საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.11.2002
საქმის ნომერი
2კ-101კოლ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 101-კოლ 14 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ვაჩაძე

განიხილა ადვოკატ დ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 სექტემბრის განაჩენზე ზ. ლ-ძის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 სექტემბრის განაჩენით ზ. ლ-ძეს მიესაჯა საქართველოს 1960წ. სსკ-ის 17,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 104-ე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებით _ 15 წლით, ამჟამად მოქმედი სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით.

საქართველოს 1960წ. სსკ-ის 40-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 1999წ. 25 ნოემბრიდან.

ზ. ლ-ძეს მსჯავრი დაედო კ. ბ-სთან და დ. მ-შვილთან ერთად ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად დ. ჯ-ძის ძარცვის მცდელობისათვის, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული თავხედობით ხულიგნობის ჩადენისათვის. ხულიგნური ქვენაგრძნობით ორი პირის _ დ. ჯ-ძის და ზ. რ-შვილის განხრახ მკვლელობისათვის, რომელიც ჩადენილი აქვს შემდეგ გარემოებებში:

1991წ. 19 აპრილს, დაახლოებით 14 საათზე და 15 წუთზე, ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში იმყოფებოდნენ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები: ზ. ლ-ძე, კ. ბ-ძე, დ. მ-შვილი. ამ დროს მათ წინ ჩაიარეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტებმა დ. ბ-ძემ და დ. ჯ-ძემ. დ.ჯ-ძეს ეცვა შავი ფერის ტყავის ქურთუკი. დ. მ-შვილმა იცოდა რა, რომ ორი დღით ადრე დაუდგენელი პირები შეეცადნენ დ. ჯ-ძისათვის ტყავის ქურთუკის წართმევას, აღნიშნულის შესახებ უამბო ზ. ლ-ძეს და კ. ბ-ძეს. მათ განიზრახეს და წინასწარ შეთანხმდნენ, რომ დ. ჯ-სათვის წაერთმიათ ქურთუკი. ამ მიზნით ისინი უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან წამოეწივნენ დ. ბ-სთან ერთად მიმავალ დ. ჯ-ძეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ძალადობით, რაც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ისინი შეეცადნენ დ. ჯ-ძის ხალხმრავალი ადგილიდან გამოყვანას და ქურთუკის წართმევას, მაგრამ დ. ჯ-ძემ შეძლო მოძალადეებისაგან გათავისუფლება და მათ წინადადებებზე _ გასულიყვნენ ხალხმრავალი ადგილიდან, უარით უპასუხა. ამათანავე დ. ჯ-ძეს გამოექომაგა დ. ბ-ძე და მოუწოდა მოძალადეებს თავი დაენებებინათ მათთვის, რის გამოც ზ. ლ-ძემ, კ. ბ-ძემ და ლ. მ-შვილმა დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ხსენებულმა პირებმა ვერ შეძლეს რა დ. ჯ-სათვის ქურთუკის წართმევა, განაწყენებულებმა, საზოგადოების თავშეყრის ადგილზე, უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსებს შორის, განსაკუთრებული თავხედობით დ. ჯ-ძეს და დ. ბ-ძეს დაუწყეს ცემა, რაშიც მათ წამოეხმარათ კ. ბ-ძის თანაკურსელი ქ. ჩ-შვილიც. მათ ერთად განაგრძეს დ. ჯ-ძის და დ. ბ-ძის ცემა და უცენზურო სიტყვებით გინება. ჩხუბის დროს ზ. ლ-ძემ ამოიღო სპეციალურად მომარჯვეუბლი დანა და დ. ჯ-ძეს თავის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. მათი ხულიგნური მოქმედება გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავხედობით, უაღრესად დიდი ცინიზმით, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთს, რამაც იქ შეკრებილ მოქალაქეთა აღშფოთება და გულისწყრომა გამოიწვია.

იმავე დღეს, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მიმავალ დ.ჯ-ძეს და დ.ბ-ძეს შეხვდნენ ზ.ლ-ძე და კ.ბ-ძე, რომლებსაც მოთხოვეს მომხდარი ჩხუბის გარჩევა. დ.ჯ-ძემ და დ.ბ-ძემ სცადეს თავის არიდება. ამაზე განაწყენებული ზ.ლ-ძე და კ.ბ-ძე ხულიგნური ქვენაგრძნობით კვლავ მივარდნენ დ.ჯ-ძეს და დ.ბ-ძეს, განსაკუთრებული თავხედობით დაუწყეს ცემა და გინება. ზ.ლ-ძე ეჩხუბებოდა დ.ჯ-ძეს, კ.ბ-ძე კი - დ.ბ-ძეს. ჩხუბში ჩაერია დ.ჯ-ძის და ბ-ძის თანაკურსელი – ზ. რ-შვილი, რომელიც შეეცადა მეგობრების დახმარებას. ეს უკანასკნელი ჩადგა რა ზ.ლ-ძეს და დ.ჯ-ძეს შორის, ამით განაწყენებულმა ზ.ლ-ძემ ხულიგნური ქვენაგრძნობით განიზრახა დ.ჯ-ძის და დ.რ-შვილის განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით ამოიღო ჯიბიდან დანა და დაარტყა გულმკერდის არეში ჯერ დ.ჯ-ძეს, ხოლო შემდეგ - ზ.რ-შვილს, რითაც მათ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები, რის შემდეგ იგი კ.ბედოიძესთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი დ.ჯ-ძე და ზ.რ-შვილი გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, სადაც, მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, გარდაიცვალნენ.

