დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.05.2022
საქმის ნომერი
ბს-156(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-156(კ-22) 11 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარ, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 23 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - გ. გ-ას მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) მოპასუხე გ. გ-ას დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზედმეტად ჩარიცხული ერთჯერადი დახმარების თანხის - 616 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა (იხ. სხდომის ოქმი 17.11.2015წ); ბ) მოპასუხე გ. გ-ას დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების - პლასტიკური (ID) ბარათის (..., 01.08.08წ.) დაბრუნება.

სარჩელის თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.12.09წ. №4586 ბრძანებით გ. გ-ა გათავისუფლდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან. 2009 წლის 21 დეკემბერს გ. გ-ას სრულად ჩაერიცხა დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურება 2782,20 ლარი და ერთჯერადი გასასვლელი დახმარება 616 ლარის ოდენობით. გ. გ-ას 26.12.09 წლის დათხოვნის ბრძანებაში სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია მხარეთა შეთანხმება, რაც სადაო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამორიცხავდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზრაურების ვალდებულებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც გ. გ-ას მიერ 2009 წლის 26 დეკემბერს დაწერილ იქნა პატაკი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით და ამასთან, მის მიერ მოცემული დროისთვის ნამსახურობის ვადა აღემატებოდა 10 წელს, მხოლოდ ის გარემოება, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნა - მხარეთა შეთანხმება, არ შეიძლება გამხდარიყო მისთვის ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი. გ. გ-ა წარმოადგენდა რა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიმღებ სუბიექტს, უდავოდ არსებობდა მისთვის აღნიშნული დახმარების ჩარიცხვის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი.

მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ შესაძლებლად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ ხანგრძლივი პერიოდის გასვლიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების - პლასტიკური (ID) ბარათის (..., 01.08.08წ.) გ. გ-ასთან რეალურად მატერიალური სახით არარსებობა და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ მოპასუხეს ვერ დაევალება იმ დოკუმენტის მოსარჩელისთვის გადაცემა, რომელიც ფიზიკურად არ გააჩნია. შესაბამისად, პლასტიკური (ID) ბარათის გ. გ-ასთან არარსებობის პირობებში, არ არსებობს მოთხოვნილი დოკუმენტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაბრუნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სასარჩელო მოთხოვნის წარმოდგენის დროისთვის გასული იყო აღნიშნული დოკუმენტის მოქმედების 4 წლიანი ვადა, ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში ასევე არსებობდა მისი ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ჩამოწერის შესაძლებლობაც.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის 06.05.2015 წლის №344374 წერილიდან დგინდება, რომ გ. გ-ას ანგარიშზე ჩარიცხული თანხა - 616.00 ლარი წარმოადგენდა სხვაობას დარიცხული ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხასა (1070.00 ლარი) და მასზე ზედმეტად გაცემული შრომის ანაზღაურების თანხას (454.00 ლარი) შორის. ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხა დაანგარიშებულ იქნა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007 წლის №560 ბრძანების 27-ე პუნქტის საფუძველზე (იმ დროს მოქმედი რედაქციით), მაგრამ როგორც თანხის ჩარიცხვის შემდგომ გახდა ცნობილი, აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდებოდა მხარეთა შეთანხმებით დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორიაზე. ვინაიდან, პოლკოვნიკი გ. გ-ა დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის №4586 ბრძანების თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) შესაბამისად, ზედმეტად ჩარიცხული ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხა - 616.00 ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ პირადი განცხადების საფუძველზე გამოცემული აქტი სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შესახებ იგივეა, რაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოცემული აქტი და იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები აქვს 10 წელზე მეტი, შეუძლია ისარგებლოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007 წლის №560 ბრძანების 27-ე პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით ისევე, როგორც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დათხოვნილმა სამხედრო მოსამსახურემ.

კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პლასტიკური (ID) ბარათის გ. გ-სთან რეალურად არსებობას. საქმეში წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს არაერთი წერილი (მაგ: 29.01.2014 წლის №52064, 01.10.2013 წლის №1/12/1/847 წერილები), რომელშიც მითითებულია, რომ გ. გ-ას არ დაუბრუნებია ID ბარათი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 დეკემბრის №4586 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი გ. გ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების) საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ გ. გ-ას ნამსახურობა აღემატებოდა 10 წელს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის საფინანსო განყოფილებამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 27-ე პუნქტის საფუძველზე, 2010 წლის 23 თებერვალს, გ. გ-ას სს „...ს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე (№...) ჩაურიცხა დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება (ერთჯერადი გასასვლელი დახმარება) 616.00 ლარის ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციით, გ. გ-ასთვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ჩარიცხვა მოხდა შეცდომით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კერძოდ, მოპასუხეს სადავო თანხა ჩაერიცხა სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 27-ე პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ნორმა კი ამ სახის სოციალური დახმარების გაცემას ითვალისწინებს იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილნი არიან პირადი განცხადების (სურვილის) და არა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია გ. გ-ასთვის ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით მიღებული თანხის - 616 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება. ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების - პლასტიკური (ID) ბარათის (... 01.08.08) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთის დაბრუნების დავალება.

ზემოაღნიშნული ბრძანების (26.09.2007წ. №560) (ძალადაკარგულია - 15.01.2018, №1) სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის 27-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე და ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ორმაგი ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის სამსახურიდან დათხოვნას წინ უსწრებდა გ. გ-ას პირადი განცხადება (პატაკი) სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. სწორედ აღნიშნული პატაკის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული გ. გ-ა სამსახურიდან, თუმცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 დეკემბრის №4586 ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (მხარეთა შეთანხმება). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ დამსაქმებლის მიერ პირის პირადი განცხადებით სამსახურიდან დათხოვნის დროს, გარკვეულწილად, ადგილი აქვს მხარეთა შეთანხმებას, მართალია, პირი თავისი ინიციატივით (სურვილით) წარუდგენს უფლებამოსილ პირს წერილობით განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე, მაგრამ ამ განცხადების დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილების საკითხს წყვეტს დამსაქმებელი და განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ადგილი აქვს, სწორედ მხარეთა (დამსაქმებლისა და დასაქმებულის) ნების თანხვედრას.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 30 ივნისის №206 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) გაფორმებისა და გაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-10 და მე-11 მუხლების თანახმად, მოწმობის დაკარგვის, გაფუჭების, სხვისთვის გადაცემის, ანგარებითა და სხვა პირადი მიზნებისათვის გამოყენების ყოველ ფაქტზე ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა, მიიღება ზომები დაკარგული პირადობის მოწმობის საპოვნელად, დგება პირის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი, დაკარგული პირადობის მოწმობები ცხადდება ძალადაკარგულად და ჩამოიწერება. მოწმობა გაიცემა 4 წლის ვადით.

დადგენილია, რომ მოპასუხეს სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ არ დაუბრუნებია პლასტიკური ბარათი, იმ დასაბუთებით, რომ მას მითითებული დოკუმენტი არ გააჩნია (იხ. 2021 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 16:36:00-16:36:23). საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ ხანგრძლივი პერიოდის გასვლიდან გამომდინარე მოცემული ბარათის გ. გ-ასთან რეალურად მატერიალური სახით არარსებობას და იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მოპასუხეს ვერ დაევალება იმ დოკუმენტის მოსარჩელისთვის გადაცემა, რომელიც ფიზიკურად არ აქვს. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სასარჩელო მოთხოვნის წარმოდგენის დროისთვის გასული იყო აღნიშნული დოკუმენტის მოქმედების 4-წლიანი ვადა, ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში, ასევე არსებობდა მისი ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ჩამოწერის შესაძლებლობაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე