დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 8 დად 8 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),შ. ასათიანი,მ. ისაევი
განიხილა დაზარალებულ ა. ი-იას კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ქ. ქუთაისის პროკურორის თანაშემწის მიერ გამოტანილი 2000 წლის 16 ნოემბრის დადგენილება ვ. ნ-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრე ც-ავებისა და ფ-ძეების ოჯახებს შორის 1979 წლიდან მიმდინარეობს დავა საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ იყო ადგილობრივი მმართველობისა და სასამართლო ორგანოების განსჯის საგანი. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა 1998 წლის 15 ივნისს გარდაცვლილ თ. ც-ავას, რომლის უფლებამონაცვლეა მისი ქალიშვილი – დაზარალებული ა. ი-ია, ხოლო მეორე ნაწილი – ე., მ. და შ. ფ-ძეებს. მხარეთა საერთო სარგებლობაშია 584 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელშიც განთავსებული იყო ფ-ძეების კუთვნილი, 23 კვ.მ. ფართის მქონე, კანონიერი ცალკე მდგომი სათავსო. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართი შეადგენს 275.5 კვ.მეტრს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1992 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ც-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის საერთო ეზოს სარგებლობის წესი განისაზღვრა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მეოთხე ვარიანტის შესაბამისად, ხოლო ფ-ძეების კუთვნილი, 23 კვ.მ. ფართის დამხმარე სათავსოს გადატანა დაევალა ქ. ქუთაისის გამგეობის კეთილმოწყობის განყოფილებას თავისივე ხარჯით. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა მეტად დაძაბული იყო, მათი სრული იზოლირების მიზნით, მოგვიანებით საჭირო გახდა საერთო ეზოს სარგებლობის წესი განსაზღვრულიყო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მესამე ვარიანტის შესაბამისად. ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ იყო აღსრულებული, კერძოდ, ფ-ძეების კუთვნილი, 23 კვ.მ. ფართის დამხმარე სათავსო გადაიტანეს ახალ ადგილზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 24 აპრილის დადგენილებით, სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1992 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება შეიცვალა იმ მიმართებით, რომ, ერთი მხრივ, თ. ც-ავასა და მეორე მხრივ, ე., მ. და შ. ფ-ძეებს შორის საერთო ეზოს სარგებლობის წესი განისაზღვრა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მესამე ვარიანტის შესაბამისად, კონკრეტულად, ქ. ქუთაისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის ფართში უნდა მოწყობილიყო ჩიხი და იგი ჩაერიცხათ კომუნალურ ფონდში (შესაბამისი პირობების დაცვით). თანახმად ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1998 წლის 15 სექტემბრის აქტისა, რომელსაც ხელს აწერენ ქ. ქუთაისის გზათა მეურნეობის სამმართველოს უფროსი ვ. ნ-ია, შპს “ფორტუნას” მთავარი ინჟინერი ა. გ-შვილი, ქ. ქუთაისის სასამართლოს აღმასრულებელი შ. კაკუშაძე და თავად ე. ფ-ძე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შესრულდა ქ. ქუთაისში, ... მდებარე მოქ. ე. ფ-ძის დამხმარე სათავსოს გადატანის სამუშაოები, კერძოდ, აშენდა ახალი სათავსო ე. ფ-ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, გაიზიდა ნარჩენები და გათავისუფლდა ტერიტორია, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 12903,6 ლარს, რაც განხორციელდა შპს “კომუნპროექტის” 1997 წლის 6 მარტის პროექტის შესაბამისად.
