დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.03.2001
საქმის ნომერი
2კ-15კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.03.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ 15კოლ 27 მარტი, 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე,მოსამართლეები: გ. ბორჩხაძე, მ. ახალაძე

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, მთავარი სამხედრო პროკურორის ბ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე ო. ჩ-შვილის მიმართ და 2000 წლის 28 დეკემბრის კერძო განჩინებებზე კ. ღ-ავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტის შესახებ და მთავარი სამხედრო პროკურატურის იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის თაობაზე, რომელთა უკანონო და დაუსაბუთებელმა საპროცესო მოქმედებებმა გამოიწვია ო. ჩ-შვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

განაჩენით ო. ჩ-შვილი, დაბადებული …. წლის ….. რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის კრასნოდარის მხარის ქ. ხოსტაში, საქართველოს მოქალაქე, ქართველი, უმაღლესი განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო _ საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი, ამჟამად უმუშევარი, მცხოვრები ქ. თბილისში, ... - ცნობილ იქნა გამართლებულად წინასწარი გამოძიების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლით – 6000 ლარის, 30130 ლარის, 5000 აშშ დოლარის, 2000 ლარისა და 3700 ლარის გატაცების ეპიზოდებთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ო. ჩ-შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის, ასევე კერძო განჩინებების გაუქმებას ო. ღ-ავასა და მთავარი სამხედრო პროკურატურის თანამშრომლების მიმართ.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირებით, ო. ჩ-შვილს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან განმეორებით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების გატაცება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით და მითვისებით; მანვე, როგორც თანამდებობის პირმა, ხელისუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით სისტემატურად ჩაიდინა ხელისუფლების გადამეტება; ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლითა და 274-ე მუხლის “ა” პუნქტით. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის განაჩენით ო. ჩ-შვილი წინასწარი გამოძიების მიერ წარდგენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლის ბრალდებით 6000 ლარის, 2343 ლარის, 18480 ლარის, 3350 ლარისა და 3000 აშშ დოლარის გატაცების ეპიზოდებში გამართლდა, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ამავე განაჩენის შესაბამისად, ო. ჩ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლის “ა” პუნქტით და სასჯელის ზომად შეეფარდა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის განაჩენით ო. ჩ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები, დაკავშირებული 30130 ლარის, 5000 აშშ დოლარის, 2000 ლარისა და 3700 ლარის გატაცებასთან, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 28 ივნისის განჩინებით, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის განაჩენი ო. ჩ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლის “ა” პუნქტით მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდა და საქმე წარმოებით შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის I ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების საფუძველზე.

იგივე განაჩენი ო. ჩ-შვილის მიმართ 6000 ლარის გატაცების ეპიზოდში და განჩინება დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ გაუქმდა და საქმე ხელმეორედ განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.

ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა სარდალმა ო. ჩ-შვილმა განიზრახა ფულადი სახსრების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება. ამ მიზნით ის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, გასცემდა განკარგულებებსა და ბრძანებებს, რომლებითაც სამხედრო _ საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული სამსახურის ქ. ფოთის და აჭარის მონაკვეთების უფროსებს რ. მ-იას და მ. ჩ-ირს ავალებდა შუქურების ანაკრეფებიდან შემოსული თანხების გამოყოფას და პირადად მისთვის გადაცემას, სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის მატერიალურ ფასეულობათა შეძენისა და სხვა ხარჯების გასაწევად, რაც, ფაქტობრივად, არ სრულდებოდა. ამ გზით ო. ჩ-შვილმა გაიტაცა და მიითვისა შემდეგი ფულადი სახსრები:

1997 წლის 9 ივნისს ო. ჩ-შვილმა სიტყვიერი განკარგულება გასცა ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის ხელმძღვანელობისადმი, რათა მათ ქ. ფოთის გაერთიანებული გემთშემკეთებელი სახელოსნოს მუშების შრომის ასანაზღაურებლად ხელზე მიეცათ მისთვის 6000 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე, 1997 წლის 9 ივნისის ¹ 64 გასვლის ორდერით ო. ჩ-შვილზე გაიცა ნაღდი ფული _ 6000 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

