დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-25(კ-19) 16 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სს „...ი“ (შპს „...ის“ უფლებამონაცვლე)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „...მა“ 2017 წლის 26 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 სექტემბრის №04/57210 და 2017 წლის 06 დეკემბრის №04/75360 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და პაციენტების - ნ. თ-ისა და ა. დ-ასთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პაციენტ ნ. თ-ის სამედიცინო შემთხვევის (№...) ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 სექტემბრის №04/57210 და 2017 წლის 06 დეკემბრის №04/75360 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა პაციენტ ნ. თ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების (შემთხვევა №...) ანაზღაურების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო სარჩელი ა. დ-ას ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, ხოლო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 03 სექტემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...ის“ მიერ.
კასატორი არ ეთანხმება პაციენტ ა. დ-ას შემთხვევაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებულ „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ გავრცელევას, ვინაიდან სპეციალური პროგრამა გულისხმობს ცისტური ფიბროზით პაციენტების მხოლოდ პრევენციულ დახმარებასა და კვლევებს, ხოლო პაციენტ ა. დ-ას მომსახურება გაეწია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დაავადების 4 დღიანი ანამნეზით. დაავადება დაეწყო კატარალური მოვლენებით, ცხელებით, პროფუქტიული ხველით, ადინამიით.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ დანართი 17-ის მე-9 მუხლის მე-6 პუქნტზე, რომლის თანახმად თუ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, ასევე არის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რომელიც მოიცავს პაციენტის კრიტიკული მდგომარეობების მართვასა და ინტენსიურ თერაპიას და რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით, სს „...ი“ ცნობილ იქნა შპს „...ის“ უფლებამონაცვლედ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში მართებულად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს პაციენტ ა. დ-ასთვის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამაზე, რომლის დანართი №17-ის თანახმად, პროგრამის მიზანია იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს დანართი №17.1-ით გათვალისწინებული ნოზოლოგიების შესაბამისად იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ მომსახურებას: ექიმის (მ.შ სპეციალისტების) კონსულტაციას, იშვიათი დაავადების ამბულატორიული ზედამხედველობისთვის აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარებას, რეცეპტებისა და სამედიცინო ცნობების გაცემას; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარულ მომსახურებას დანართი №17.2-ით გათვალისწინებული ნოზოლოგიების შესაბამისად; ამავე დანართის თანახმად, თუ პროგრამით განსაზღვრული მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, ასევე არის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს პაციენტის კრიტიკული მდგომარეობის მართვასა და ინტენსიურ თერაპიას და რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. დ-ა წარმოადგენს ზემოხსენებული ორივე პროგრამის მოსარგებლეს, ისევე როგორც შპს „...ი“ წარმოადგენდა ზემოხსენებული ორივე პროგრამის მიმწოდებელს. საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ მოთხოვნა ა. დ-ას შემთხვევაში დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას, უკეთუ კლინიკის მიერ პაციენტს გაეწეოდა ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავდა პაციენტის კრიტიკული მდომარეობების მართვასა და ინტენსიურ თერაპიას, მაგრამ ვინაიდან აღნიშნულ გარემოებას ადგილი არ ჰქონია (საქმეში წარმოდგენილი შპს ,,...ი“-...ი კლინიკის 2017 წლის 01 აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №12862 ცნობით, პაციენტ ა. დ-ას ჩაუტარდა გადაუდებელი თერაპიული მკურნალობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 272), კლინიკის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების ფარგლებში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას პაციენტ ა. დ-ას შემთხვევასთან მიმართებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 08 სექტემბრის №04/57210 გადაწყვეტილების მართებულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პაციენტ ა. დ-ას სამედიცინო შემთხვევის (№...) ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დასტურდება ა. დ-ას შემთხვევის (№...) ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 08 სექტემბრის №04/57210 გადაწყვეტილების უკანონობა, არ არსებობს ა. დ-ას შემთხვევის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 06 დეკემბრის №04/75360 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე შპს „...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ვინაიდან შპს „...ის“ უფლებამონაცვლე სს „...ის“ წარმომადგენელი მ. წ-ის (პ/ნ: ...) მიერ საკასაციო საჩივარზე 2018 წლის 21 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ის“ (შპს „...ის“ უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. სს „...ის“ წარმომადგენელ მ. წ-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2018 წლის 21 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა