დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.12.2002
საქმის ნომერი
2კ-97კოლ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.12.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 97-კოლ 4 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ადვოკატ დ. ხ-იას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 22 ივლისის განაჩენზე, რომლითაც პ. ხ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის “ლ” და “ო” პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელს იხდის 2001წ. 6 იანვრიდან.

საკასაციო საჩივარი ითხოვს: განაჩენის გაუქმებას სსკ-ის 109-ე მუხლის “ლ” და “ო” პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში და ამ ბრალდებაში პ. ხერკელაძის მიმართ საქმის შეწყვეტას მისი უდანაშაულობის მოტივით;

სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების იმავე კოდექსის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას;

სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებით და 122-ე მუხლით პ. ხ-ძის მიმართ კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით პ. ხ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში:

2000წ. 4 აგვისტოს, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, ბაღდათის რაიონის კურორტ ,,საირმეში” ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან გასროლით, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, ბარძაყში დაჭრა მ. ჭ-ძე და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ იგი მიიმალა.

2001წ. 3 იანვარს, დაახლოებით 01 საათზე, იმყოფებოდა რა ალკოჰოლური სასმელისა და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მივიდა ქ. თბილისში, ... მცხოვრებ მის ბიძაშვილთან _ გ. ხ-სთან და მოსთხოვა მათ მიერ მართლსაწინააღმდეგოდ საზიაროდ შეძენილი და შენახული “მაკაროვის” სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად. გ. ხ-ძის მიერ ზემოაღნიშნული იარაღის გადაცემის შემდეგ ორივენი შევიდნენ სასტუმრო ოთახში, სადაც მათ შორის მოხდა შეკამათება პ. ხ-ძის მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარების ფაქტთან დაკავშირებით. ამაზე განაწყენებულმა პ. ხ-ძემ მის ხელთ არსებული “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, ორჯერ ესროლა თავის არეში გ. ხ-ძეს და იქვე მოკლა. გ. ხ-ძის იატაკზე დაცემის ხმის გაგონებისთანავე საძინებელი ოთახიდან გამოვიდა მისი დედა _ მ. ხ-ძე, რომელიც პ. სწვდა საყელოში და მიმართა თუ რა გააკეთა. ამ უკანასკნელმა ჩადენილი მკვლელობის დაფარვის მიზნით, იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ორჯერ გასროლით განზრახ მოკლა მ. ხ-ძეც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი დაკავებულ იქნა 2001წ. 6 იანვარს.

საკასაციო საჩივარი განზრახ მკვლელობაში პ. ხ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

განაჩენი პ. ხ-ძის ბრალეულად ცნობისათვის იყენებს სამ მტკიცებულებას:

1. მოწმე გ. ლ-ძის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას;

2. თვით პ. ხ-ძის მიერ გამოძიების საწყის ეტაპზე მიცემულ აღიარებით ჩვენებას;

3. პ. ხ-ძის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული კარადის ქვემოდან “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტს.

საჩივრის მიხედვით ამ სამი მტკიცებულებიდან არც ერთმა არ ჰპოვა დადასტურება სასამართლო გამოკვლევის დროს. მოწმე გ. ლ-ძემ არ დაადასტურა გამოძიების დროს მიცემული ჩვენება; პ. ხ-ძეს კანონსაწინააღმდეგო ძალისმიერი გზით გამოსძალეს აღიარებითი ჩვენება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციის მუშაკების მიერ წინასწარ იქნა დადებული პ. ხ-ძის ეზოში არსებული კარადის ქვეშ და შემდეგ მოხდა მისი ამოღება უკანონოდ ჩატარებული ჩხრეკის გზით.

რაც შეეხება მ. ჭ-სათვის მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს, საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ ეს ქმედება პ. ხ-ძემ ჩაიდინა დაზარალებულის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო თავდასხმისას აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. ხ-იამ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა პ. ხ-ძემ.

პროკურორმა ა. ს-შვილმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა განაჩენის კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიის მიერ მაქსიმალურად სრულყოფილად არის გამოკვლეული ბრალდების მტკიცებულებანი და მიღებული გადაწყვეტილება _ პ. ხ-ძის ბრალეულად ცნობა _ დამაჯერებლად გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ პ. ხ-ძესთან გასაუბრებით პალატამ მოიპოვა რწმენა, რომ ჩადენილი დანაშაული მან აღიარა ნებაყოფლობით და ადგილი არ ჰქონია გამოძიების დაუშვებელი მეთოდების გამოყენების გზით ცრუ თვითგანთქმას.

პალატას მიაჩნია, რომ ოპერატიული სამსახურისა და გამოიძების მიერ დაშვებული ის ხარვეზები, რომლებიც საკასაციო საჩივარში არის მითითებული, არაარსებითი ხასიათისაა და გავლენას ვერ ახდენენ განაჩენის ობიექტურობასა და კანონიერებაზე.

პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ პ. ხ-ძის მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 122-ე მუხლზე. ბრალდების ამ ნაწილში ქმედების იურიდიული კვალიფიკაციის სისწორე საქმის მასალებით არავითარ ეჭვს არ იწვევს.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ პ. ხ-ძის მიმართ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და ის სავსებით შეესაბამება ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმეს და ხასიათს.

ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 22 ივლისის განაჩენი პ. ხ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.