წინასწარი გამოძიების მიერ ზ. ლ-სთან ერთად აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობისათვის კ. ბ-ძე და დ. მ-შვილი მიცემულ იქნენ პასუხისგებაში საქართველოს 1960წ. სსკ-ის 17-ე, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ. ჩ-შვილი კი – 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

წინასწარი გამოძიების სტადიაში, 1992წ. 5 მარტს, დ. მ-შვილის მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა “ამნისტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992წ. 27 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, ხოლო კ. ბ-ძის და გ. ჩ-შვილის მიმართ – სამხედრო საბჭოს იმავე დადგენილების საფუძველზე – ქ.თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1992წ. 12 მარტის განჩინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001წ. 22 აგვისტოს განაჩენით ზ.ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქარველოს 1960წ. სსკ-ის 17-ე, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 104-ე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებით, ამჟამად მოქმედი სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილებით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. “ამნისტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992წ. 27 თებერვლის დადგენილების საფუძველზე მას გაუნახევრდა სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 7 თვით და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2001წ. 3 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული განაჩენი გაუქმებულ იქნა იმ მოტივით, რომ ზ.ლ-ძის მიმართ არასწორად იქნა გამოყენებული “ამნისტიის შესახებ” სამხედრო საბჭოს 1992წ. 27 თებერვლის დადგენილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას, რომელმაც, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, 2002წ. 16 სექტემბერს ზ. ლ-ძის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.

წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ზ. ლ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ.კ-შვილი ითხოვს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 17-ე და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში ზ. ლ-ძის მიმართ განაჩენის გაუქმების და საქმის წარმოებით შეწყეტას, ხოლო სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით მსჯავრდების ეპიზოდში განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას. საჩივარში მითითებულია, რომ წინასწარი გამოძიება საქმეზე ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები ზ.ლ-ძის მიმართ ბრალად შერაცხული ბრალდებების – ხულიგნობის და ძარცვის ეპიზოდების დასადასტურებლად, მკვლელობის ნაწილში კი განაჩენი ემყარება სავარაუდო მტკიცებულებებს, რომლებიც არ არის სარწმუნო და იგი დამატებით შემოწმებას მოითხოვს.

შესაგებელ საკასაციო საჩივრით დაზარალებულების უფლება-მონაცვლეობის წარმომადგენელი ადვოკატები: ლ.ა-შვილი და გ.ხ-ძე საკასაციო საჩივარს არ ეთანხმებიან, განაჩენი ზ.ლ-ძის მიმართ მიაჩნიათ კანონიერად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას. დაზარალებულმა გ.ჩ-ძემ მოითხოვა ზ.ლ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე.ქ-ამ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 სექტემბრის განაჩენი ზ.ლომაძის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატამ შეფასება მისცა რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გააანალიზა ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოტივები პროცესუალური დარღვევების შესახებ, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი არსებითი ხასიათის პროცესუალური დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება მკვლელობის ეპიზოდში განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას.

უსაფუძვლოა ასევე საჩივრის მოტივები იმის შესახებ, თითქოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ძარცვის და ხულიგნობის ჩადენის ფაქტები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ლ-ძის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულობების ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულ დ.ბ-ძის, მოწმეების: ნ.გ-ძის, ე.ფ-შვილის, ლ.გ-შვილის, ხ.კ-ას, მ.დ-შვილის და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით. განაჩენი ამ მიმართებით დასაბუთებული და კანონიერია.

საკასაციო პალატა, ამასთან ერთად, თვლის, რომ განაჩენი ზ. ლ-ძის მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს. მხედველობაში იღებს რა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ ზ.ლ-ძე პირველად არის სამართალში და წარსული შებღალული არ აქვს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას საქართველოს 1960წ. სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტით დანიშნული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 562-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 16 სექტემბრის განაჩენი ზ. ლ-ძის მიმართ შეიცვალოს: ზ. ლ-ძეს საქართველოს 1960წ. სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დანიშნული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა 14 წლით. საქართველოს 1960წ. სსკ-ის 40-ე მუხლის შესაბამისად ზ. ლ-ძეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.