-ძეს _ 30 ლარის; 28. ე. ნ-ძეს _ 27 ლარის; 29. ზ. გ-ძეს _ 100 ლარის; 32. ე. მ-ძეს _ 100 ლარის; 33. მ. ხ-ს _ 40 ლარის; 34. ა. ზ-ას _ 140 ლარის; 35. დ. ჯ-ძეს _ 100 ლარის; 36. მე-12 საშუალო სკოლას _ 1750 ლარის; 37. სააქციო საზოგადოება “ხუროს” _ 5000 ლარის; სულ _ 11 732 ლარის ზარალი.

ზ. ფ-შვილი 2000წ. 5 ივნისს, 23 საათსა და 10 წუთზე, დაკავებულ იქნა ოპერატიული სამსახურის მუშაკების მიერ ჩოხატაურის რაიონის სოფ. ხიდისთავში, რა დროსაც მას აღმოაჩნდა 7,65 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი: პისტოლეტი “ღMD-37” ერთი ცალი საბრძოლო ვაზნით და “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “აკ-74” ¹81-199194 ორი მჭიდითა და სამოცი ცალი საბრძოლო ვაზნით, რომელიც ზ. ფ-შვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ო. ფ-შვილმა განმარტა, რომ წინასწარი გამოძიების დროს პოლიციისა და უშიშროების სამსახურის მუშაკთა ზემოქმედებით არასწორად ამხილა დანაშაულის ჩადენაში ზ. ფ-შვილი. ამ უკანასკნელისათვის ცნობილი არ ყოფილა 1999წ. 24 ნოემბერს ქ. ქუთაისში, მომხდარი აფეთქების მომზადების შესახებ. ამ დანაშაულის მომზადება მას სთხოვა სულ სხვა პირმა და არა _ ზ. ფ-შვილმა. ამდენად, მიაჩნია, რომ ზ. ფ-შვილი უკანონოდ არის დასჯილი საქართველოს სსკ-ის მე-19 და 109-ე მუხლის “ზ” პუნქტით.

ზ. ფ-შვილმა განმარტა, რომ მან არა მარტო არ იცოდა აღნიშნული აფეთქების თაობაზე, არამედ იმ პერიოდში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საერთოდ არ იმყოფებოდა ქ. ქუთაისში.

მსჯავრდებულთა ზემოაღნიშნული განმარტებების მოსმენის შემდეგ ადვოკატებმა დააზუსტეს საკასაციო მოთხოვნა და მათი პოზიცია. სახელდობრ: მსჯავრდებულ ო. ფ-შვილის ინტერესების დაცვა ითავა ადვოკატმა ნ. გ-შვილმა და ითხოვა მის მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

მსჯავრდებულ ზ. ფ-შვილის დაცვა განახორციელეს ადვოკატებმა _ ზ. რ-შვილმა და ც. ტ-მ, რომლებმაც ითხოვეს განაჩენის გაუქმება, ზ. ფ-შვილის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება.

მსჯავრდებულებმა _ ზ. ფ-შვილმა და ო. ფ-შვილმა მხარი დაუჭირეს მათი ადვოკატების მოთხოვნებს.

პროკურორმა გ. მ-ძემ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, პალატა თვლის, რომ სასჯელის ნაწილში განაჩენი შეიძლება შეიცვალოს მსჯავრდებულ ზ. ფ-შვილის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით. გამოკვლეულ მასალებსა და მტკიცებულებებს სასამართლო კოლეგიამ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმის მასალების მიხედვით უდავოდ დადასტურებულია განაჩენით მსჯავრდებულებზე შერაცხული ყველა დანაშაულის მათ მიერ ჩადენის ფაქტი. ამდენად, პალატა კატეგორიულად არ იზიარებს მსჯავრდებულების განმარტებას იმის თაობაზე, რომ ქ. ქუთაისში, 1999წ. 24 ნოემბერს მომხდარი აფეთქების მომზადებასა და განხორციელებაში თითქოს მსჯავრდებულ ზ. ფ-შვილს მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული ვერსია არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და მოგონილია იმ მიზნით, რომ ზ. ფ-შვილს როგორმე შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი. ამ ვერსიის ავტორებისათვის ცნობილია იმის შესახებაც, რომ ო. ფ-შვილის განმარტების გაზიარების შემთხვევაში ამ უკანასკნელის მიმართ განაჩენის საუარესოდ შებრუნება ვერ მოხდება.

ამრიგად, ადვოკატთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზ. ფ-შვილს საერთოდ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ო. ფ-შვილის მიმართ საქმე დაბრუნებულ უნდა იქნეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, სრულიად უსაფუძვლოა და პალატა ვერ გაიზიარებს. ასევე, პალატა არ იზიარებს ადვოკატების _ ზ. რ-შვილის და ნ. გ-შვილის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ გაუქმდეს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 21 მაისის განჩინება და ზ. ფ-შვილი გათავისუფლდეს პატიმრობიდან წინასწარი გამოძიების დროს მის მიმართ საპატიმრო ვადის დარღვევის გამო.

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, რომ თუნდაც მიჩნეულ იქნეს, რომ გამოძიების დროს რამდენიმე დღით დაირღვა კანონით გათვალისწინებული ბრალდებულის პატიმრობის ვადა და დროულად არ მოხდა ამ ვადის გაგრძელება, ეს გარემოება არ იძლევა იმის საფუძველს, რომ არ აღსრულდეს განაჩენი და მსჯავრდებულმა არ მოიხადოს შეფარდებული სასჯელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ. ფ-შვილს ბრალდების ზოგიერთ ეპიზოდში დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს, სახელდობრ: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით ზ. ფ-შვილს მისჯილი აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული დანაშაული ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ 1990 წელს. ამ დანაშაულის აღსრულებაში ზ. ფ-შვილს უშუალო მონაწილეობა არ მიუღია. დანაშაულის უშუალო აღმსრულებელნი სხვა განაჩენებით დასჯილნი არიან უფრო მსუბუქი სასჯელებით. ამდენად, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ზ. ფ-შვილს ამ დანაშაულისათვის მისჯილი სასჯელი შეუმცირდეს 2 წლით.

გარდა ამისა, საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი არ არის ქ. ქუთაისში, 1999წ. 24 ნოემბერს მომხდარი აფეთქება უშუალოდ ზ. ფ-შვილმა აღასრულა თუ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირმა. ამის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის მე-19 და 109-ე მუხლის “ზ” პუნქტით მისჯილი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ზ. ფ-შვილს შეიძლება შეუმცირდეს ორი წლით და განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ყველა სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი როგორც ზ. ფ-შვილის, ასევე ო. ფ-შვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 24 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ფოცხიშვილის სასიკეთოდ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

ზ. ფ-შვილს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით მისჯილი სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ორი წლით და ამ კვალიფიკაციით მოსახდელად დარჩეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის მე-19 და 109-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით მისჯილი სასჯელი _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ორი წლით და განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ზ. ფ-შვილს მოსახდელად დარჩეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ყველა სხვა ნაწილში განაჩენი ზ. ფ-შვილისა და ო. ფ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.