ქ. ქუთაისის სასამართლოს მოსამართლის 1997 წლის 16 ივნისის დადგენილებით, სააღსრულებო წარმოების მასალების საფუძველზე, ქ. ქუთაისის გზათა მეურნეობის სამმართველოს უფროსის ვ. ნ-იას მიმართ, იმ მოტივით, რომ მან გააჭიანურა და განზრახ არ შეასრულა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1992 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება ფ-ძეების კუთვნილი დამხმარე სათავსოს გადატანის ნაწილში, საქართველოს სსკ-ის 2033-ე მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე და დადგენილება, მასალებთან ერთად, წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად გადაუგზავნა ქ. ქუთაისის პროკურატურას. 1997 წლის 19 ნოემბრიდან ვ. ნ-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმე იმყოფება ქ. ქუთაისის შს სამმართველოს მოკვლევის ქვეგანყოფილების წარმოებაში და შემდგომში ამ საქმეზე გამოძიება არაერთხელ იქნა შეჩერებული. საბოლოოდ კი, ქ. ქუთაისის პროკურორის თანაშემწის მ. დ-ძის მიერ გამოტანილი 2000 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით (რომელსაც ამტკიცებს ქ. ქუთაისის პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე, ვ. ნ-იას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა მისი ქმედების არამართლწინააღმდეგობის გამო, რაც კანონიერად ჩათვალა იმერეთის საოლქო პროკურატურამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით დაზარალებული ა. ი-ია ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 იანვრის დადგენილების გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: ვ. ნ-იას მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გაჭიანურდა და ხელი შეეშალა უზენაესი სასამართლოს 1992 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც სრულად გამორიცხავს მის მიმართ სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს; გამოძიებამ სრულყოფილად არ შეასრულა გენერალური პროკურატურის 1999 წლის 12 აგვისტოს დადგენილების მითითებები, არ გაარკვია იმ თანამდებობის პირთა წრე, რომელთაც გარკვეული შეხება ჰქონდათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან, ხომ არ მოიპოვებოდა მათ ქმედებაში თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნები; მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი მოსამართლე გვენცაძის საქმის განხილვიდან აცილებისა, მან მაინც არ აიცილა საქმე, რაც გარკვეულად ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა დაზარალებულ ა. ი-იას განმარტება, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. პროკურორმა ე. ღ-შვილმა კანონიერად მიიჩნია გამოძიებისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის ყველა ვადა ამოწურულია და არ არსებობს არავითარი საფუძველი გამოძიების განახლებისათვის.
პალატა თვლის, რომ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2033-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების ან დადგენილების განზრახ შეუსრულებლობისათვის ან მათი შესრულების ხელის შეშლისათვის.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი, რომ ვ. ნ-იას არ ჰქონია მიზანი, განზრახ არ შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმეშია საკმაო მასალები, რომლებიც მიუთითებენ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე, რის გამოც დროულად ვერ მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ამის თაობაზე საკმაოდ არის მსჯელობა სასამართლოს დადგენილებაში.
პალატა აღნიშნავს, რომ ვ. ნ-ია არ წარმოადგენდა სსკ-ის 2033-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს, რადგან მას სასამართლოს გადაწყვეტილებით არ ჰქონია დავალებული გადაწყვეტილების აღსრულება და, ამდენად, იგი არ შეიძლებოდა განხილულიყო ამ დანაშაულის სუბიექტად. ამდენად, თავის დროზე ვ. ნ-იას მიმართ სსკ-ის 2033-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იყო უსაფუძვლო.
სასამართლომ სავსებით სამართლიანად მიიჩნია სწორად გამოძიების მიერ მიღებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და კანონიერად დატოვა ძალაში.
კერძო საკასაციო საჩივრის მითითება იმის თაობაზე, რომ არ შესრულდა გენერალური პროკურატურის სავალდებულო მითითება – სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან წინასწარმა გამოძიებამ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილება გამოიტანა სსკ-ის 2033-ე მუხლით გათვალისწინებულ ეპიზოდში. თუკი საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ჩადენილია სხვა დანაშაული, შეუძლია ზემდგომ ორგანოებს მიმართოს საერთო წესით.
რაც შეეხება მოსამართლის აცილების საკითხს, პალატა თვლის, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები მოსამართლე გვენცაძის აცილებისათვის, რის თაობაზეც გამოტანილია სათანადო დადგენილება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე, 243-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 იანვრის დადგენილება ვ. ნ-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.