1997 წლის 22 სექტემბერს ო. ჩ-შვილის ბრძანება ¹ 194-ის საფუძველზე, ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის უფროსს მ. ჩ-ირს დაევალა 30130 ლარის გამოყოფა თავდაცვის სამინისტროსათვის სანავიგაციო მოწყობილობების შესაძენად. ბრძანების მეორე პუნქტის შესაბამისად, მეორე რანგის კაპიტან ე. შ-ძეს დაევალა ამ თანხის ქ. თბილისში ჩამოტანა. იმავე დღეს ე. შ-ძემ ხსენებული თანხა პირადად გადასცა ო. ჩ-შვილს მის სამუშაო ოთახში, ქ. თბილისში, რაც სალაროს გასავლის ორდერზე ხელმოწერით დაადასტურა ო. ჩ-შვილმა, რომელმაც მიღებული თანხა გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

1998 წლის 1 თებერვალს ბრძანება ¹ 4-ით ო. ჩ-შვილმა ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის უფროსს მ.ჩმირს დაავალა 5000 აშშ დოლარის გამოყოფა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის “205” ტიპის პროექტის კატარღის ჩამომყვანი ეკიპაჟის წევრებისათვის გადასაცემად. ხსენებული თანხა მ. ჩ-მა, შეფუთული და დალუქული პაკეტით, ფოთი-თბილისის მატარებლის გამცილებლის რ. კ-ძის დახმარებით გაუგზავნა ო. ჩ-შვილს, რომელმაც თანხის მიღებაზე ხელი მოაწერა სალაროს გასავლის ორდერზე. აღნიშნული თანხაც ო. ჩ-შვილმა გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

1998 წლის 4 მარტს ო. ჩ-შვილმა, მისივე ¹ 6 ბრძანების საფუძველზე, ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის ბუღალტერიიდან, საბერძნეთის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამხედრო კატარღის გადმოცემისათვის მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალის ჩასატარებლად, სალაროს გასავლის ¹ 3 ორდერით პირადად მიიღო 2000 ლარი, რაც გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

1998 წლის 28 აპრილს ო. ჩ-შვილმა ჰიდროგრაფიული სამსახურის ქ.ფოთის უბნის უფროს რ. მ-იაზე გასცა წერილობითი განკარგულება გემების მიღებისათვის 3700 ლარის გამოყოფაზე. აღნიშნული თანხა ო. ჩ-შვილმა პირადად მიიღო სალაროს გასავლის ¹ 105 ორდერით და გაიტაცა მითვისებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

განსასჯელმა ო. ჩ-შვილმა როგორც წინასწარი, ასევე, სასამართლო გამოძიების დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, გამოიყენა დუმილის უფლება და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი; საბოლოო სიტყვაში კი განმარტა, რომ მას ზემოთ დასახელებული თანხები არ გაუტაცია, მათი უმეტესობის გაცემაზე ბრძანებები შესრულებულია სხვა პირების მიერ და თანხის მიღების ორდერებზე ხელმოწერები არ არის მის მიერ შესრულებული და მოითხოვა გამართლება წარდგენილ ბრალდებაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ო. ჩ-შვილი ცნობილ იქნა გამართლებულად წინასწარი გამოძიების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლით – 6000 ლარის, 30130 ლარის, 5000 აშშ დოლარის, 2000 ლარისა და 3700 ლარის გატაცების ეპიზოდებთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. აღკვეთის ღონისძიება – ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ – გაუქმდა. სამოქალაქო მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ კერძო განჩინებები გამოიტანა კ. ღ-ავას მიმართ, 11000 ლარის უკანონო განკარგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად და მთავარი სამხედრო პროკურატურის იმ თანამშრომელთა მიმართ, რომელთა უკანონო და დაუსაბუთებელმა მოქმედებებმა გამოიწვია ო. ჩ-შვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

