დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 07.04.2022
საქმის ნომერი
ბს-208(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-208(კ-21) 7 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მესამე პირი - ზ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...მა“ 2016 წლის 4 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის №74/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ. ჩ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2015 წლის მაისის მდგომარეობით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №9-ში მდებარე, აბონენტ ზ. ჩ-ის კუთვნილი წყლის მრიცხველი არ იყო დაზიანებული და ვარგისი იყო შემდგომი ექსპლუატაციისთვის, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს მრიცხველის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა და გაიზიარეს მოპასუხის მოსაზრება, რომლის თანახმად, აბონენტზე დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო სამ კალენდარულ თვეში - 2013 წლის 30 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 იანვრამდე მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარების მიხედვით.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, კერძოდ, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის №74/12 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ის მოთხოვნა; ფიზიკურ პირზე 2015 წლის 30 იანვარს 6250 მ3 სასმელი წყლის საფასურის - 27500 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და შპს „...ს“ დაევალა 2015 წლის იანვარში ზ. ჩ-ის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის განხორციელება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Va№ de Hurk v. №etherla№ds, §61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] §26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება აკრძალულია. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. მითითებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასმელი წყლის მიწოდება ხორციელდება შესაბამისი წესის საფუძველზე, წესით დადგენილი პირობების შესრულება სავალდებულოა როგორც წყალმომმარაგებლისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, მათვე აკისრიათ ვალდებულებები, ერთი მხრივ, წყალმომმარაგებელ კომპანიას - მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი დასახელებული წესითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს - გადაიხადონ მიღებული სასმელი წყლის საფასური.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს დასახელებული „წესების“ მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით. ამასთან, ხსენებული წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტი არეგულირებს მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრის წესს იმ შემთხვევაში, როდესაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების გამო, შეუძლებელია მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. ჩ-ი არის შპს ,,...ის’’ N... აბონენტი, რომლის კუთვნილ ობიექტზე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №9-ში მდებარე წყლის მრიცხველთან არსებული შემაერთებელი კვანძის ვინტილის დაზიანების გამო, შპს „...ის“ თანამშრომლების მიერ, 2015 წლის 2 თებერვალს მოხსნილი იქნა წყლის მრიცხველის ლუქი, შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა ჭის წყლისგან დასაწრეტი სამუშაოები და მოხდა წყლის მრიცხველთან შემაერთებელი კვანძის დაზიანებული ვინტილის შეცვლა. 2015 წლის 3 თებერვალს შპს „...ის“ თანამშრომლების მიერ წყლის მრიცხველს კვლავ დაედო ლუქი.ასევე, დადგენილია, რომ 2015 წლის 30 იანვარს აბონენტ ზ. ჩ-ს პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხა სასმელი წყლის დავალიანების საფასური - 27500 ლარი. კომპანიამ მრიცხველის ჩვენების საფუძველზე აბონენტზე განახორციელა დარიცხვა. წყლის ხარჯმა შეადგინა 6250 მ3.

დადგენილია, რომ ზ. ჩ-ის წარმომადგენელმა 2015 წლის 15 მაისს, განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ზ. ჩ-ისთვის 2015 წლის იანვრის თვეში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის - 27500 ლარის ჩამოწერა, რადგან იგი არსებითად აღემატებოდა მის მიერ სასმელი წყლის წინა თვეების მოხმარებას. განმცხადებელმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ არარეალური წყლის ხარჯი გამოწვეული იყო არა აბონენტის მიერ წყლის მოხმარებით, არამედ სასმელი წყლის ჭაში აბონენტის წყლის მრიცხველთან შემაერთებელი კვანძის ვინტილის დაზიანებით. ასევე დადგენილია, რომ სადავო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის №74/12 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ ზ. ჩ-ის მოთხოვნა; ზ. ჩ-ზე 2015 წლის 30 იანვარს 6250 მ3 სასმელი წყლის საფასურის - 27500 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და შპს „...ს“ დაევალა 2015 წლის იანვარში ზ. ჩ-ის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის განხორციელება წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით. გასაჩივრებული აქტიდან ირკვევა, რომ მომხმარებლის წყალმომარაგება ხორციელდებოდა 32 მმ დიამეტრიანი პოლიეთილენის მილით, 24 საათიანი წყალმომარაგების რეჟიმით. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით მომხმარებელს შეეძლო დღე-ღამეში მოეხმარა არაუმეტეს 69.984 მ3 წყალი, ხოლო ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალური მოხმარების პირობებში წყალის ხარჯი არ აღემატებოდა 2099.6 მ3-ს. ამდენად, მომხმარებელს სადავო პერიოდში დარიცხული სასმელი წყლის 6250 მ3 რაოდენობის მოხმარება ფიზიკურად არ შეეძლო 32 მმ დიამეტრიანი პოლიეთილენის მილით.

შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ იქონიებს საქმის მასალებში დაცული სსიპ „საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ დასკვნა, რომლითაც წყლის მრიცხველი ვარგისად იქნა ცნობილი შემდგომი ექსპლოატაციისთვის, რადგან განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია სადავო დარიცხვის განხორციელების პერიოდისთვის (2015 წლის იანვარი) წყლის მრიცხველის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის არასწორად აღრიცხვის ფაქტი დაზიანებული ვინტილის არსებობიდან გამომდინარე. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი, განცხადების განხილვის ფარგლებში დაადგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა შპს „...ის“ მიერ ზ. ჩ-ისთვის სადავო პერიოდზე, 2015 წლის იანვრის თვეში, მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის - 27500 ლარის დარიცხვის შესაძლებლობას მხოლოდ სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან სხვა თვეებთან შედარებით ორმოცდაათჯერ მეტი ოდენობით სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას უნდა ჰქონოდა შესაბამისი ლოგიკური, როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი საფუძველი. ამასთან, ვინაიდან გარკვეულ პერიოდზე აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელი იყო, პალატა მართებულად მიიჩნევს მოპასუხის შეფასებას, რომ სადავო პერიოდში, 2015 წლის იანვრის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ზემოაღნიშნული წესის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტის მიღებულია საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - შპს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 7 აპრილს №29 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე