საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 29\\საზ 8 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ჯ. ყიფიანის თავმჯდომარეობით
პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ. ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით
განიხილა ადვოკატ გ. ხ-ის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გა-რემოებათა გამო, თბილისის ოლქის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 21 დეკემბრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 16 თებერვლის განჩინების გადასინჯვის შესახებ.
პალატამ მოისმინა მოსამართლე ი. ბიბილაშვილის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მცხეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 12 აგვისტოს განაჩენით მ. ო-შვილს უპარტიოს, უმუშევარს, სამართალში არყოფილს, მცხოვრებს სიღნაღის რაიონის სოფ. ..., საქართველოს სსკ 241-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ 46-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და საგამოცდო ვადად დაენიშნა 5 წელი. განაჩენით მ. ო-შვილს 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება.
სახელმწიფო ბრალმდებლის საჩივრის საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით შეცვალა მ. ო-შვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი იმ მიმართებით, რომ მას სასჯელის ღონისძიებად დაეტოვა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი მ. ო-შვილის მიმართ გაუქმდა და საქმე სააპელაციო წესით განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 21 დეკემბრის განაჩენით მ. ო-შვილს სასჯელად ამჯერად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით - 5 წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 16 თებერვლის განჩინებით განაჩენი მ. ო-შვილის მიმართ დატოვებულია უცვლელად.
მ. ო-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1999 წლის 2 თებერვალს იგი გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა რა "გაზ 24" მარ-კის ავტომანქანას, მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახთან, მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად, ვერ უზრუნველყო მისი სწორი მართვა, გადავიდა სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს და შეეჯახა ხეს. ავტოავარიის შედეგად ავტომანქანაში მყოფი გ. ყ-შვილი გარდაიცვალა, თვითონ კი მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
წარმოდგენილ საჩივარში ადვოკატი ითხოვს მ. ო-შვილის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით და მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: სოფელ ... გამგებლის შუამდგომლობა და დადებითად დახასიათება, დაზარალებულის განცხადება, რომ მას მსჯავრდებულთან პრეტენზია არ გააჩნია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ამჟამად იგი განაგრძობს ამბოლატორიული წესით მკურნალობას.
საზედამხედველო პალატამ მოისმინა პროკურორ გ. ხაბაშვილის დასკვნა, რომელსაც საჩივრის მოტივები მიაჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვებას.
საზედამხედველო პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, საჩივრის მოტივებს, თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებით მ. ო-შვილის ბრალი ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედობაში დადასტურებულია, რასაც სადაოდ არ ხდის მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი.
თბილისის ოლქის სასამართლოს სააპელაციო კოლეგიამ გაითვალისწინა რა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მსჯავრდებულის პირველი ნასამართლობა, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მ. ო-შვილს შეუფარდა ჩადენილი დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი. ამავე მოტივებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განაჩენი მ. ო-შვილის მიმართ დატოვა უცვლელად.
პალატა თვლის, რომ საჩივრის მოტივები, ასევე ამჟამად წარმოდგენილი შუამდგომლობები და ცნობა მ. ო-შვილის ჯანმრთელობის შესახებ, არ იძლევა საფუძველს სასამართლოს გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანისათვის.
პალატას მიაჩნია, რომ მ. ო-შვილის მიმართ დანიშნული სასჯლი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედობის სიმძიმეს და არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც მეტისმეტად მკაცრი.
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა“ პუნქტით, 599-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ გ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.