კასატორი საჩივარში განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების საფუძვლად მიუთითებს იმაზე, რომ გამამართლებელი განაჩენი ო. ჩ-შვილის მიმართ საქართველოს სსკ 961-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, დაკავშირებული 6000 ლარის, 23000 აშშ დოლარის, 5000 აშშ დოლარის, 2000 ლარისა და 3700 ლარის გატაცებასთან, ასევე კერძო განჩინება კ. ღ-ავას მიმართ 1997 წლის 9 ივლისს 11000 ლარის უკანონო განკარგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტისა და კერძო განჩინება მთავარი სამხედრო პროკურატურის იმ თანამშრომელთა მიმართ, რომელთა უკანონო და დაუსაბუთებელმა საპროცესო მოქმედებებმა გამოიწვია ო. ჩ-შვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა - უკანონო და დაუსაბუთებელია. საქმეში არის საკმაო უტყუარი და დასაბუთებული მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაში ანალიზით და მათზე დაყრდნობით უდაოდ დადასტურებულია ო. ჩ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული.

პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, რომელიც შუამდგომლობს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის, ასევე კერძო განჩინებების გაუქმებას, ადვოკატს, რომელიც ითხოვს განაჩენის ძალაში დატოვებას, რომელსაც ეთანხმება გამართლებული ო. ჩ-შვილი, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ განაჩენი ო. ჩ-შვილის მიმართ და კერძო განჩინებები კ. ღ-ავასა და მთავარი სამხედრო პროკურატურის თანამშრომლების მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6000 ლარის გატაცების ეპიზოდთან დაკავშირებით: წინასწარი გამოძიების მიერ ო. ჩ-შვილს ბრალად ედება, რომ მან 1997 წლის 9 ივნისს გასცა სიტყვიერი განკარგულება ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის ხელმძღვანელობის მიმართ, რათა მათ ქ.ფოთის გაერთიანებული გემთშემკეთებელი სახელოსნოს მუშების შრომის ასანაზღაურებლად მისთვის ხელზე მიეცათ 6000 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე, 1997 წლის 9 ივნისს სალაროს გასავლის ¹64 ორდერით მან მიიღო ნაღდი ფული 6000 ლარი, რომელიც გაიტაცა მითვისებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის განაჩენით ო. ჩ-შვილი სსკ 961-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში 6000 ლარის გატაცების ეპიზოდთან დაკავშირებით გამართლებულ იქნა, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 28 ივნისის განჩინებით, აღნიშნულ ეპიზოდში საოლქო სასამართლოს განაჩენი გაუქმდა და საქმე ისევე, როგორც 30130 ლარის, 2000 ლარის, 3370 ლარისა და 5000 აშშ დოლარის ეპიზოდებში, ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნდა, ვინაიდან ბრალდების ეს ეპიზოდი ორგანულ კავშირშია ზემოთ მითითებულ ეპიზოდებთან და ბრალდებისა და დაცვის მხარეს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, ხელახალი სასამართლო გამოძიების გზით, აღმოეფხვრათ მტკიცებულებათა შორის წინააღმდეგობა, რაც სასამართლოზე ვერ მოხერხდა ბრალდების მხარის მოწმეების წარმოუდგენლობის გამო. ამდენად, სასამართლომ პროცესზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმეების თ. პ-იასა და ზ. ჯ-იას მიერ მიცემული, განსასჯელის ბრალის გამომრიცხველ ჩვენებებსა და თვით ო. ჩ-შვილის მიერ სასამართლოში წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაზე აპელირებით, ყოველგვარი წინააღმდეგობა მის სასარგებლოდ გადაწყვიტა. აღნიშნულის საფუძველზევე, სასამართლომ სსსკ 452_ე მუხლის II პუნქტის შესაბამისად, კერძო განჩინებით დასვა საკითხი კ. ღ-ავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადასაწყვეტად.

30130 ლარის ეპიზოდთან დაკავშირებით: წინასწარი გამოძიების მიერ ო. ჩ-შვილს ბრალი ედება მასში, რომ 1997 წლის 22 სექტემბერს მისი ¹ 194 ბრძანების საფუძველზე, ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის უფროსს მ. ჩ-ირს დაევალა 30130 ლარის გამოყოფა თავდაცვის სამინისტროსათვის სანავიგაციო მოწყობილობების შესაძენად. ბრძანების II პუნქტის მიხედვით, მეორე რანგის კაპიტან ე. შ-ძეს დაევალა ამ თანხის ქ. თბილისში ჩამოტანა. იმავე დღეს ამ უკანასკნელმა ხსენებული თანხა პირადად გადასცა ო. ჩ-შვილს მის სამუშაო ოთახში, რაც სალაროს გასავლის ორდერზე ხელმოწერით დაადასტურა ო. ჩ-შვილმა, რომელმაც მიღებული თანხა გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

30130 ლარის ეპიზოდში ბრალდების მხარის მოწმის ე. შ-ძის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად ვერ მოხერხდა მისი წარმოდგენა საოლქო სასამართლოში, ვერც წინა და ვერც 2000 წლის 28 დეკემბრის სასამართლო პროცესებზე და სასამართლომ ისინი სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა. Aბრალდების სხვა მოწმეების მ. ჩ-ირისა და ს. ა-ძის ასევე წინააღმდეგობრივი ჩვენებები, რომლებიც ორგანულ კავშირშია ე. შ-ძის ჩვენებებთან, სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა და ყველა ეჭვი განსასჯელის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

2000 ლარის გატაცების ეპიზოდთან დაკავშირებით: წინასწარი გამოძიების მიერ ო. ჩ-შვილს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან თავისივე 1998 წლის 4 მარტის ¹ 6 ბრძანების საფუძველზე, ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის ბუღალტერიიდან, საბერძნეთის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სამხედრო კატარღის გადმოსაცემად მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალის ჩასატარებლად, სალაროს გასავლის ¹ 34 ორდერით, პირადად მიიღო 2000 ლარი, რაც გაიტაცა მითვისებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

სასამართლომ არც აღნიშნულ ეპიზოდში გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებები, მ. ჩ-ირის, ს. ა-ძის ჩვენებების, 1998 წლის 3 მარტის ¹ 6 ბრძანებასა და სალაროს გასავლის ¹ 34 ორდერზე ო. ჩ-შვილის მიერ შესრულებული ხელმოწერების (რაც დადასტურებულია გრაფიკული ექსპერტიზის დასვნით) სახით.

სასამართლომ პროცესზე მხოლოდ იმის დადგენა შეძლო, რომ უცხოელების სტუმრობისას, ხარჯების გაწევა ხდებოდა ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ და რომ 1998 წლის 3 მარტის ¹ 6, ო. ჩ-შვილის მიერ თუნდაც ხელმოწერილი ბრძანება ითვალისწინებდა ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ შუქურების ანაკრეფის ანგარიშიდან 2000 ლარის გამოყოფას ბერძნების დელეგაციის სტუმრობასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამართლომ ვერ შეძლო 2000 ლარის ეპიზოდისათვის დანაშაულებრივი ეწოდებინა და ამ ნაწილშიც გაამართლა განსასჯელი, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

5000 აშშ დოლარის გატაცების ეპიზოდთან დაკავშირებით: წინასწარი გამოძიების მიერ ო. ჩ-შვილს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან 1998 წლის 1 თებერვალს ¹ 4 ბრძანებით, ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის უფროსს მ. ჩ-ირს დაავალა 5000 აშშ დოლარის გამოყოფა, საქართველოს სამხედრო – საზღვაო ძალებისათვის “205” ტიპის პროექტის კატარღის ჩამომყვანი ეკიპაჟისათვის გადაცემის მიზნით. ხსენებული თანხა მ. ჩ-ირმა, შეფუთული და დალუქული პაკეტით, ფოთი_თბილისის მატარებლის გამცილებლის რ. კ-ძის საშუალებით გაუგზავნა ო. ჩ-შვილს, რომელმაც თანხის მიღებაზე ხელი მოაწერა სალაროს გასავლის ორდერზე. აღნიშნული თანხა ო. ჩ-შვილმა გაიტაცა მითვისებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

სასამართლომ პროცესზე ვერ შეძლო დაედგინა, თუ რომელი 5000 აშშ დოლარი გადაეცა “205” პროექტის კატარღის ეკიპაჟს დ. მ-შვილის მიერ, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო ბრალდების ვერც ერთი მოწმის წარდგენა სასამართლო პროცესზე. აღნიშნულის გარეშე შეუძლებელი გახდა იმ წინააღმდეგობის დაძლევა, რაც მ. ჩ-ირის ჩვენებებს შორის არსებობს, კერძოდ: “205” პროექტის კატარღის ეკიპაჟის გამგზავრების ორგანიზება, ერთის მხრივ, შპს “ორიონი _ 95”- ის დირექტორის ე. შ-ძის მიერ, რაც გამორიცხავს ო. ჩ-შვილის ბრძანებას თანხის გამოყოფაზე და მეორეს მხრივ _ დ. მ-შვილის მეშვეობით ეკიპაჟისათვის გასამგზავრებლად 5000 აშშ დოლარის გადაცემა. ამასთან, რ. კ-ძის წინააღმდეგობრივი ჩვენებებით ვერ დადგინდა ო. ჩ-შვილზე გადასაცემად დ. მ-შვილის მიერ მისთვის მიტანილი ქაღალდის პაკეტის (რომელშიც ფული იდო) და დროშების აღწერილობა ფერის, ფორმისა და ზომის განსხვავებულობის გამო. აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარდა ამოცნობა რ. კ-ძესა და გ. ბ-ძეს შორის და ამ უკანასკნელმაც, რომელიც ამ ეპიზოდში ერთადერთი მოწმე იყო, რომლის დაკითხვა სასამართლოზე მოხერხდა, განსასჯელის სასარგებლო ჩვენება მისცა. Yყოველივეს გამო, სასამართლომ ვერ შეძლო დაედგინა, თუ როგორ, რა წესით, რა თანხებით, ვის მიერ მოხდა გემის ჩამომყვანი ეკიპაჟის წევრების უკრაინაში დაბრუნება და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე არ გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია, რომ აღნიშნულს ორგანიზაცია შპს “ორიონ _ 95”- მა გაუკეთა. სასამართლო კოლეგია ვერ დაეყრდნო, წინასწარ გამოძიებასა და წინა სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმეთა არათანმიმდევრულ ჩვენებებს და ყოველგვარი ეჭვი განსასჯელის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

3700 ლარის ეპიზოდთან დაკავშირებით: გამოძიების მიერ ო. ჩ-შვილს ბრალი დაედო მასში, რომ 1998 წლის 28 აპრილს, მან ჰიდროგრაფიული სამსახურის ქ. ფოთის უბნის უფროს რ. მ-იას მისცა სიტყვიერი განკარგულება გემების მიღებისათვის 3700 ლარის გამოყოფაზე. აღნიშნული თანხა ო. ჩ-შვილმა პირადად მიიღო სალაროს გასავლის ¹ 105 ორდერით და გაიტაცა მითვისებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

აღნიშნულ ეპიზოდშიც, ისევე როგორც ყველა სხვა ზემოთ მითითებულ ეპიზოდებში, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მოწმეების წარმოდგენა და ამდენად, ვერ გაირკვა, თუ რომელი ე. წ. აგენტი ფირმების მიერ მოხდა გემების მიღება და მათი მომსახურება, რა თანხები დაიხარჯა ამაში, ან ვის მიერ მოხდა თანხების გადახდა და ის გარემოება, რომ განსასჯელმა უარყო 3700 ლარის გამოყოფაზე წერილობითი ტექსტის შედგენა და სალაროს გასავლის ¹ 105 ორდერზე ხელმოწერაც _ გაზიარებულ იქნა მის სასარგებლოდ და იგი გამართლდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, გადაწყვიტა განსასჯელის სასარგებლოდ. Aამასთან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით ამ ეჭვის გაბათილების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი, კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ 560_ე, 561-ე და 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენი ო. ჩ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ასევე უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლის 2000 წლის 28 დეკემბრის კერძო განჩინება კ. ღ-ავას მიმართ, 11000 ლარის უკანონო განკარგვასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, და ამავე სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის კერძო განჩინება მთავარი სამხედრო პროკურატურის იმ თანამშრომელთა თაობაზე, რომელთა უკანონო და დაუსაბუთებელმა საპროცესო მოქმედებებმა გამოიწვია ო. ჩ-შვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2000, #11, III, gv. 418-426